10:59 12-09-2016
საბურთალო-დილა 2:1 - (არა)ჩვეულებრივი მატჩი, გელაშვილი კარში [VIDEO]
AutoSharing Option
"საბურთალომ" მატჩის ბოლოს გამოგლიჯა ხელიდან 3 ქულა "დილას". გორელთა დებიუტანტს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდ ნიკა გელაშვილს კი კარში ჩადგომა მოუხდა...
მაგრამ მოდით, ყველაფერზე თანმიმდევრობით. მატჩის პირველი სახიფათო მომენტი "საბურთალომ" შექმნა. თავის გამოჩენა გარსია პენას შეეძლო, თუმცა ესპანელი ფორვარდის დარტყმას სიზუსტე დააკლდა. ორივე გუნდი შედარებით ფრთხილობდა - ჩემპიონატის ახალი ფორმატიდან გამომდინარე, ყველა ქულას ოქროს ფასი ადევს...
27-ე წუთზე კი, ბევრი რომ არ მოელოდა, "დილამ" ანგარიში გახსნა. გორელებმა კარგად ჩაათამაშეს ბურთი. თენგიზ წიქარიძემ ალეკო გამცემლიძე მონახა, ამ ახალგაზრდას კი, გორელთა ბოლო მატჩებში თავი კარგად რომ წარმოაჩინა, სიზუსტემ არც ამჯერად უმტყუნა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გამცემლიძე სწორედ "საბურთალოში" ვარჯიშობდა. აქვე ვთქვათ, რომ თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდა "დილას" კიდევ ერთი ნახევარმცველი - რატი ცაცკრიალაშვილი.
გოლის გაშვების შემდეგ "საბურთალომ" შეტევა სცადა. გრიგოლ ჩაბრაძემ და თედორე გრიგალაშვილმა სახიფათო მომენტები ვერ გამოიყენეს. იყო "დილას" შანსიც. ნიკა გელაშვილმა მახვილი კუთხიდან კარს კარგად ვერ დაუმიზნა.
მეორე ტაიმში "საბურთალო" უფრო შემართული გავიდა სათამაშოდ. მართალია, მასპინძლებს ბევრი რამ არ გამოსდიოდათ და, ვფიქრობთ, პაბლო ფრანკო მარტინი ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩებოდა შეგირდების გარჯით, მაგრამ ისინი ამ ნაკლის კომპენსირებას განსაკუთრებული თავდადებით ცდილობდნენ.
კინაღამ გოლი მოჰყვა საბურთალოელთა გააზრებულ, ორსვლიან შეტევას. ის კარში დარტყმით სანდრო ალთუნაშვილმა დააგვირგვინა, თუმცა ნახევარმცველმა მიზანი კარგად ვერ გაისწორა და გორელები გადარჩნენ.
"საბურთალოს" ესპანელმა დამრიგებელმა ცვლილებებში მაგრად გარისკა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან მოხსნა მცველი გრიგალაშვილი, ვისაც მსუბუქი ტრავმა აწუხებდა და მის ნაცვლად მოიერიშე გიორგი კოხრეიძე შეუშვა. შესანიშნავად ჩაერთო თამაშში ბრაზილიელი ვაგნერიც...
73-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. ფლანგზე ნოდარ იაშვილმა ერთხელაც იაქტიურა, მის ჩაწოდებულს კი ფრანსისკო გარსია პენამ შედეგიანი თავური მოაყოლა. ცხადი იყო, მასპინძლები ბოლო წუთებზე თამაშის მოსაგებად გაიწევდნენ. ასეც მოხდა.
77-ე წუთზე "საბურთალომ" სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა. ვაგნერმა სასწაული სისწრაფე განავითარა, დაასწრო გორელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილს და ეს უკანასკნელი იძულებული იყო, "ბოლო იმედის" ჯარიმით შეეჩერებინა შემტევი.
არბიტრი ბაკურ ნინუა აბსოლუტურად სწორად მოიქცა. მან ჯარიმა დანიშნა გორელთა კარის მიმართულებით, ბეგაშვილი კი მინდვრიდან გააძევა. ამ დროს უჩა სოსიაშვილს ყველა შეცვლა გამოყენებული ჰქონდა. "დილას" კარის დაცვა გელაშვილმა ითავა. მან ორი ბურთის მოგერიება კი შეძლო, მაგრამ "საბურთალოს" მორიგი კუთხურისას, რა გასაკვირია და, დამაჯერებელი ვერ იყო გამოსვლაზე და შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა გაგი მარგველაშვილმა დაუცველ კარში მშვიდად გაიტანა.
"დილას" თამაშის გადარჩენა მაინც შეეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ ბოლოსწინა წუთზე მეკარე ბექა ქურდაძე უპატიებლად შეცდა. გიორგი ერისთავმა დარტყმა კი მოასწრო, მაგრამ ცარიელი კარიდან ბურთი "საბურთალოს" ერთ-ერთმა მცველმა გამოიტანა.
საბოლოოდ, ამ საფეხბურთო თრილერში გამარჯვება "საბურთალოს" დარჩა და დამსახურებულადაც იზეიმა გამარჯვება. უნდა ითქვას ისიც, რომ ორივე გუნდის ქმედებაში ბევრი წუნი იყო და სათაურმაც შეცდომაში არ შეგიყვანოთ - ის მხოლოდ შეხვედრის დრამატული სიუჟეტის გამო შევარჩიეთ.
საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. "წითელი ჯგუფი". V ტური
საბურთალო-დილა 2:1
11.09. თბილისი. "მიხეილ მესხი"
გოლები: 0:1 გამცემლიძე (27), 1:1 პენა (73), 2:1 მარგველაშვილი (88)
საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თედ. გრიგალაშვილი (66. კოხრეიძე), ჩაბრაძე (34. სოფრომაძე), ალთუნაშვილი, ტერა, ხარაიშვილი, ფანცულაია (55. ვაგნერი), ხარა, პენა.
სათადარიგოები: გოშაძე, მამუჩაშვილი, კარასკო, რუხაძე
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
დილა: ბეგაშვილი, სამხარაძე, სალუქვაძე, ღონღაძე, რაზმაძე (53. გავაშელიშვილი), ცაცკრიალაშვილი (46. ეტუ), გამცემლიძე (68. ერისთავი), ნონიკაშვილი, წიქარიძე, მოდებაძე, გელაშვილი.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ლომიძე, მიზრახი, ჩახვაშვილი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: გამცემლიძე (28), ტერა (36), ნონიკაშვილი (63), ალთუნაშვილი (87)
გაძევება: ბეგაშვილი (77)
არბიტრი: ბ. ნინუა.
მომდევნო ტური. 17 სექტემბერი
"წითელი ჯგუფი"
დილა-სამტრედია
დინამო (ბთ)-სიონი
ზუგდიდი-საბურთალო.
"თეთრი ჯგუფი"
ჩიხურა-გურია
ლოკომოტივი-დინამო (თბ)
ტორპედო-ცხინვალი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გელაშვილი მეკარეც კარგი ყოფილა. დინამოს გამოადგებოდა.
0
0
წითლები და თეთრები,ბოლშევიკები და მენშევიკები,კომკავშირელები და პიონერები,ბოლშევიკური რეფორმების ტერმინოლოგია.მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული