გიორგი ხარაიშვილი: "საბურთალოს" სამეულში მოხვედრაც შეუძლია

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "საბურთალო" გარდამავალ ჩემპიონატში დამაჯერებლად ვერ თამაშობს, გუნდის ლიდერი და კაპიტანი გიორგი ხარაიშვილი დარწმუნებულია, რომ თბილისურ კლუბს ევროსაგზურის მოპოვება შეუძლია.

"გარდამავალ ჩემპიონატში ბევრად უკეთ გამოსვლა შეგვეძლო, რადგან ამის რესურსი ნამდვილად გვაქვს. ბევრი დასანანი ქულა რომ არ დაგვეკარგა, ახლა უფრო მაღალ ადგილზე ვიქნებოდით. მაგრამ გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტური დარჩა, ისევე, როგორც წინა მატჩები, დარჩენილი შეხვედრებიც ყველა მნიშვნელოვანია. მთავარია, ამ 5 შეხვედრაში შეძლებისდაგვარად ბევრი ქულა მოვიპოვოთ.

ახლა ცხრილში ისეთი მდგომარეობაა, რომ ძნელია თქვა, საბოლოოდ, რომელი გუნდი რომელ ადგილს დაიკავებს.
მაგრამ რთული ჯგუფის მიუხედავად, "საბურთალოს" სამეულში მოსახვედრად ბრძოლა შეუძლია.

გარდამავალი ჩემპიონატი წინასგან იმით განსხვავდება, რომ მოკლე ტურნირია და შეცდომის დაშვების უფლება არა გვაქვს", - ამბობს ხარაიშვილი.

"საბურთალოს" 20 წლის კაპიტანმა სამწვრთნელო ცვლილებებზეც ილაპარაკა:

"პაბლო მარტინის წასვლის გამო ძალიან დამწყდა გული... ის მართლაც მაღალი დონის სპეციალისტია, კარგი საწვრთნელი პროცესი ჰქონდა და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ვფიქრობ, პაბლოს არ გაუმართლა. მინდა მას წარმატებები ვუსურვო...

მაგრამ "საბურთალოს" დაუბრუნდა გია ჭიაბრიშვილი, რომელსაც კლუბისთვის ბევრი რამ გაუკეთებია და მომავალშიც შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა. ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში მან სწორედ "სამტრედიასთან" გვიხელმძღვანელა, შემდეგ კი ახალგაზრდული ნაკრების სტაფში გადავიდა.

ღმერთმა ასე ინება, რომ მისი დაბრუნებაც ისევ "სამტრედიასთან" მატჩს დაემთხვა. ძალიან გვინდა, გუნდში მისი დაბრუნება ჯგუფის ლიდერთან წარმატებული თამაშით აღვნიშნოთ".

ხარაიშვილმა "საბურთალოს" ლეგიონერებზეც ილაპარაკა და მათ შორის საუკეთესოც დაასახელა:

"ჩვენი კლუბი აქცენტს საკუთარ აღზრდილებზე აკეთებს. თუმცა წლეულს "საბურთალოში" 5 ლეგიონერი ჩაირიცხა. უმეტესობა შეკრებაზე გვახლდა, შედარებით გვიან სანტი ხარა და ვაგნერი შემოგვიერთდნენ, თუმცა მათ გუნდთან ადაპტაცია სწრაფად გაიარეს.

ლეგიონერებიდან კენიელ ელვინ ტერას გამოვარჩევ, რომელიც "საბურთალოში" დაახლოებით ერთი წლის წინ მოვიდა. ელვინი უმატებს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება. ვფიქრობ, საქართველოს უმაღლეს ლიგაში ის საუკეთესო ჩამშლელ ნახევარმცველთა შორის დასახელებას იმსახურებს.

ის, რომ ელვინი ჩვენს კლუბში თამაშობს და პროგრესს განიცდის, ჭიაბრიშვილისა და მისი სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა".

მცირე ხნის წინ, ხარაიშვილმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშა:

"საწყენია, რომ ფრანგებთან დიდი ანგარიშით დავმარცხდით, მაგრამ ჩვენი გუნდის შენება ახლა და ამ თამაშით დაიწყო. ჰავრში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და დავინახეთ, რა ნაკლი უნდა გამოვასწოროთ, რაზე უნდა ვიშრომოთ...

ისიც დავინახეთ, რომ დიდი შრომა გვჭირდება. მსგავსი დონის ნაკრების წინააღმდეგ არასდროს მითამაშია. ფრანგები სულ სხვა სიმაღლეზე დგანან. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდის ბევრი წევრი მალე საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვდება. მიხარია, რომ ასეთ გუნდს გოლი გავუტანე...

ჩვენი მიზანია, საინტერესო და სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშოთ, ისეთი, გულშემატკივარს რომ ესიამოვნება. საამისოდ კი დრო გვინდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ კარგი რომ 9-0 არ წააგეთ სამტრედიაში!
ქვედა სამეულში მოხვედრა არ აგცდებათ
Guadua
00:38 24-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული