ვარლამ კილასონია: გვენდობიან და ამიტომაც არიან ჩვენთან...

AutoSharing Option
"რუსთავი" პირველი ლიგის "თეთრ ჯგუფს" 3 მატჩში 3 მოგებით, უდანაკარგოდ ლიდერობს. ბოლო ტურის მატჩში, რომელიც "ფოლადზე" გაიმართა, ვარლამ კილასონიას გაწვრთნილებმა ცხინვალის "ლიახვთან" 5:2 გაიმარჯვეს, ხოლო გუნდის ახალწვეულმა ბესიკ ჩიმაკაძემ 23 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

"რუსთავი" გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. შარშანდელი მძიმე სეზონის შემდეგ კლუბი, რომელსაც ბადრი მაჭავარიანი და ლევან სილაგაძე ხელმძღვანელობენ, ფეხზე მას შემდეგ დადგა, რაც ვარლამ კილასონია ბოლნისის "სიონიდან" დაბრუნდა.

მან და კლუბის თავკაცებმა გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე ძლიერი მოთამაშეები შეკრიბეს და ამბიციური გუნდის ჩამოყალიბა მოახერხეს, რომელიც თავს უმაღლეს ლიგაშიც არ შეირცხვენდა:
მეკარეები - მიხეილ ალავიძე და დავით ლეგაშვილი, მცველები - ვარლამ კილასონია, გიორგი ლემონჯავა, ავთო ბრაჭული, გიორგი ნარიმანიძე, ნახევარმცველები - მერაბ გიგაური, დათა სიჭინავა, გამოცდილი ფორვარდი - ბესიკ ჩიმაკაძე.

კილასონია უარყოფს გავრცელებულ ხმებს, თითქოს, "რუსთავს" ვინმე ეხმარება:

"სეზონი კარგად დავიწყეთ და ბევრი ფიქრობს - რადგან ამდენი ძლიერი ფეხბურთელი დავიმატეთ, თითქოს სპონსორი გაგვიჩნდა. ტყუილია, ჩვენც იგივე 200-ათასლარიანი დაფინანსება გვაქვს, რაც - პირველი ლიგის სხვა კლუბებს. არანაირი დამატებითი სახსრები არ გაგვაჩნია.

უბრალოდ, უმაღლეს ლიგაში ნათამაშებ ფეხბურთელებს ფორმის აკრეფა სურდათ და ჩვენთან თამაში მოინდომეს. ალბათ, ამაში თავისი როლი ჩვენ მიმართ ნდობის ფაქტორმაც ითამაშა. ბევრ მათგანთან მიმუშავია, მიცნობენ და მიხარია, რომ ჩვენთან არიან", - ამბობს კილასონია და იქვე დასძენს:

"ჩვენ 3 მატჩი ჩავატარეთ და სამივე მეტოქემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა - წყალტუბოს "სამგურალმაც", ტყიბულის "მეშახტემაც" და "ლიახვმაც". მგონია, რომ ისინი ბოლომდე იომებენ.

ყველაზე ძლიერ გუნდებად მარტვილის "მერანსა" და ხობის "კოლხეთს" დავასახელებდი. მათ შემადგენლობები საგრძნობლად გააძლიერეს და პრო 2-ში მოხვედრის რეალური კანდიდატები არიან.

საერთოდ, გარდამავალი ჩემპიონატი ძალიან რთულიც იქნება და მოულოდნელობებით სავსეც".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხობი და მარტვილი იბრძოლებსო მართალია,აბა დანარჩენთან შეკრული ხარ და...
იუვენტუსი
17:55 07-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული