უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...

AutoSharing Option
...თვეზე ოდნავ მეტიც და ეს გარდამავალი ჩემპიონატი დამთავრდება, მერე კი ერთმანეთზე საინტრიგო პლეი ოფებიც დაიწყება და დეკემბერშიც არ გვექნება საქმე მოსაწყენად.

თუმცა, პლეი ოფის (საჩემპიონო, ევროპალიგის და გასავარდნი) მატჩებამდე ხომ კიდევ 5 ტურია დარჩენილი და იმდენად არაპნოგნოზირებადი ჩემპიონატია, რომ მართლაც ძალიან ძნელია წინასწარ საუბარი ამა თუ იმ გუნდის შანსებზე. აღარაფერს ვამბობთ ასე აშკარად მომრავლებულ და ასევე ბევრად აქტუალურ "ექვსქულიან მატჩებზეც", - ფაქტობრივად, ყველა ტურში, სულ მცირე, სამი-ოთხი ასეთი "შინაარსის" დაპირისპირებაა.

ანალოგიური სიტუაციაა ამჯერადაც: ორივე ჯგუფში, ფაქტობრივად, ყველა მატჩს უდიდესი სატურნირო
მნიშვნელობა აქვს; ერთადერთი, რისი თქმაც წინასწარ შეიძლება, ის არის, რომ როგორც არ უნდა დაამთავრონ თავიანთი მატჩები, ორივე ჯგუფის ლიდერები ("ჩიხურა", "სამტრედია") კვლავაც ცხრილის სათავეში დარჩებიან, სულ მცირე, ერთი კვირის განმავლობაში...

თეთრი ჯგუფი
23.10. თბილისი. მიხეილ მესხი. 15:00
ლოკომოტივი-ჩიხურა
პირველი წრე 2:3
ურთიერთშეხვედრები
5: +0 =3 -2, 5-7

გამორჩეულ სეზონს ატარებს "ჩიხურა": გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საჩხერელთა გუნდი გარდამავალ ჩემპიონატშიც წარმატებით გამოდის და თასის გათამაშებაშიც.

შეგახსენებთ, რომ შუა კვირაში "ჩიხურას" უმძიმესი მეოთხედფინალური დაპირისპირება ჰქონდა ამ სეზონის კიდევ ერთ გამორჩეულ გუნდთან "სამტრედიასთან" და პენალტების სერიაში გაიმარჯვა. თუმცა, ისევ ჩემპიონატს დავუბრუნდეთ და საჩხერელთა გუნდის მართლაც ჩინებულ შედეგზე კიდევ ერთხელ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ: სეზონის დაწყებიდან, "ჩიხურამ" სტუმრად 4 მატჩი ("შუქურასთან", "ტორპედოსთან", "ცხინვალთან", თბილისის "დინამოსთან") ჩაატარა და ოთხივე მოიგო.

ასეთი (100-პროცენტიანი!) შედეგი უმაღლეს ლიგაში გასვლით მატჩებში არც ერთ გუნდს არა აქვს და საინტერესოა, შეძლებს თუ არა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი სტუმრად დარჩენილი ორივე მატჩის მოგებას.

"ლოკომოტივს" კი ბოლო დროს საქმეები ცუდად წაუვიდა: შუა კვირაში თასიდან გამოვარდა, წინა უქმეებზე კი პირწმინდად დამარცხდა "ტორპედოსთან"; თანაც, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ორივე მატჩში "ლოკომოტივმა" 6 გოლი გაუშვა, მაშინ როცა წინა რვა შეხვედრაში (თასზეც და ჩემპიონატში) გუნდს საკუთარ კარში მხოლოდ 5 გოლი ჰქონდა გაშვებული. არადა, შუა კვირაში, "დინამოსთან" სათასო მატჩში "ლოკომოტივის" ძირითადში 6 ნომინალური მცველი იყო, თუმცა, როგორც გამოჩნდა, ვერც ამან მოიტანა შედეგი და ვერც შემადგენლობის მკვეთრმა როტაციამ.

საერთოდაც, ბოლო მატჩებია, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა ხშირ როტაციას მიმართავს, მაგრამ ბოლო ორი მატჩის შედეგებიდან გამომდინარე, ვერც ამან გაამართლა და ვერც კონკრეტული ფეხბურთელებისათვის ამპლუების შეცვლამ.

თუმცა, "ლოკომოტივს" მაინც მშვენიერი შანსი აქვს, ევროპის საკლუბო ტურნირების საგზურისათვის რომ იბრძოლოს...

23.10. თბილისი. დინამო არენა. 17:00
დინამო (თბ)-ცხინვალი
პირველი წრე 4:2
დისკვალიფიკაცია: გიორგი პაპუნაშვილი, რენე ფერეირა (ორივე დინამო)
ურთიერთშეხვედრები
22: +16 =4 -2, 62-20

ზედიზედ ორი მოგება (ჩემპიონატში და თასზე) იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ თბილისის "დინამომ" კრიზისული პერიოდი უკან მოიტოვა. თანაც, ამ ტურის მერე იმის ალბათობაც ხომ არის, "დინამო" რომ უფრო მიუახლოვდეს ჯგუფის ლიდერ "ჩიხურას".

თუმცა, თამაზ სამხარაძის დამოძღვრილ "დინამოს" კვლავაც სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციის გამო, გუნდს ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი (უჩა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, რენე ფერეირა) აკლია.

საერთოდ, ფეხბურთელების ტრავმებისგან (ისე, როგორც - დისკვალიფიკაცისგან) დაზღვეული არც ერთი გუნდი არ არის, მაგრამ თბილისის "დინამოს" მაინც არ უხდება ისეთი ფაქტები, როცა გუნდის ოფიციალურ განაცხადში 18 ფეხბურთელი... ვერ "გროვდება" (აი, როგორც "ლოკომოტივთან" სათასო მატჩში იყო).

ფინანსურად ყველაზე შეჭირვებული "ცხინვალი" კი დანებებას არ აპირებას და ყველანაირად მწირი რესურსის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსს. ეგ კი არა, კახა კაჭარავას გუნდისგან ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი და არც ის უნდა დაავიწყდეთ მასპინძელთა გამოცდილ მცველებსა და მეკარეს, რომ ბოლო მატჩებში მოედნიდან უგოლოდ არ გადიოდა "ცხინვალის" ასევე გამოცდილი ცენტრფორვარდი და ამ გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა დვალი.

ისე, "ცხინვალისათვის" გარკვეული პრობლემა შესაძლოა გახდეს ის ფაქტიც, რომ გუნდს მეტად ხანგრძლივი პაუზა გამოუვიდა: 1 ოქტომბრის მერე არ ჩაუტარებია ოფიციალური მატჩი.

ან ტურში "თეთრ ჯგუფში" ქუთაისის "ტორპედო" ისვენებს.

წითელი ჯგუფი
23.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
კოლხეთი-სიონი
პირველი წრე 2:0
დისკვალიფიკაცია: ომარ გოგონაია, დავით ბოლქვაძე, ლაშა ჯღამაია, იგორ ოზარკივი (ყველა კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
41: +18 =10 -13, 55-41

ამ ტურის ყველაზე არაპროგნოზირებადი წყვილი, სადაც არც ერთი შედეგი არ უნდა გაუკვირდეს არავის. ამ ჩემპიონატის დაწყების წინ ვინ იფიქრებდა, რომ ფინიშამდე 5 ტურით ადრე "კოლხეთი" მეორე ადგილზე იქნებოდა?! თუმცა, ახალგაზრდა სპეციალისტის, გელა სანაიას დამოძღვრილმა გუნდმა ისე "მიგვაჩვია" სიურპრიზებს, წესით, აღარაფერი უნდა გვიკვირდეს.

აი, "სიონი", კი, პირიქით, უფრო მაღალი ადგილებისათვის გვყავდა "შეგულებული" სეზონის დაწყების წინ, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო, ბოლნისელთა საყვარელი გუნდი დღესდღეობით ამ ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

თუმცა, არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის დუეტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონს" რეალურად შეუძლია სახიფათო ზონიდან "ამოსვლა" და "კოლხეთთან" ნეიტრალურ მოედანზე გასამართი მატჩის წინ, შესაძლოა, ამ წყვილის ფავორიტადაც მივიჩნიოთ.

გავითვალისწინოთ ისიც, რა საკადრო პრობლემები აქვს "კოლხეთს", რომელმაც რამდენიმე დღის წინ უმძიმესი სათასო მატჩი გადაიტანა - ფოთელთა გუნდს ძირითადი შემადგენლობის 4 ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება, რამდენიმე კი ტრავმირებულია.

23.10. სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 15:00
სამტრედია-საბურთალო
პირველი წრე 2:2
ურთიერთშეხვედრები
3: +1 =1 -1, 12-7

თითქმის სამი თვე გრძელდებოდა "სამტრედიას" წაუგებელი სერია და აი, შუა კვირაში, გია ცეცაძის გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა! სხვათა შორის, "სამტრედიას" ფატალურად არ უმართლებს ამ "საფეხბურთო ლატარიაში": თასის წინა გათამაშებაშიც პენალტების სერიაში დამარცხდა "სიონთან"...

ამიერიდან "სამტრედია" მთლიანად ჩემპიონატზე "გადმოერთვება" და ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აქამდე ასევე ბევრჯერ ნათქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: ამ გუნდს მშვენიერი შანსი აქვს, ჩემპიონობისათვის რომ იბრძოლოს.

სამაგიეროდ და ბევრისთვის მოულოდნელად, აშკარად განსხვავებული მიზნებისათვის (დღესდღეობით ასეა) მოუწევს ბრძოლა "საბურთალოს": სამმატჩიანი მოუგებელი სერია და გასავარდნი ზონაც გამოჩნდა.

ვნახოთ, როგორ შედეგს მოიტანს "საბურთალოში" მომხდარი საკადრო ცვლილება: შვიდთვიანი პაუზის მერე გუნდის მთავარ მწვრთნელად კვლავაც გიორგი ჭიაბრიშვილი იმუშავებს.

სხვათა შორის, ჭიაბრიშვილი წინა სეზონში "საბურთალოდან" იმის შემდეგ წავიდა, როცა "სამტრედიასთან" გასვლითი მატჩი დიდი ანგარიშით (2:8) წააგო...

ამ ტურში "წითელ ჯგუფში" "ზუგდიდი" ისვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული