სამტრედია-კოლხეთი 2:0 - დამსახურებული და დამაჯერებელი

AutoSharing Option
"სამტრედიამ" და "კოლხეთმა" ჩემპიონატი კარგად დაიწყეს და მათი ურთიერთდაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი ბოლომდე გაივსო და როგორც ყოველთვის, სამტრედიის მთავარ არენაზე კარგი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა.

შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირიც ესწრებოდნენ...

მატჩი სამტრედიელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. შედარებით თანაბარი დებიუტის შემდეგ, მე-15 წუთიდან სამტრედიელთა უპირატესობა გამოიკვეთა. მასპინძლები მოკლე პასებით ცდილობდნენ ფოთელთა დაცვის გარღვევას და ეს კარგადაც გამოსდიოდათ.

სამტრედიელები შეტევისას ფლანგებსაც კარგად იყენებდნენ. მასპინძელთა პირველი რეალური საგოლე მომენტი
თეიმურაზ მარკოზაშვილის აქტიურობას მოჰყვა - მან მეკარის საჯარიმოსთან ახლოს ბაჩანა არაბულს უპასა, რომელსაც გოლის გასატანად საკმარისი სივრცე ჰქონდა, მაგრამ ბურთი ფეხზე აეჭრა და დარტყმა არ გამოუვიდა.

ცოტა ხანში ფოთელები კიდევ ერთხელ გადაურჩნენ გოლს, ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო დარტყმა ჩვეულ სტილში შეასრულა და სტუმრები გოლისგან ძელმა იხსნა. სამტრედიელთა მონდომებამ შედეგი მალე გამოიღო - უკვე მომდევნო შეტევისას შერგელაშვილმა მარცხენა ფლანგზე გაილაღა და საჯარიმოში ბუდუ ზივზივაძის მისამართით ზუსტი გადაცემა გააკეთა. ამ უკანასკნელმაც არ დაახანა და შეუჩერებელი დარტყმით მეკარე გაბრიელ თებიძეს შანსი არ დაუტოვა.

გოლის შემდეგ სტუმრები კარგა ხანს ვერ მოვიდნენ გონს და გია ცეცაძის შეგირდებს მათი დასჯა კიდევ შეეძლოთ. საგოლე მომენტები ჰქონდათ იმავე არაბულსა და ზივზივაძეს, მაგრამ ორივე მათგანის დარტყმა მიზანს მცირედით ასცდა.

მეორე ტაიმი სამტრედიელთა მწვავე შეტევებით დაიწყო და ისეთი მომენტი შეიქმნა, მასპინძელთა უპირატესობა აუცილებლად უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ზივზივაძეს არ გაუმართლა - არაბულის გადაცემის შემდეგ ის მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ... ბურთი ჯერ თებიძემ მოიგერია, ხოლო შემდეგ ხარიხას მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

ცოტა ხანში ფოთელებსაც შეეძლოთ გოლის გატანა. დავით ბოლქვაძემ საჯარიმო შეასრულა და ბურთი მეკარის საჯარიმოსთან ჩაჰკიდა. იქ ომარ მიგინეიშვილი გამოსვლაზე დამაჯერებლად ვერ გაისარჯა, თუმცა ბურთს ვერც გიორგი ნიქაბაძე და თამაზ ჟიშკარიანი შესწვდნენ, რომ კარში გადაეგზავნათ.

ამის შემდეგ იმერლებმა მორიგი სწრაფი შეტევა წამოიწყეს, გიორგი დათუნაიშვილმა მეტოქის საჯარიმოში არაბულთან "კედელი" გაითამაშა და შეტევა გოლით დააგვირგვინა.

მეორე გოლის შემდეგ მასპინძლები მოეშვნენ, რასაც "კოლხეთის" შტურმი მოჰყვა. განსაკუთრებით, მეორე ნახევარში შეცვლაზე შესული ნიქაბაძე აქტიურობდა. მან ზედიზედ ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა - მისი დარტყმის შემდეგ "სამტრედია" გოლისგან ჯერ მიგინეიშვილმა იხსნა, მეორე ეპიზოდში კი ულამაზესი "მაკრატელას" შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

კარგი მომენტი ჰქონდა ბოლქვაძესაც, რომელმაც შორიდან "დააქუხა" და მიგინეიშვილმა ბურთი კუთხურზე გაჭირვებით მოიგერია.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და "სამტრედიამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. "წითელი ჯგუფი". V ტური
11.09. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-კოლხეთი 2:0
გოლები: 1:0 ზივზივაძე (25. შერგელაშვილის პასით), 2:0 დათუნაიშვილი (62. არაბულის პასით)
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, რაჟამაშვილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (75. ცნობილაძე), მარკოზაშვილი (83. ჯიქია), არაბული, ზივზივაძე (90. ხაბეიშვილი).
სათადარიგოები: სტურუა, ახალაძე, იმედაშვილი, მთივლიშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
კოლხეთი: თებიძე, ჟიშკარიანი, რამალდანოვი, გოგონაია, ქებურია, ჩაკვეტაძე (64. ჯღამაია), ბოლქვაძე, კორობკა, ოზარკივი, ოვანკო (46. ნიქაბაძე), კაკულია (78. გედენიძე).
სათადარიგოები: ძაგანია, ბეჩეხია, ლუკავა, ნ. ტუღუში
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: მანჯგალაძე (44), ოზირკივი (53), მჭედლიშვილი (55), გოგიაშვილი (90)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

მომდევნო ტური. 17 სექტემბერი
"წითელი ჯგუფი"
დილა-სამტრედია
დინამო (ბთ)-სიონი
ზუგდიდი-საბურთალო.

"თეთრი ჯგუფი"
ჩიხურა-გურია
ლოკომოტივი-დინამო (თბ)
ტორპედო-ცხინვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კი დასცა გადასაწყობია,შერგელამ მეტი უნდა იზრუნოს დაცვაში ტავსი ფრონტზე ნამეტანი წინ მიდის, ან კიდევ პოზიცია უცვალოს მწვრთნელმა. გიგი მაღალი კი ნამეტანი წახდა ამ ბოლო დროს, დარბის მარა ვერაფერს აკეთებს, ამას კი მალე ცუდი ექნება შედეგი ძალიან, მთელი გუნდისათვის.
Jango
14:22 12-09-2016
0
Samtredia dzalian ĺamaz da texnikur pexburts tamashobs.. dzalian bevr moments qmnis, magram ramden momentsac qmnis imden shecdomas ushvebs dacvaa.. dacvis xazi ro dalagdes saqartveloshi yvelaze kargi gundi samtredia iqneba..
lado
13:10 12-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული