ირაკლი ძარია: სანაკრებო პაუზამ, რომ იტყვიან, სულზე მოგვისწრო...

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" გარდამავალ ჩემპიონატში პირველი 3 ქულა მე-5 ტურში მოიპოვა. არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის გაწვრთნილებმა "თამაზ სტეფანიაზე" "ზუგდიდი" 4:1 დაამარცხეს. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი ირაკლი ძარიამაც შეიტანა - ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებმა ნახევარმცველმა ანგარიში გახსნა და მთელი თამაშის განმავლობაში სტუმრებს მოსვენებას არ აძლევდა.

- სიონი-ზუგდიდი 4:1 - "სიონმა" გაიბრწყინა, ზუგდიდში ისევ კრიზისია

"წარუმატებელი სტარტის შემდეგ "სიონს" გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. საერთოდ, "სიონი" ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია და აქედან გამომდინარე, არა აუტსაიდერებში, არამედ ლიდერებში უნდა ვიყოთ.

მაგრამ სეზონის დაწყებას ბევრი მოთამაშე მოუმზადებელი
შევხვდით და ერთმანეთში შეთამაშებაც გვაკლდა. თავდაპირველი წარუმატებლობის მიზეზი სწორედ ეს იყო.

სანაკრებო პაუზამ, რომ იტყვიან, სულზე მოგვისწრო, კარგად მოვემზადეთ და უფრო შევთამაშდით.

წინ ჯერ კიდევ 8 ტურია დარჩენილი. იმედია, გაცილებით უკეთ ვითამაშებთ და ლიდერებთან ჩამორჩენას შევამცირებთ - ჩვენ ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. ახლა მთავარია, დარჩენილი მატჩებიც ისევე მაღალ დონეზე ჩავატაროთ, როგორც ეს "ზუგდიდთან" მოვახერხეთ", - ამბობს ძარია, რომელიც წლების განმავლობაში წამყვანი ქართული გუნდების - "ზესტაფონის", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" ღირსებას იცავდა.

27 წლის ფეხბურთელი საკუთარ ამბებსაც გვიყვება:

"ბოლნისში გადმოსვლამდე ბოლო ოფიციალური თამაში 22 მაისს გორის "დილაში" ჩავატარე. მას შემდეგ სამი თვე ისე გავიდა, არათუ არ მითამაშია, არც მივარჯიშია.

საქმე ისაა, რომ ახალ გუნდში გადასვლას ვიმედოვნებდი. ჯერ ყაზახეთში ვიყავი, სადაც პავლოდარის "ირტიშის" ვარიანტი არ გამოვიდა. ასევე მოხდა ისრაელის შემთხვევაშიც. ბოლოს ლადო ბურდულმა "სიონში" მიმიწვია და ამით იყო გამოწვეული, პირველ ტურებში თამაში რომ გამიჭირდა.

მინდა, ფორმა აღვიდგინო და ლადოს იმედები გავუმართლო. ნელ-ნელა უკეთესობას ვგრძნობ და იმედი მაქვს, მალე გუნდს უფრო მეტად გამოვადგები".

ძარია მიიჩნევს, რომ ბოლნისური გუნდი ლეგიონერებმა გააძლიერეს:

"ვინც ბოლო ტურში ჩვენი თამაში ნახა, ყველა აღიარებს, რომ სუშკინის სახით ძალიან კარგი თავდამსხმელი შევიძინეთ. სიმართლე გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, ქართული გუნდი ასეთ ლეგიონერს თუ ჩამოიყვანდა - მოძრავია, კარგად იხსნება, პირველი ბურთისთვისაც კარგად იბრძვის... მოკლედ, "სიონისთვის" დიდი ძალაა.

ლიტველი კალონასი ჯერ ფორმაში არაა, მაგრამ გამოცდილი ნახევარმცველია, ფორმას აღიდგენს და ისეთი კლასის მოთამაშეა, დარწმუნებული ვარ, გადამწყვეტ შეხვედრებში თავის სიტყვას ისიც იტყვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული