იყო რუსეთის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების მთავარი გოლკიპერი, ხოლო 2011 წელს, 19 წლისა, მახაჩყალის "ანჟიში" მიიწვიეს, სადაც ვეტერანი ბრაზილიელი ვარსკვლავი რობერტო კარლოსი გამოდიოდა და დაღესტანში მიწვეულ დიად დიეგო
"ანჟიში" სათადარიგო მეკარეობიდან ის ნელ-ნელა ძირითადში დამკვიდრდა... მაგრამ, რაღაც ისე ვერ აეწყო და შემდეგ საქართველოში აღმოჩნდა, სადაც უკვე მეორე სეზონია, "შუქურას" კარს იცავს. თბილისის "დინამოსთან" ამასწინანდელ შეხვედრაში ჯიოევმა აჩვენა, რომ ჩელებაძე მაშინ არ აჭარბებდა - ქობულეთელთა მეკარე ძალიან საიმედოდ თამაშობდა და რამდენიმე ეპიზოდში მაღალი კლასიც გამოავლინა.
აზამატ ჯიოევი "ლელოსთან" ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოში, რას ფიქრობს თავის ამჟამინდელ გუნდსა და უმაღლეს ლიგაზე...
- როგორ მოხვდით საქართველოში?
- ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და ეს საკუთარ თავზეც ვიწვნიე... საქმე ისაა, რომ "ანჟიში" დიდი კონკურენცია იყო. მე კი გუუს ჰიდინკი ბევრ შანსს არ მაძლევდა. ახალგაზრდა მეკარე ვიყავი და ვხვდებოდი, რომ ასეთ ამბიციურ გუნდში უეჭველ პირველნომრობას არავინ მომანიჭებდა. მე კი სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა.
მახაჩყალელებთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტე და დროებით ნოვოჩერკასკის "მიტოსში" წავედი. ამ დროს, ბელარუსის ჩემპიონატის ლიდერ ერთ-ერთ გუნდში გადასვლით დამაიმედეს. ან ბატე-ში უნდა წავსულიყავი, ან მინსკის "დინამოში". მაგრამ ეს ვარიანტები არ გამოვიდა და უგუნდოდ დავრჩი. ამ დროს რევაზ ჩელებაძე დამიკავშირდა, რომელსაც მოსკოვის "სპარტაკიდან" ვიცნობდი და უთამაშებლობას, ცხადია, საქართველოში ჩამოსვლა ვამჯობინე.
- თქვენი აზრით, საქართველოს ჩემპიონატში და ქობულეთის "შუქურას" პირობებში შესაძლებელია, ისეთ ფორმაში შეხვიდეთ, რუსული კლუბები ხელახლა რომ დააინტერესოთ?
- ამის არათუ მჯერა, დარწმუნებულიც ვარ. ჯერ ახალგაზრდა ვარ, 25 წელი მეკარისთვის არაფერია და უიმედოდ რატომ უნდა ვიყო? ახლა ვფიქრობ, რომ ფორმა რაც შეიძლება სწრაფად აღვიდგინო და რუსეთში დავბრუნდე.
- საქართველოზე რა იცოდით და რა დაგხვდათ? დიდი სხვაობაა წარმოდგენასა და რეალობას შორის?
- ვიცი, რომ მეტ-ნაკლებად ძლიერი თბილისის "დინამო" იყო და ევროთასებზე სხვა გუნდებზე უკეთ გამოდიოდა. ხოლო პირობებზე წარმოდგენა ჯანო ანანიძისგან მქონდა, რომელსაც "სპარტაკიდან" ახლოს ვიცნობ. ასე რომ, ჩემთვის აქ მოულოდნელი არაფერი ყოფილა, მათ შორის, არც - პირობები.
- რბილად რომ ვთქვათ, პირობებით საქართველოს ჩემპიონატში რუსულისგან აბსოლუტურად განსხვავდება...
- ცხადია, ასეა. ასეც ვიცოდი, რომ რუსეთის დარი ფინანსები არ იყო. თავიდან გამიჭირდა შეგუება, როცა აქაური მოედნები და სტადიონები ვნახე. მაგრამ სათამაშოდ რომ გადიხარ, მერე ამაზე აღარ ფიქრობ. საქართველოს უმაღლესი ლიგა, დაახლოებით, რუსეთის პირველი ლიგის დონისაა, ხოლო რამდენიმე გუნდი - "დინამო", "ჩიხურა", "სამტრედია"... ერთი-ორი სხვაც რუსულ პრემიერლიგაში თამაშსაც მოახერხებდნენ.
- ხუმრობთ?
- არა, რატომ?! ქართული გუნდები რუსეთის პრემიერლიგის ლიდერებს ვერ გაუტოლდებიან, თორემ ხუთეულის ქვემოთ ყველა გუნდი მაღალი დონის ნამდვილად არ არის.
- ტემპსა და თამაშის დინამიკაში უდიდესი განსხვავებაა...
- რუსეთში არიან გუნდები, რომლებიც ლიდერებისთვის დამახასიათებელ ტემპში ვერ თამაშობენ. მე სხვა რამეს ვგულისხმობდი - აქ გამორჩეული პირობები და დონე არ არის, თორემ წამყვან ქართულ გუნდებში საინტერესო ფეხბურთელები არიან.
- საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რუსეთში აღარავის მიუწვევიხართ?
- სამწუხაროდ, არა. რუსეთში ყველა გუნდს რამდენიმე კარგი მეკარე ჰყავს, ამიტომ, ჩემი ამპლუის ფეხბურთელის ტრანსფერი საკმაოდ რთული საქმეა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"