უმაღლესი ლიგის VIII ტურის წინ: გადამწყვეტი ეტაპი

AutoSharing Option
გარდამავალ ჩემპიონატში გადამწყვეტი მატჩების დრო დგება: შაბათისა და კვირის მატჩებით მეორე წრე იწყება! თანაც, ორივე ჯგუფის ექვსივე მატჩი ერთიმეორეზე საინტრიგოა და აღარაფერს ვამბობთ სატურნირო მნიშვნელობაზე - ისეთი ტური გველოდება, ფაქტობრივად, ყველა მატჩს "ექვსქულიანი დაპირისპირება" რომ შეიძლება ვუწოდოთ.

ამას გარდა, არანაკლებ ინტერესს იწვევს ის ფაქტიც, რომ ორ გუნდში ახალი მწვრთნელის დებიუტი უნდა შედგეს და ასე შემდეგ...
აქვე, იმასაც გეტყვით, რომ "თეთრ ჯგუფში" მატჩები შაბათს გაიმართება, "წითელ ჯგუფში" კი - კვირას, რის შემდეგაც უმაღლეს ლიგაში ორკვირიანი სანაკრებო პაუზა გამოცხადდება...

თეთრი ჯგუფი
01.10. ქობულეთი.
ჩელე არენა. 16:00

შუქურა-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: ზურაბ არზიანი (შუქურა) - ვახტანგ კვარაცხელია (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
7: +2 =3 -2, 9-9
პირველი წრე 0:0

მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდი "შუქურაა", ჩემპიონატში თამაში რომ არ მოუგია და, აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება ამ მატჩს მასპინძლებისათვის. თანაც, "შუქურას" ამ მატჩში ახალი მწვრთნელი დამოძღვრავს: გია გურული, რომელიც ბოლოს პირველ ლიგაში (ხობის "კოლხეთში") მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ გია გურული უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის მერე უბრუნდება და იმ გუნდში მივიდა, რომელიც ნამდვილად არ არის ურიგო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და მათ შორის, მისი ვაჟიც, სანდრო გურულიც უნდა ვახსენოთ.

ახალი მწვრთნელის ფაქტორი კი თუ რას ნიშნავს, ეს "ტორპედოს" ქომაგებს უნდა "დაეკითხონ": ქუთათურთა გუნდში კახა ჩხეტიანის მისვლის შემდეგ "ტორპედომ" ჩემპიონატის ორ მატჩში 4 ქულა მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.

01.10. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 16:00
ცხინვალი-გურია
დისკვალიფიკაცია: დავით მეგრელიშვილი (გურია)
ურთიერთშეხვედრები
7: +3=3 -1, 7-3
პირველი წრე 0:0

კიდევ ერთი "ექვსქულიანი მატჩი", სადაც წაგების შემთხვევაში მასპინძლები ისედაც არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო გაიუარესებენ; მაგრამ, ქრონიკულ (და ლამის მარადიულ) პრობლემებმოძალებული "ცხინვალის" გამარჯვების შემთხვევაში კახა კაჭარავას გუნდი მეტ-ნაკლებად "სამშვიდობო ზონაში" აინაცვლებს.

სხვათა შორის, სექტემბრის დასაწყისისათვის "ცხინვალი" 2 ქულით უსწრებდა "გურიას", მაგრამ ამ თვეში ჩატარებული სამივე მატჩი წააგო, მაშინ როცა უკრაინელი სპეციალისტის ოლეგ ლეშჩინსკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ლანჩხუთელთა გუნდმა ორივე მატჩი მოუგო ერთიმეორეზე ძლიერ მეტოქეებს. ჰოდა, ამის გამოც არის, "გურია" რომ დღესდღეობით ერთობ "კომფორტულ" პოზიციაზე (მეოთხე ადგილზე) იმყოფება.

01.10. თბილისი. დინამო არენა. 18:00
დინამო (თბ)-ჩიხურა
დისკვალიფიკაცია: რენე ფერეირა (დინამო)
ურთიერთშეხვედრები
15: +9 =4 -2, 37-10
პირველი წრე 0:0

მხოლოდ ამ ჯგუფის კი არა, საერთოდ, ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წყვილი: მოქმედი ჩემპიონი ჯგუფის ლიდერის წინააღმდეგ!

და არამხოლოდ ჯგუფის ლიდერის: რაც უნდა ფრთხილი და მოზომილი კომენტარები აკეთოს "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ, ფაქტია, რომ ამ გარდამავალ ჩემპიონატში საჩხერელთა გუნდს, პირველად თავის ისტორიაში, საჩემპიონო ამბიცია გაუჩნდა!

ოღონდ, ახლა ეს ამბიცია ნამდვილად არ უნდა იყოს უსაფუძვლო: საჩხერელთა გუნდის გამოცდილი და კვალიფიციური მწვრთნელის განკარგულებაში ხომ მშვენივრად დაბალანსებული შემადგენლობაა.

თუმცა, ამ ჯგუფში ისეთი სიტუაციაა, რომ მასპინძელთა გამარჯვების შემთხვევაში, ლიდერიც შეიცვლება: "დინამო" ქულებით გაუთანაბრდება "ჩიხურას", მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ექნება უპირატესობა.

არადა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, "დინამოს" უპირატესობა თვალში საცემია (ჩემპიონატზეც და თასზეც), თუმცა ჩემპიონატის ეგიდით გამართულ ორ მატჩში საჩხერელთა გუნდმა 4 ქულა აიღო. თუმცა, დღესდღეობით "დინამოში" ისეთი სიტუაციაა, არა გვგონია სტატისტიკა თუ "სასურველი მეტოქის" ფაქტორი იყოს აქტუალური თემა: მოქმედმა ჩემპიონმა ხომ ზედიზედ სამი მატჩი დაამთავრა ფრედ!

მაგრამ, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ "ჩიხურასთან" მატჩში "დინამოს" ახალი მწვრთნელი დამოძღვრავს: თუმცა, თამაზ სამხარაძე წლებია, რაც ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბში მუშაობს, 2010 წლის ბოლოს კი გარკვეული პერიოდი მთავარი მწვრთნელიც გახლდათ.

წითელი ჯგუფი
2 ოქტომბერი
თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 16:00
საბურთალო-სიონი

ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
კოლხეთი-ზუგდიდი

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 16:30
სამტრედია-დინამო (ბთ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
levani kaxeti

ნუ ინერვიულებ ფიფიას პასუხისნგებლობზე,ის ამ კლუბსი მეპატრონე და მფლობელი,მისი კერძო საკუთრებაა.

ძალიან მინდა რომ მოიგოს დღეს ტორპედომ და ჩიხურასთან ერთად ევროსაგზურისათვი ირბძოლოს, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი მეჩვენება,მითუმეტეს ქობულეთის უმსაგვსო მინდორზე.
QWERTY
15:13 01-10-2016
0
მოკლედ, არ ვიცი, "დინამომ" ახლაც რომ ვერ მოიგოს, ფიფიამ უნდა აგოს პასუხი იმ უპასუხისმგებლო საკადრო პოლიტიკაზე, რასაც წლებია აწარმოებს. ჩვენი საამაყო გუნდის ასე გამასხარავება არავის ეპატიება, ფიფია კი არა თვით ლეგენდარული ბორის პაიჭაძეც (ნათელში ამყოფოს უფალმა) რომ იყოს!
levani kaxeti
14:39 01-10-2016
0

სიახლეები პოპულარული