სიონი-სამტრედია 0:3 - "სამტრედიამ" "სიონი" დააქვეითა [VIDEO]

AutoSharing Option
"თამაზ სტეფანიაზე" გამართულ შეხვედრაში ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი საკითხი ირკვეოდა: 9 ტურის შემდეგ, ბოლნისის "სიონმა" მხოლოდ 5 ქულა დააგროვა და "წითელ ზონაში" ბოლოსწინა, მე-6 ადგილზე იმყოფებოდა. ლიდერის დამარცხებით, არმაზ ჯელაძის გუნდი მდგომარეობას გაიუმჯობესებდა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იმედს დაიტოვებდა. ჯგუფის ლიდერ "სამტრედიას" კი კონკურენტებისგან უფრო მეტად დისტანცირებისთვის 3 ქულა ჰაერივით სჭირდებოდა.

"სიონი" მატჩს სერიოზული დანაკლისით შეხვდა: დისკვალიფიკაციის გამო, ლიდერის წინააღმდეგ ვერ ითამაშეს ლაშა თოთაძემ და დავით ხურცილავამ, კუნთი დაეჭიმა ირაკლი ძარიას, ხოლო დავით ვოლკოვი შეუძლოდ იყო და მხოლოდ მეორე ტაიმში ჩაერთო
თამაშში.

პირველი ნახევარი ძალზე სანახაობრივად, მაღალ ტემპში და დაძაბულად წარიმართა. ბოლნისელებმა თამაში აქტიური ზეწოლით დაიწყეს და რეალური საგოლე მომენტები სწრაფადვე შექმნეს. მაგრამ ვიაჩესლავ სუშკინს, რომელიც კუთხურის შემდეგ მეკარესთან მარტო დარჩა, ფეხი დაუსხლტა და მშვენიერი მომენტით ვერ ისარგებლა. მალე ის დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ჯანელიძემ გაიყვანა, მაგრამ მიზანს ამჯერადაც ააცილა.

ცხადია, "სამტრედია" გულხელდაკრეფილი არ მჯდარა და მეტოქეზე საკუთარი თამაშის თავს მოხვევას ცდილობდა. მათი ფლანგები აქტიურად და მწვავედ უტევდნენ. მაგალითად, ლაშა შერგელაშვილის წამოწყებულ შეტევას მოჭრილი დარტყმით გიორგი გამყრელიძე აგვირგვინებდა და კარს სანტიმეტრებში ააცილა.

მეტი სიზუსტე მასპინძელთა თავდამსხმელ ირაკლი სიხარულიძესაც მართებდა. ოთარ კობახიძემ ის მშვენიერ პოზიციაზე შენიშნა და ბურთი მცველებს შორის გადააწოდა, მაგრამ "სიონის" თავდამსხმელის დარტყმულზე მეკარე ომარ მიგინეიშვილმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და სტუმრები გადაარჩინა.

"სიონი" სწორედ ამ გამოუყენებელი მომენტებისთვის დაისაჯა: 35-ე წუთზე, გიორგი გამყრელიძემ საჯარიმოს ხაზთან მარტო დარჩენილი დავით რაჟამაშვილი შენიშნა, რომლის დარტყმულსაც ნიკა დაუშვილი თითებით კი შესწვდა, მაგრამ ბურთმა "ცხრიანი" მაინც მოძებნა - 0:1.

"სიონს" წონასწორობის აღდგენის შანსი ორჯერ მიეცა. ჯანელიძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავით მიმართულება შეუცვალა დავით სვანაძემ, კარის წინ კი ისევ სუშკინი აღმოჩნდა, მაგრამ დარტყმა ვეღარ მოახერხა.
ბოლო წუთზე, ცუდად მოგერიებული ბურთი რუსმა ლეგიონერმა კარისკენ კიდევ ერთხელ გაგზავნა, მაგრამ მიგინეიშვილმა ეს ხიფათიც განმუხტა.

მეორე ნახევარში ბოლნისელებს კიდევ ერთი შანსი მიეცათ - გიორგი ვასაძემ მცველს ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ დატოვა სუშკინი, რომელმაც კარს ამჯერადაც ააცილა და მალე მოედანიც დატოვა. უშედეგოდ დასრულდა გურამ გიორბელიძისა და ჯანელიძის შეტევებიც.

მე-60 წუთზე, "სიონის" სამწვრთნელო შტაბმა შეტევა გააძლიერა და ვა-ბანკზე წავიდა: სუშკინი ვოლკოვით შეცვალეს, მცველი ვასილიევი კი - თავდამსხმელ ჯაბა უგულავათი. მაგრამ "სიონმა" ამ ცვლილებით ვერ იხეირა, გია ცეცაძის გაწვრთნილებმა კი მასპინძლებს ცივი შხაპი გადაასხეს - სტუმართა დაცვა უფრო მობილიზებული გახდა, ნახევარდაცვა - დინამიკური, ხოლო შეტევა - მწვავე და, რაც მთავარია, შედეგიანი.

სწორედ აქ გამოჩნდა ზედ სეზონის დაწყებისას შეკრებილი ბოლნისური გუნდის ნაკლი - ზოგიერთმა მოთამაშემ მაღალ ტემპს ვეღარ გაუძლო. გამყრელიძის, რაჟამაშვილის, ბაჩანა არაბულისა და ბუდუ ზივზივაძის გამუდმებული მოძრაობები და სწრაფი გადაადგილებები მასპინძლებს ქანცს აცლიდა და ამას ლოგიკური შედეგიც მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ მოედანი მძიმე მდგომარეობაში იყო, სტუმრები სწრაფი და მწვავე კონტრშეტევების ორგანიზებას მაინც ახერხებდნენ.

ჯერ იყო და, რაჟამაშვილმა (რომელმაც შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა) მეკარესთან პირისპირ ბუდუ ზივზივაძე დატოვა, მან კი ბურთი ძელს მოარტყა. ორიოდე წუთში არაბულმა კარში "მოჭრილი" დაარტყა და დაუშვილმა გუნდი მშვენიერი ნახტომით იხსნა.

ბოლნისელებს სტუმართა შეტევებთან გამკლავება უფრო და უფრო უჭირდათ. 69-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე გოლიც გაუშვეს - დავით ჯიქიას მშვენიერი გადაცემის შემდეგ ზივზივაძე კარგ პოზიციაში გაიხსნა და ზუსტად დაარტყა - 0:2.

მე-80 წუთზე კი ისევ ზივზივაძემ იაქტიურა - მეკარესთან პირისპირ დარჩენილ დაუშვილს გასცდა, კარის წინ გახსნილი არაბული შენიშნა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.

"სამტრედიამ" გაიმარჯვა, ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა და საჩემპიონო პლეი ოფს კიდევ უფრო მიუახლოვდა. "სიონი" კი წაგებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. "ზუგდიდის" მოგების გამო, ბოლო ადგილზე აღმოჩნდა და ლიგაში დასარჩენად დარჩენილ ოთხ ტურში ქულების მაქსიმუმს უნდა მოუყაროს თავი.

უმაღლესი ლიგა. IX ტური. წითელი ჯგუფი
15.10. ბოლნისი. თამაზ სტეფანია
სიონი-სამტრედია 0:3
გოლები: 0:1 რაჟამაშვილი (33. გამყრელიძის პასით), 0:2 ზივზივაძე (69. ჯიქიას პასით), 0:3 არაბული (80. ზივზივაძის პასით)
სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე (46. გიორბელიძე), სვანიძე, ვასილიევი (68. უგულავა), კასრაძე, გაფრინდაშვილი, ვასაძე, ჯანელიძე, კობახიძე, სუშკინი (60. ვოლკოვი), სიხარულიძე.
სათადარიგოები: მერლანი, სანტოს ფერნანდესი, აბასალი, აფხაზავა.
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
სამტრედია: მიგინეიშვლი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, რაჟამაშვილი (85. მთივლიშვილი), მანჯგალაძე (88. ცნობილაძე), დათუნაიშვილი, გამყრელიძე (65. ჯიქია), არაბული, ზივზივაძე.
სათადარიგოები: მეშველიანი, მარკოზაშვილი, იმედაშვილი, ახალაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: კობახიძე (30), ჯანელიძე (33), რაჟამაშვილი (31), სანდოხაძე (44), გამყრელიძე (54)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

მომდევნო ტური
თეთრი ჯგუფი
22 ოქტომბერი
შუქურა-გურია

23 ოქტომბერი
დინამო (თბ)-ცხინვალი
ლოკომოტივი-ჩიხურა

წითელი ჯგუფი
22 ოქტომბერი
დილა-დინამო (ბთ)

23 ოქტომბერი
კოლხეთი-სიონი
სამტრედია-საბურთალო

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
ბ. ზივზიძაძე (სამტრედია) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბურდულის ბოლო შანსი ფოთში, სიონის წარმატება გადარჩენას ნიშნავს იმ რეგიონში სადაც ფეხბურთი კიდევ არსებობს.
dodo
08:51 18-10-2016
0
ვენაცვალე სამტრედიას და ბატუმის დინამოს
batumi.
21:19 17-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული