უმაღლესი ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
პირველი წრის ბოლოსწინა ტური, როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესოდ წარიმართა და ორივე ჯგუფის მატჩებიც უშეღავათო გამოდგა. რაც შეეხება სატურნირო ცხრილში ჩვენგან დაანონსებულ გადაადგილებებს, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუმცა, ორივე ჯგუფში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ერთი-ორი ტურის მერე, შესაძლოა, ყველაფერი თავდაყირა დადგეს.

ანუ, ესა თუ ის გუნდი, თავის ჯგუფში დღესდღეობით თუ პირველ სამეულშია, ერთი-ორი ტურის მერე, შესაძლოა, გასავარდნ ზონაში აღმოჩნდეს!

მოკლედ, ამ გარდამავალ ჩემპიონატს რასაც ვერ დავუკარგავთ, ეს ინტრიგაა, თორემ საერთო დონის ამაღლება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტრიბუნებზე გულშემატკივართა რაოდენობის გაზრდა თუ სხვა გამოკვეთილად დადებით
ტენდენციებზე ლაპარაკი, სამწუხაროდ, კვლავაც სამომავლოდ უნდა გადავდოთ.

...მანამდე კი ის გვინდა ვისურვოთ, რომ ამ გარდამავალი ჩემპიონატის ფინიშის მოახლოებასთან ერთად, რაც შეიძლება ნაკლები ისეთი მატჩი ყოფილიყოს, რომ მერე, ეჭვებსა თუ "უცნაურობებზე" არ გველაპარაკოს.

ნაკლები შედეგიანობა, ბევრი ლიდერი
დაძაბულობის მატებასთან ერთად არ უნდა გაგკვირვებოდა ის ფაქტი, რომ ნელ-ნელა შედეგიანობა მოიკლებდა; ასეც მოხდა: ორივე ჯგუფში გამართულ ექვს მატჩში 11 გოლი გავიდა. თუმცა, ეს არ არის ამ სეზონის ანტირეკორდი: პირველ ტურში ხომ მხოლოდ 6 გოლი გავიდა.

სხვათა შორის, სწორედ პირველ ტურში იყო, 6 მატჩიდან სამი რომ დამთავრდა ნულოვანი საყაიმო ანგარიშით და აი, თვე-ნახევრიანი პაუზის მერე, თითქმის იგივე გამეორდა: ამჯერად, ორი შეხვედრა დასრულდა ისე, მეტოქეებმა გოლი რომ ვერ გაიტანეს.

იმის მიუხედავად, რომ ბათუმის "დინამო" ისვენებდა, ლევან ხომერიკის დამოძღვრილმა გუნდმა მაინც შეინარჩუნა ლიდერობა "წითელ ჯგუფში", ოღონდ "სამტრედიასაც" იგივე რაოდენობის ქულა დაყგროვდა და ბათუმელები უპირატესობას მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ინარჩუნებენ.

აი, "თეთრ ჯგუფში" კი თბილისის "დინამომ" ზედიზედ მეორედ გაუშვა შანსი, რომ ლიდერი გამხდარიყო! შეგახსენებთ, რომ წინა ტურში (როცა "ჩიხურა" ისვენებდა), "დინამომ" საკუთარ მოედანზე ქულები გაუყო "შუქურას".

ჩემპიონმა ამჯერადაც ფრედ ითამაშა (აშკარად მომძლავრებულ და საკმაოდ ამბიციური მიზნების მქონე "ლოკომოტივთან"), არადა, ამ ჯგუფის ლიდერმა "ჩიხურამ", ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე წააგო "გურიასთან"!

მოკლედ, პირველი წრის ბოლო ტურის წინ "ჩიხურამ" კი შეინარჩუნა ლიდერობა, მაგრამ "დინამოც" კვალდაკვალ მისდევს და "ლოკომოტივიც"...

არანაკლები ინტრიგა
მოგეხსენებათ, რომ ამ გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საჩემპიონო პლეი ოფის მატჩებიც გველოდება და ასევე პლეი ოფის შეხვედრებით გაირკვევა იმ გუნდის ვინაობაც, საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილთან ერთად, მომავალ ზაფხულს, ევროპალიგის საგზურსაც რომ მიიღებს.

თუმცა, არანაკლებ საინტრიგო სიტუაციაა ორივე ჯგუფის ქვედა ნაწილშიც: ჯერჯერობით ხომ ვერც ერთ გუნდზე ვერ იტყვის ვერავინ, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი აღარ აქვსო.

ეგ კი არა, უახლოეს სანაკრებო პაუზამდე ორი ტურია ჩასატარებელი უმაღლეს ლიგაში და როგორც მიმოხილვის დასაწყისში ვახსენეთ, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი აუტსაიდერი... ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინოს, ან - პირიქით.

ამის დასტურად რამდენიმე მაგალითის მოყვანაც შეიძლება: არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის "ტანდემის" ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონმა" ბოლო ორ ტურში 4 ქულა აიღო და ბოლნისური კლუბის დღევანდელ მდგომარეობას საგანგაშო ნამდვილად აღარ ეთქმის.

იგივე სიტუაციაა "წითელი ჯგუფის" კიდევ ერთ აუტსაიდერთან მიმართებაშიც: ზედიზედ 4 წაგების შემდეგ, როგორც იქნა, "ზუგდიდმაც" გაიმარჯვა და ამ ჭეშმარიტად "ქართულ-უკრაინული" გუნდის პირველმა მოგებამაც, წესით და რიგით, გვარიანად უნდა შეაშფოთოს კონკურენტები.

რაც შეეხება "თეთრ ჯგუფს", ზედიზედ ორი მოგებით (გულახდილად რომ ვთქვათ, ერთმანეთზე მოულოდნელის) "გურია" სულაც IV ადგილამდე აღზევდა.

"ზუგდიდის" მსგავსად, ასევე პირველად გაიმარჯვა ჩემპიონატში "ტორპედომ" ახალი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით და ვის უნდა გაუკვირდეს, რომ ტიტულების რაოდენობით საქართველოს მეორე გუნდი უფრო მაღალი მიზნებისათვის არ იბრძოლებს?

რა თქმა უნდა, არც "შუქურა" და "ცხინვალი" აპირებენ "სტატისტის" როლში ყოფნას და ამ ორივე გუნდმა ეს უკვე დაამტკიცა ამ სეზონში.
აქვე, რახან "ცხინვალი" ვახსენეთ, ისიც გვინდა ვთქვათ, რომ ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, თბილისის "დინამოს" ყოფილ თავკაცსა და თავის დროზე ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს (უცხოურ კლუბებშიც რომ უთამაშია), კახა კაჭარავას გუშინ ლამაზი იუბილე ჰქონდა: 50 წელი შეუსრულდა! ჰოდა, "ლელოც" ულოცავს...

უკრაინელთა დომინირება
ამ სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ გარდამავალ ჩემპიონატში მართლაც სარეკორდო რაოდენობის ლეგიონერები მონაწილეობენ. თუმცა, ზოგ გუნდში უკვე სეზონის მსვლელობისას მოხდა გაცხრილვაც და, პირიქით - ახალი ლეგიონერების დამატებაც.

ლეგიონერთა მიმართებაში საპირისპირო (ამ შემთხვევაში - დადებითი) ტენდენციებიც შეინიშნება და ამის დასტურად, VI ტურის სიმბოლური ნაკრებიც გამოდგება, სადაც "ტურის მწვრთნელ(ებ)ად" უკრაინელი სპეციალისტები - ოლეგ ლეშჩინსკი ("გურია") და ვლადიმირ ლიუტი ("ზუგდიდი") ვაღიარეთ.

სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ ასევე უკრაინელი ფეხბურთელებიც: ევგენი მურაშოვი და ევგენი მოროზენკო (ორივე - "გურია").

შეგახსენებთ, რომ ოლეგ ლეშჩინსკის დამოძღვრილმა "გურიამ" ამ სეზონის ერთ-ერთი ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა, როცა გასვლაზე მოუგო ჯგუფის ლიდერსა და მანამდე დაუმარცხებელ "ჩიხურას".

ისე, ამ მატჩში საჩხერელთა გუნდის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნა თვალში მოხვდებოდა
კაცს, მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდში იმდენი კვალიფიციური ფეხბურთელია, როტაცია რომ გაეკეთებინა მთავარ მწვრთნელს, ამაზე ვინ უნდა მოდავებოდა?..

ლეშჩინსკიმ უკვე მეორე მატჩი მოიგო საქართველოს ჩემპიონატში, აი, მისმა სახელოვანმა კოლეგამ (ფეხბურთელობის პერიოდში ვგულისხმობთ) ლიუტიმ კი სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა და "ზუგდიდისათვის" ეს პირველი მოგება რამდენს ნიშნავდა, ამაზე საუბარიც ზედმეტია.

სხვათა შორის, "საბურთალოსთან" მატჩში ჩინებულად ითამაშა "ზუგდიდის" ასევე უკრაინელმა მეკარემ სერგეი ლიტოვჩენკომ. თუმცა, ამ ტურის საუკეთესო მეკარედ მაინც რევაზ თევდორაძე მივიჩნიეთ, რომლის ჩინებულმა რეაქციამ და დამაჯერებელმა თამაშმა "ლოკომოტივს" ქულა მოუტანა მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირებაში...

გამორჩეული ფაქტები
გასულ ტურში მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება და "გურიას" 21 წლის ფორვარდი ევგენი მურაშოვი, საერთოდაც, პირველი უცხოელია, მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში 2 გოლის გატანა რომ შესაძლო.

ცალკე გვინდა აღვნიშნოთ სამი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ჩინებული ასპარეზობაც (თანაც, არა მხოლოდ ამ ტურში): "ჩიხურას" ახალწვეულმა. 21 წლის საბა ლობჟანიძემ ჩემპიონატში VI გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა! აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძეს მხოლოდ პირველ ტურში არ გაუტანია გოლი იმ მარტივი მიზეზით, რომ... არ უთამაშია. აი, დანარჩენ ოთხ შეხვედრაში კი მოედნიდან უგოლოდ არ გამოსულა; ის მატჩიც (თბილისის "დინამოსთან") იმიტომ გამოტოვა, რომ "ჩიხურაში" სწორედ "დინამოდან" არის განათხოვრებული...

...18 წლის ალეკო გამცემლიძეს ზედიზედ სამი ტურია, ერთმანეთზე ეფექტური გოლები გააქვს მეტოქეთა კარში და ისიც ფაქტია, რომ ეს ნიჭიერი ფეხბურთელი სრულიად ამართლებს "დილას" ახალგაზრდა მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის ნდობას.

თუმცა, ამ ტურში გამცემლიძის გოლმა "დილას" ქულა ვერ მოუტანა: გია ცეცაძის დამოძღვრილი "სამტრედია", შინ თუ გარეთ, წაუგებლად ასპარეზობს და სრულიად სამართლიანად მიიჩნევა ამ გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად!

ნიკა ნარმანიაზეც ვთქვათ: "ზუგდიდის" 21 წლის ფეხბურთელი ამპლუით მცველია, მაგრამ ზედიზედ ორი მატჩია, გოლ(ებ)ი გააქვს, თანაც, ორჯერვე - შეცვლაზე შესულს...

ლომაია, ვაწაძე...
ამ გარდამავალ ჩემპიონატში უკვე შედგა ორი მართლაც ხმაურიანი დაბრუნება: გარკვეული პაუზის მერე კვლავაც საქართველოს ჩემპიონატში აგრძელებენ კარიერას ლადო დვალიშვილი (თბილისის "დინამო") და ლაშა სალუქვაძე ("დილა").

და, აი, გასულ ტურში არანაკლებ ხმაურიანი კიდევ ორი დაბრუნება შედგა: საქართველოს ჩემპიონატს შვიდწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა გიორგი ლომაია (თბილისის "დინამო"), ხოლო მათე ვაწაძე ("ლოკომოტივი") - სამწლიანი პაუზის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ლომაიასაც და მათე ვაწაძესაც თავიანთი ყოფილი გუნდების წინააღმდეგ მოუწიათ "დაბრუნების მატჩების" ჩატარებამ: როგორც მეკარე, "ლომა" ხომ სწორედ "ლოკომოტივში" ჩამოყალიბდა, ვაწაძის პირველი გუნდი კი თბილისის "დინამო" იყო, რომლის შემადგენლობაშიც უმაღლეს ლიგაში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური
თეთრი ჯგუფი
ჩიხურა-გურია 1:2
ტორპედო-ცხინვალი 3:1
ლოკომოტივი-დინამო თბ 0:0
შუქურა ისვენებდა

წითელი ჯგუფი
დილა-სამტრედია 1:2
დინამო (ბთ)-სიონი 0:0
ზუგდიდი-საბურთალო 1:0
კოლხეთი ისვენებდა

ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 4
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 4.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნიკა ნარმანიამ თავდასხმაში ითამაშა
zugdidi
17:01 20-09-2016
0
აქ რა უბედურება რა გოლის გატანის პრინციპით წერთ ამ ხალხს? ვერც ზივზივაძის, ვერ შერგელაშვილის, ვერც დათუნაიშვილის თამაშები ვერ დაინახეთ?
Jango
18:31 20-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული