უმაღლესი ლიგის V ტურის წინ: ვის უფრო მოუხდა პაუზა?

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზა დასრულდა და შაბათ-კვირას უმაღლესი ლიგის გათამაშება განახლდება. წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ მეტად საინტერესო ტური გველოდება და, რაც მთავარია, ორივე ჯგუფის სატურნირო ცხრილში სერიოზული გადაადგილებებია მოსალოდნელი.

ეგ კი არა, ძალიან დიდი შანსია, რომ ორივეში თუ არა, ერთ ჯგუფში მაინც შეიცვალოს ლიდერი: ამ ტურში ხომ ორივე ჯგუფის ლიდერები (ბათუმის "დინამო", "ჩიხურა") ისვენებენ!

არანაკლებ საინტრიგო სიტუაციაა იმ გუნდებთან დაკავშირებითაც, ეს გარდამავალი ჩემპიონატი წარუმატებლად რომ დაიწყეს და V ტურშიც, სულ მცირე, ორი ისეთი დაპირისპირება გველოდება, "ექვსქულიანს" რომ ვუწოდებთ ხოლმე...

თეთრი ჯგუფი
10.09. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 17:00
გურია-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: პატერსონ კაბორე (გურია) - ბექა ტუღუში (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
29: +9 =3 -17, 38:63

ორივე გუნდმა გარდამავალი ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო: "გურიაც" და "ტორპედოც" კვლავაც მოუგებლად აგრძელებენ ასპარეზობას.

მოვლენების ასეთი განვითარება კი მოულოდნელი უნდა ყოფილიყო "ტორპედოს" ქომაგთათვის: ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხომ ქუთაისურ კლუბში უამრავი საკადრო ცვლილება მოხდა და ახალ ხელმძღვანელობას სავსებით რეალური ამბიციაც უნდა ჰქონოდა. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, კობა ჟორჟიკაშვილის დამოძღვრილ "ტორპედოს" ამ გარდამავალ ჩემპიონატში ჯერ თამაშიც არ მოუგია და... გოლიც არ გაუტანია!

ოდნავ "უკეთეს" სიტუაციაშია კიდევ ერთი დიდი ტრადიციების მქონე გუნდიც: "გურიამ" მხოლოდ წინა ტურში შეძლო ჩემპიონატში პირველი გოლის გატანა, მაგრამ არც ეს ფაქტი აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ლანჩხუთელთა გუნდს პირველი გამარჯვება ეზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთში უკვე "მოასწრეს" საკადრო ცვლილების გაკეთება: წინა ტურში (სტუმრად, "ლოკომოტივთან") გუნდს უკვე ახალი მწვრთნელი მოძღვრავდა. ჰოდა, უკრაინელ სპეციალისტს ოლეგ ლეშჩინსკის ამჯერად უკვე მომთხოვნი ლანჩხუთელი გულშემატკივრების წინაშე მოუწევს გუნდის გაყვანა და რთულზე რთული მატჩიც ელოდება ასევე მოგებადანატრებულ მეტოქესთან.

10.09. თბილისი. მიხეილ მესხი. სათადარიგო. 17:00
ცხინვალი-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
11: +3=4 -4, 12:14

შაბათს, ვაკეში საინტერესო მატჩის მომსწრენი უნდა გავხდეთ: ორივე გუნდს აბსოლუტურად სამართლიანი პრეტენზია აქვს ამ ჯგუფში ზედა სამეულში რომ დაიმკვიდროს ადგილი.

ისიც აღსანიშნავია, რომ "ცხინვალიც" და "ლოკომოტივიც", ფაქტობრივად, ერთნაირი მაჩვენებლებით ხვდებიან ამ ტურს: თითო-თითო მოგება, ფრე და წაგება! თუმცა, "ლოკომოტივისგან", ალბათ, უფრო მეტსაც ველოდით, გამომდინარე იქიდან, თუ კონტინგენტია თავმოყრილი ჟერარდ სარაგოსას დამოძღვრილ გუნდში.

აი, "ცხინვალი" კი, მეტოქისაგან განსხვავებით, ვერც ფინანსური სტაბილურობით დაიკვეხნის და ვერც სერიოზული კონკურენციით ძირითად შემადგენლობაში; უფრო პირიქით არის, მაგრამ მატერიალური თუ ადამიანური რესურსის სიმწირის მიუხედავად, "ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა მაინც ახერხებს იმას, რომ მუდამ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჰყავდეს.

...ამ გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ წინა სეზონის უკანასკნელი ტურის მატჩი, სადაც "ლოკომოტივს", სულ მცირე, ქულა მაინც სჭირდებოდა უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შეენარჩუნებინა.

შინაარსიდან გამომდინარე დაძაბული გამოდგა ის მატჩი, ამავე სტადიონზე რომ გაიმართა ამა წლის 22 მაისს; სიტუაცია მაშინ უფრო დაიძაბა, თავისთვის არაფრისმომცემი მატჩის მეორე ტაიმში "ცხინვალი" რომ დაწინაურდა (გოლი ირაკლი ლექვთაძემ გაიტანა). თუმცა, "ლოკომოტივმა" შეძლო იმ გადამრჩენელი ქულის მოპოვება: გუნდს მხსნელად შეცვლაზე შემოსული მამია გავაშელიშვილი მოევლინა, რომლის ზუსტმა დარტყმამაც იმ მატჩის საბოლოო ანგარიში (1:1) დააფიქსირა...

11.09. თბილისი. დინამო არენა. 18:00
დინამო (თბ)-შუქურა
დისკვალიფიკაცია: გიორგი ჩელებაძე (შუქურა)
ურთიერთშეხვედრები
4: +4 =0 -0, 11:1

მოქმედმა ჩემპიონმა წინა ტურიც გამოტოვა და, აქედან გამომდინარე, "დინამოს" უკვე სამი კვირაა, ჩემპიონატის მატჩი არ ჩაუტარებია. თუმცა, ამ დროის განმავლობაში ჩვენ ყველაზე ტიტულიან გუნდში (და - კლუბშიც) საკმარისზე მეტი ცვლილებები მოხდა და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილებები მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო.

თუმცა, სამაგიეროდ, ბევრს გაუკვირდებოდა, ალბათ, ის ფაქტი, რომ თანამდებობა შეინარჩუნა იურაი იარაბეკმა: "დინამოს" მთავარი მწვრთნელი წლის ბოლომდე დარჩება თავის პოსტზე. თუმცა, სლოვაკ სპეციალისტს მანამდეც ვერ ექნება "მშვიდი" შემოდგომა: ამ ტურის მერე ხომ "დინამოს" 3 ურთულესი ("ლოკომოტივთან", "ტორპედოსთან", "ჩიხურასთან") დაპირისპირება ელოდება!

მანამდე კი "დინამო" თავის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქის დამარცხებას ეცდება და თუ ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა "შუქურა", სულ მცირე, ერთი კვირით "თეთრი ჯგუფის" ლიდერიც გახდება (ამ ტურში ხომ "ჩიხურა" ისვენებს).

"შუქურაზეც" ვთქვათ: თეიმურაზ შალამბერიძის გუნდს ჩემპიონატში ჯერ თამაში არ მოუგია, ახლა კი სერიოზული საკადრო პრობლემაც დაემატა - დისკვალიფიცირებულია ლიდერი გიორგი ჩელებაძე.

ამ გუნდებს შორის ბოლო დაპირისპირება "დინამოს" მინიმალური გამარჯვებით (1:0) დასრულდა, თუმცა 2016 წლის 22 მაისს გამართული ის მატჩი სხვა ფაქტით იყო დასამახსოვრებელი: იმ დღეს თავის მართლაც გამორჩეულ და ხანგრძლივ კარიერაში უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა ალექსანდრე იაშვილმა...

ამ ტურში "ჩიხურა" ისვენებს.

წითელი ჯგუფი
10.09. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 17:00
სიონი-ზუგდიდი
დისკვალიფიკაცია: რაფაელ ჩუკვურა (ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები
18: +7 =5 -6, 18:18

იმის მიუხედავად, რომ ორივე ჯგუფში ლიდერთა ცვლაა მოსალოდნელი, ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ბოლნისში უნდა გაიმართოს. უფრო ზუსტად, სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ "სიონისა" და "ზუგდიდის" მართლაც "ექვსქულიანი" დაპირისპირება უშეღავათოდ და საინტერესოდ ჩაივლის.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ამ ჯგუფში კი არა, საერთოდ, ჩემპიონატში მხოლოდ ორი გუნდია, სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ყველა მატჩი რომ წააგო და ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ გაირთულებს ერთ-ერთი გუნდი სატურნირო მდგომარეობას მორიგი წარუმატებლობის შემდეგ...

სეზონის დაწყებამდე ძნელი წარმოსადგენი იყო, ოთხი ტურის მერე "სიონს"... 0 ქულა თუ ექნებოდა. თუმცა, სიტუაციის გამოსასწორებლად დრო კიდევ არის და "სიონის" მწვრთნელთა "დუეტსაც" (არმაზ ჯელაძე, ლადო ბურდული), სავარაუდოდ, სერიოზული საკადრო გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ.

"ზუგდიდში" მიმდინარე საკადრო ცვლილებებს კი ბოლო არ უჩანს: აი, ახლაც, ამ ტურის წინ გუნდში კვლავაც გამოჩნდნენ ახალწვეული ლეგიონერები და არც ის სიტუაცია გაგვიკვირდეს, რომელიმე მატჩში ამ გუნდის ძირითადში ვერც ერთი ქართველი ფეხბურთელი რომ ვერ ვიხილოთ...

11.09. თბილისი. მიხეილ მესხი. 18:30
საბურთალო-დილა
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე კვახაძე (დილა)
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =0 -2, 2:5

"საბურთალომ" სეზონი მოგებით კი დაიწყო, მაგრამ პაბლო ფრანკო მარტინის გუნდმა მომდევნო ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო, რაც ამ ამბიციური გუნდისათვის დიდი ვერაფერი შედეგია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ "წითელი ჯგუფის" უმთავრეს ფავორიტად ("სამტრედიასთან" ერთად) სწორედ "საბურთალოს" მივიჩნევთ.

სამაგიეროდ, "დილა" და ამ გუნდის ახალგაზრდა თავკაცი უჩა სოსიაშვილი უმკლავდებიან ყველანაირ პრობლემებს (ფინანსურსა თუ საკადროს) და სამ ტურში მოპოვებული ორი გამარჯვებაც ამის ნათელი დადასტურებაა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ სანაკრებო პაუზის დროს "დილა" რამდენიმე ახალწვეულით გაძლიერდა და, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნიკა გელაშვილი უნდა ვახსენოთ...

11.09. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 17:00
სამტრედია-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
33: +9 =8 -16, 33:52

ამ ტურის კიდევ ერთი საინტრიგო დაპირისპირება სამტრედიაში უნდა გაიმართოს, სადაც "წითელი ჯგუფის" ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტად მიჩნეული მასპინძელთა გუნდი მიმდინარე სეზონის გუნდ-აღმოჩენას, "კოლხეთს" დაუპირისპირდება.

ფოთელთა გუნდის ასეთი წარმატებული თამაში, საერთოდაც, ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობაა სეზონის სტარტზე, თუმცა, მეორე მხრივ, როგორ შეიძლება შემთხვევითობასა თუ "სხვა ფაქტორებს" დააბრალოს ვინმემ გელა სანაიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "კოლხეთის" დამაჯერებელი სტარტი: ფოთელთა გუნდმა, თასზე თუ ჩემპიონატზე, ერთის გარდა, ყველა დანარჩენი მოიგო!

თუმცა, კვირას "კოლხეთს" ძალიან ძლიერი მეტოქე ეყოლება: გია ცეცაძის "სამტრედია" ჩემპიონატში წაუგებლად ასპარეზობს და ამ წარმატებული სერიის გაგრძელებასაც შეეცდება.

ამ ტურში ბათუმის "დინამო" ისვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
საერთოდ რათ უნდა ტორპედოს მწვრთნელი, მისი ხელი გუნდს არ ატყვია. კობას არ აქვს თავმოყვარეობა რომ გადადგეს, თუ კრიშა ინახავს.
გოგი
11:55 11-09-2016
0
ტორპედოს პრეზიდენტმა რატომ დატოვა ჟორჟიკაშვილი გუნდში, არ მგონია რომ შესტკივა გული გუნდზე,ქუთაისში ფეხბურთი აგონიაშია.
გოჩა
17:57 10-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული