უმაღლესი ლიგის IX ტურის წინ: ერთმანეთზე მნიშვნელოვანი

AutoSharing Option
ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ, ამ უქმეებზე გარდამავალი ჩემპიონატი განახლდება და, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ამჯერადაც საინტერესო მატჩების მოლოდინი გვაქვს.

ფინიშის მოახლოებასთან ერთად სატურნირო ინტრიგა კიდევ უფრო მოიმატებს და უკვე ახლავე შეიძლება დაბეჯითებით იმის თქმა, რომ ჯგუფებში გამარჯვებულთა (ისევე, როგორც პრიზიორებისა და ევროტურნირებზე გამსვლელების) ვინაობას, ძალიან დიდი ალბათობით, ბოლო ტურ(ებ)ში შევიტყობთ.

მოკლედ, ჩემპიონატის ფინიშამდე დარჩენილი ეს 6 ტური ძალიან დაძაბული უნდა გამოდგეს და არც ის დაგვავიწყდეს, რომ თასის მფლობელის ვინაობაც წლეულსვე უნდა გაირკვეს.

სხვათა შორის, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალები ამ
ტურის მერე (19 ოქტომბერს) გაიმართება და უმაღლესი ლიგის ექვს გუნდს (თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი", "ჩიხურა", "სამტრედია", "კოლხეთი", "ტორპედო") საკმაოდ შემჭიდროვებული გრაფიკის პირობებში მოუწევს ერთი-მეორეზე უმნიშვნელოვანესი მატჩების ჩატარება.

თუმცა, ვიდრე სათასო დაპირისპირებები გაიმართება, მანამდე ხომ არანაკლებ საინტერესო და საინტრიგო ტური გველოდება, სადაც ექვსივე მატჩი ერთმანეთზე მნიშვნელოვანია.

თეთრი ჯგუფი
15.10. თბილისი. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 15:30
გურია-დინამო (თბ)
პირველი წრე 0:3
ურთიერთშეხვედრები
30: +3=4 -23, 21-85

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, მხოლოდ პირველ ორ წელიწადში იყო, როცა "გურია" ახერხებდა და მართლაც ღირსეულ კონკურენციას უწევდა თბილისის "დინამოს". სწორედ იმ პერიოდში (კონკრეტულად, მესამე ეროვნულ ჩემპიონატში) მოხდა, "გურიამ" რომ შესძლო ტიტულიანი მეტოქის დამარცხება.

აი, მომდევნო ორი გამარჯვებისათვის კი ლანჩხუთელთა გუნდის ქომაგებს... 21-წლიანი ლოდინი დასჭირდათ: "გურიამ" ჯერ 2013 წელს მოუგო თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, შემდეგ კი - 2014 წელს (თანაც - ეროვნულ სტადიონზე). აი, დანარჩენ შემთხვევაში კი "დინამო" თითმის ყველა შემთხვევაში უპრობლემოდ იმარჯვებდა და გამანადგურებელი ანგარიშით მოგებებიც არაერთი ყოფილა.

თუმცა, დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ სტატისტიკა აშკარად მეორეხარისხოვანი თემაა: წინა ტურში, უშუალო კონკურენტთან ("ცხინვალთან") წაგებამ "გურიას" სატურნირო მდგომარეობა ერთობ დაამძიმა.

რაც შეეხება ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონის სტატუსის მქონე გუნდს, შეგახსენებთ, რომ "დინამოს" ზედიზედ ოთხი მატჩია, რაც არ მოუგია. ისიც სათქმელია, "დინამოს" ძირითადი შემადგენლობის 6-7 ფეხბურთელი საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში იყო გამოძახებული და ახალი მწვრთნელის, თამაზ სამხარაძის განკარგულებაში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

ამას გარდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შუა კვირაში "დინამოს" ურთულესი სათასო პაექრობა ელოდება თანაქალაქელ "ლოკომოტივთან". არადა, ამ სეზონში ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს, იმავე "ლოკომოტივისაგან" განსხვავებით...

15.10. ივანწმინდა. 15:30
ჩიხურა-შუქურა
პირველი წრე 3:1
დისკვალიფიკაცია: ლევან კუტალია (შუქურა)
ურთიერთშეხვედრები
5: +3 =1 -1, 7-4

"ჩიხურა" ტურიდან ტურამდე ამტკიცებს თავის დიდ ამბიციას და ამის დასტურად, რაღა თქმა უნდა, წინა ტურში სტუმრად თბილისის "დინამოსთან" გამარჯვება იყო. თუმცა, სოსო ფრუიძის გუნდს ამიერიდან ყველა მატჩი გადამწვეტი ექნება: მით უფრო, რომ "შუქურაც" არანაკლებ მოტივირებული ესტუმრება ივანწმინდას.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთელთა გუნდმა მხოლოდ წინა ტურში მოახერხა ამ სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვება. თუმცა, ქობულეთელთა გუნდს ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რეალურად რომ შეუძლია ამ ჯგუფში გადამრჩენელი, IV ადგილის დაკავება.

სხვა საქმეა, თუ რამდენად მოახერხებს "შუქურა" ივანწმინდიდან ქულ(ებ)ის წამოღებას, თანაც, ქობულეთელებს წინა ტურის გმირი, ლევან კუტალია ("ტორპედოსთან" მატჩში "დუბლი" რომ შეასრულა) არ ეყოლებათ.

სხვათა შორის, "ჩიხურას" ერთდროულად ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა და ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ თასის მეოთხედფინალში საჩხერელთა გუნდს ამ სეზონის კიდევ ერთი გამორჩეული გუნდი, "სამტრედია" უნდა დაუპირისპირდეს...

15.10. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 19:00
ტორპედო-ლოკომოტივი
პირველი წრე 0:0
დისკვალიფიკაცია: გიორგი ხიდეშელი, გიორგი გაბაძე (ორივე - ლოკომოტივი)
ურთიერთშეხვედრები
29: +14 =8 -7, 35-22

ახალი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით "ტორპედომ" უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა, მაგრამ ამის შემდეგ ქუთაისელებმა ზედიზედ ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს და საქართველოს სამგზის ჩემპიონი გუნდი დღესდღეობით ბოლო ადგილზეა. თუმცა მეოთხე ადგილზე მყოფ "გურიას" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება და ამას გარდა, ლანჩხუთელებთან მატჩი საკუთარ მოედანზე უწევთ.

მაგრამ, ვიდრე ლანჩხუთელებთან უნდა ჰქონდეს დაპირისპირება, "ტორპედოს" ერთი-მეორეზე ურთულესი მატჩი ელოდება "თეთრი ჯგუფის" ლიდერებთან: "ლოკომოტივის" შემდეგ, ქუთათურები "ჩიხურას" უნდა ეთამაშონ სტუმრად...

...იმის გამო, რომ წინა ტურში"ლოკომოტივი" იცვენებდა, ჟერარდ სარაგოსას გუნდს უკვე... სამკვირიანი პაუზა გამოუვიდა ჩემპიონატში; ახლა გამოჩნდება, ასეთი ხანგრძლივი შესვენება როგორ იმოქმედებს ამბიციური მიზნების მქონე "ლოკომოტივზე". თანაც, ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ "ლოკომოტივი" თასზეც აგრძელებს ბრძოლას და შუა კვირაში თბილისის "დინამოსთან" ელოდება ურთულესი დაპირისპირება.

თავის ყოფილ გუნდთან მატჩში ჟერარდ სარაგოსას ძირითადი შემადგენლობის ორი მცველი არ ეყოლება, მაგრამ "ლოკომოტივი" ამ სეზონში, ალბათ, ერთადერთია გუნდია უმაღლეს ლიგაში, სადაც, ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე ორი თანაბარი ძალის ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას.

შენიშვნა: ცხინვალი ისვენებს

წითელი ჯგუფი
15.10. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 15:30
სიონი-სამტრედია
პირველი წრე 1:4
დისკვალიფიკაცია: ლაშა თოთაძე (სიონი)
ურთიერთშეხვედრები
25: +12 =6 -7, 38-33

იმის მიუხედავად, რომ "სიონი" 5 საფეხურითა და 10 ქულით ჩამორჩება "წითელი ჯგუფის ლიდერს (და, საერთოდ, ამ გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტს), მაინც ძნელია ამ წყვილში რომელიმე გუნდს ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ.

ბოლნისელებმა ამ ბოლო დროს შესამჩნევად რომ გამოასწორეს სატურნირო სიტუაციაც და თამაშის ხარისხიც, ამაზე ციფრებიც მოწმობს: არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის დუეტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა უკანასკნელ სამ მატჩში 5 ქულა აიღო!

აი, "სამტრედია" კი კვლავაც წაუგებლად ასპარეზობს და ისიც სათქმელია, რომ გია ცეცაძის შემტევმა გუნდმა ჩემპიონატში ბოლო თამაში წლეულს ხუთი თვის წინ წააგო, როცა წინა სეზონის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე დამარცხდა... "სიონთან"!

აქვე, შეგახსენებთ, რომ "სამტრედია" თასზეც აგრძელებს ბრძოლას და ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ასევე წინა სეზონში იყო, როცა "სიონი" და "სამტრედია" თასის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: პენალტების სერიამ და ბოლნისელთა გამოცდილი მეკარის მირზა მერლანის ვაჟკაცობამ გადაწყვიტა მაშინ ყველაფერი.

15.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:30
დინამო (ბთ)-კოლხეთი
პირველი წრე 5:0
ურთიერთშეხვედრები
50: +21 =12 -17, 64-51

ამ გარდამავალ ჩემპიონატში კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი ბათუმის "დინამოა" და ისიც უნდა ითქვას, რომ ლევან ხომერიკის გუნდს ჩემპიონატში ამა წლის 30 აპრილის მერე აღარ წაუგია! ანუ, ბათუმელთა გუნდის დაუმარცხებელი სერია წინა სეზონში დაიწყო და გარდამავალ ჩემპიონატში გრძელდება.

თუმცა, "დინამომ" ბოლოს ზედიზედ სამი ფრე ითამაშა და ამის გამოც არის, "სამტრედიას" რომ ჩამორჩება. ბათუმელები თასის გათამაშებას უკვე გამოეთიშნენ და მთელ აქცენტს ამიერიდან ჩემპიონატზე გააკეთებენ.

აი, "კოლხეთი" კი, ჩემპიონატშიც კომფორტულ პოზიციაზე იმყოფება და თასის მეოთხედფინალშიც პირველლიგელი მეტოქე ელოდება.

მესამეადგილოსან ფოთელებს უახლოეს მდევრებთან დიდი სხვაობა ნამდვილად არა აქვთ და გელა სანაიას სერიოზული საფიქრალი ექნება, თუ როგორ გამოიყენოს ეფექტიანად მის ხელთ არსებული რესურსი ორივე ფრონტზე.

16.10. ზედა ეწერი. 15:30
ზუგდიდი-დილა
პირველი წრე 1:4
ურთიერთშეხვედრები
19: +5 =5 -9, 19-36

ამ ტურის კიდევ ერთი პრინციპული დაპირისპირება, სადაც ასევე ძალიან ძნელია ფავორიტის "მოძებნა": მასპინძლები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსს, "დილას" კი ისეთი "უცნაური" სატურნირო მდგომარეობა აქვს, ორი ტურის მერე, ლიდერობაზეც შეიძლება გაუჩნდეს პრეტენზია, ასევე ორი ტურის მერე, შესაძლებელია, რომ მეტად და მეტად სახიფათო ზონაში აღმოჩნდეს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ მატჩში "ზუგდიდს" კიდევ ერთი ახალი მწვრთნელი (სეზონის დაწყებიდან, უკვე - მესამე!) დამოძღვრავს, თუმცა ლევან მიქაძე თავის წინამორბედთა (ოთარ გაბელია, ვლადიმირ ლიუტი) სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწორედ მისი თავკაცობით შეინარჩუნა "ზუგდიდმა" წინა სეზონში ადგილი უმაღლეს ლიგაში.

რაც შეეხება "დილას", ახალი სპონსორის მოსვლა, წესითა და რიგით, გორელთა გუნდზე დადებითად უნდა აისახოს. ჰოდა, ჩვენც უნდა ვივარაუდოთ, რომ უჩა სოსიაშვილი ზედიზედ მესამედ შეეცდება "დილამ" რომ ევროტურნირების საგზური მოიპოვოს.

შენიშვნა: საბურთალო ისვენებს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოეე ბათუმი ფანი ვერ გხედავ რაღაც,,, ხო არ გაყევი ურაგანს????????ჰა ჰა ჰა
ფოთი ფანი
19:50 16-10-2016
0
batu fani
14:03 15-10-2016
დღეს ჩელე არენაზე წვიმა შეწყდება. პოთს კი შტორმი გადაუვლის


ჰა ჰა ჰა ჰაააა

გადაუარა ბათუმის დინამოს ფოთის ქარიშხალმა? მართალია რევანში არ შესდგა ანგარიშით, მაგრამ დამარცხებით შესდგა.
სამტრედიაში რომ არ გამართლებოდათ ბათუმელებს,უკევ 6 ქულა ექნებოდათ დაკარგული.
რესპექტ სანაიას.

სამტრედიამ გააკოტრიალა სიონი
ზუგდიდი ხვალ მოიგებს ალბათ
Jango
18:44 15-10-2016
0

სიახლეები პოპულარული