12:41 26-09-2016
ცხინვალი-ჩიხურა 1:2 - გოლი მატჩის პირველ წუთზე [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივად წარიმართა, მაგრამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ცხინვალი" მძიმე მდგომარეობაშია. "ბაში-აჩუკის" არ იყოს, მასპინძლებს ჯერ სალამი არ ჰქონდათ დასრულებული, როცა საჩხერელებმა ანგარიში გახსნეს - პირველივე შეტევისას კორიფაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც დიმიტრი ტატანაშვილი თავით შესწვდა ბურთს და ზუსტად დაარტყა - 0:1.
თამაში საჩხერელთა უპირატესობით გაგრძელდა. ისინი მეტოქეს სისწრაფეში, მოძრაობასა და კლასში სჯობდნენ და ეს ლამის ყველა ორთაბრძოლაში იგრძნობოდა. მართალია, საბა ლობჟანიძემ ამჯერად ვერ გაიტანა და საგოლე გადაცემაც ვერ გააკეთა, მაგრამ "ცხინვალის" მცველები მაინც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
სადაც არ გაიხედავდით, ყველგან ლობჟანიძე (მეორე ტაიმში მარცხნივ გადავიდა) იყო. ის ქარივით დაქროდა და ყველაფერს ასწრებდა, 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა, დიდ სისწრაფეზე მოქმედებდა, თამაშის განმავლობაში ბევრი გადაცემა ჩაჭრა, დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევასაც, ამწვავებდა თითქმის ყველა იერიშს - ძალიან კარგი ინდივიდუალური თვისებების მიუხედავად, ამ ყველაფერს გუნდისთვის იყენებდა.
ძნელი სათქმელია, საქართველოს ჩემპიონატში ბოლოს ასეთი გამორჩეული მოთამაშე როდის გვყავდა. ეს ისეთი ფეხბურთელია, რომელიც თამაშის ბედს წყვეტს და ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი ნათელი წერტილია.
მე-14 წუთზე მან "ცხინვალის" კარისკენ შორიდან ძლიერად დაარტყა და რომ არა გიორგი ნადირაძე, სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდებოდნენ.
მალე სახიფათო შეტევა მასპინძლებმა წამოიწყეს, რომლის დაგვირგვინებას ჯაბა დვალი ცდილობდა, მაგრამ მეკარე დინო ჰამზიჩს ვერ აჯობა.
ტაიმის ბოლოს ფრუიძის შეგირდებმა კიდევ ორი სახიფათო შეტევა განახორციელეს: გიორგი ივანიშვილის გადაცემის შემდეგ კარში ისევ ტატანაშვილმა დაარტყა და მიზანს მცირე მანძილით ააცილა. ტაიმის ბოლოს კი, ივანიშვილმა იერიში უკვე ლობჟანიძეს გაუგრძელა, რომელიც მცველებს გასცდა და საჯარიმოში გიორგი გაბედავა შენიშნა, რომლის დარტყმული ნადირაძემ კუთხურზე მოიგერია.
მეორე ნახევარში "ცხინვალი" მოედანზე თამაშის შემოსატრიალებლად გავიდა. მაგრამ საჩხერელები ამისთვის კარგად მომზადებულები აღმოჩდნენ, მასპინძლებს "ფეხზე ასხდნენ" და პრესინგით უზღუდავდნენ თავისუფალ სივრცეს. ჯერ ლობჟანიძემ შეუტია სახიფათოდ, მერე კი გაბედავამ, მაგრამ მიზანს ვერც ერთმა ვერ მიაღწია.
...თუმცა სტუმრებმა მაინც გაიტანეს. მოედნის ცენტრთან შეტევა კორიფაძემ ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ ტატანაშვილი დატოვა - ნადირაძემ გუნდი გადაარჩინა, მაგრამ დამატებაზე ყველას თორნიკე გორგიაშვილმა დაასწრო და აქ მეკარე უკვე უძლური იყო - 0:2.
"ცხინვალი" რეალურად ამის შემდეგ გამოფხიზლდა, სტუმრები კი ოდნავ მოეშვნენ და კინაღამ დაისაჯდნენ: გიორგი კახელიშვილმა მეკარეს პირისპირ შეატოვა ნიკა გაბრიჭიძე, რომელმაც კარს ააცილა.
მერე ისევ ლობჟანიძემ შეუტია, ორ მცველს გაასწრო და საჯარიმოს სიახლოვიდან "მოჭრილმა" ბურთმა ხარიხა შეაზანზარა.
ცხინვალელებს ანგარიშის შემცირების შანსი კიდევ მიეცათ: ბაქარ ქარდავას დარტყმის შემდეგ ბურთი ხელზე მოხვდა გიორგი განუგრავას და არბიტრმა დაუფიქრებლად დანიშნა პენალტი, რომელიც ჯაბა დვალმა შეასრულა - დინო ჰამზიჩმა კუთხე კი გამოიცნო, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, ვერაფერს გახდა - 1:2.
"ცხინვალმა" ბოლოს მთელი ძალებით შეუტია და დაცვა გააშიშვლა, სტუმრებს კი ამით სარგებლობა შეეძლოთ: სწრაფი კონტრშეტევა ტატანაშვილმა გააგრძელა და მეკარესთან პირისპირ ლობჟანიძე დატოვა, რომელმაც მისთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ ბოლო მომენტში ნადირაძემ მაინც იყოჩაღა - თითებით შეწვდა ბურთს და "ცხინვალი" ერთხელაც გადაარჩინა, ოღონდ, მხოლოდ ამ ეპიზოდში, ზოგადად კი მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამგვარად, "ცხინვალი" 4 ქულით ჯგუფში მე-6 ადგილზეა და ცუდად აქვს საქმე, ხოლო საჩხერელებმა თბილისის "დინამოს" კიდევ უფრო გაუსწრეს, ლიდერობა განიმტკიცეს და საჩემპიონო პლეი ოფში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგეს.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური. თეთრი ჯგუფი
25.09. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ცხინვალი-ჩიხურა 1:2
გოლები: 0:1 ტატანაშვილი (1. კორიფაძის პასით), 1:2 გორგიაშვილი (69), 1:2 დვალი (82-პენ)
ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, თომაშვილი (35. გაბრიჩიძე), მაისაშვილი, ბაჩიაშვილი, ქარდავა, სულთანიშვილი, კახელიშვილი, ქოჩლაძე, შინდაგორიძე (54. მაქაცარია), დვალი.
სათადარიგოები: სომხიშვილი, ბ. გელაშვილი, ფირცხალავა, ტორჩინავა, მახარობლიძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ჩიხურა: ჰამზიჩი, თორ. გრიგალაშვილი, შ. კაშია, განუგრავა, კორიფაძე, გორგიაშვილი (70. ჩიკვაიძე), დობროვოლსკი, გაბედავა (87. სარდალიშვილი), ივანიშვილი, ს. ლობჟანიძე, ტატანაშვილი.
სათადარიგოები: სეფიაშვილი, გვალია, ლექვთაძე, დეკანოიძე, ჩიკვილაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: განუგრავა (82)
არბიტრი: ჯ. ხორავა.
VIII ტური. თეთრი ჯგუფი
1 ოქტომბერი
დინამო (თბ)-ჩიხურა
შუქურა-ტორპედო
ცხინვალი-გურია
ლოკომოტივი ისვენებს.
წითელი ჯგუფი
2 ოქტომბერი
საბურთალო-სიონი
სამტრედია-დინამო (ბთ)
კოლხეთი-ზუგდიდი
დილა ისვენებს
ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 4
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 4.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული