თანაც, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები დარჩენილ მატჩებში, საქართველოს ჩემპიონის წოდებას ისეთი გუნდი მოიპოვებს, ადრე რომ არასდროს მოუპოვებია ოქროს მედლები! საჩემპიონო პლეი ოფის ერთი მონაწილე ("თეთრი ჯგუფიდან") უკვე ცნობილია ("ჩიხურა"), "წითელ ჯგუფში" კი დარჩენილ სამ ტურში, ალბათ, სასწაული უნდა მოხდეს, ეს პატივი "სამტრედიამ" რომ ვერ დაიმსახუროს.
დარჩენილ სამ ტურში
საინტერესო ფაქტია: იმავე "თეთრ ჯგუფში" მხოლოდ ერთადერთ გუნდს აქვს გარანტირებული მომავალ სეზონშიც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა (ისევ და ისევ "ჩიხურას"), აი, დანარჩენებს კი მართლაც მძიმე ფინიში ელოდებათ.
ეგ კი არა, ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდსაც არ გაუნაღდებია უმაღლეს ლიგაში დარჩენა. თანაც, თბილისის "დინამოს" ერთმანეთზე რთული მატჩები დარჩა ისეთ გუნდებთან, რომლებთათვისაც თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. თუმცა, ყველა შესაძლო ვარიანტზე სხვა დროს ვისაუბროთ, მანამდე კი გასული ტურის გამორჩეულ ფაქტებზე გვინდა ყურადღების გამახვილება, მით უფრო, რომ XI ტური (მოლოდინის საწინააღმდეგოდ) ერთობ შედეგიანიც გამოდგა და, ამას გარდა, სწორედ ამ ტურში დაფიქსირდა გარდამავალი ჩემპიონატის პირველი ჰეთ-თრიკი!
თუმცა, ჩვენი აზრით, გასული ტურის უმთავრესი მოვლენა მაინც "ჩიხურას" მორიგი წარმატებული მატჩი იყო, თანაც, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, სად და ვისთან მოიპოვა მორიგი 3 ქულა საჩხერელთა გუნდმა?!.
დამსახურებული პლეი ოფი
შემდგომში როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ყველა შემთხვევაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონი ყველაზე წარმატებულია "ჩიხურას" ისტორიაში! არაერთხელ გვითქვამს და დღეს კვლავაც გავიმეორებთ, რომ სტაბილური გარემოს ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია წარმატებისათვის. სწორედ ასეთი სტაბილური გარემოა შექმნილი "ჩიხურაში", სადაც უკვე წლებია "უხმაუროდ" მუშაობს სოსო ფრუიძე და ამ გამოცდილი სპეციალისტის დამოძღვრილი გუნდიც ალალად იმსახურებდა საჩემპიონო პლეი ოფში მონაწილეობას!
ახლაც, ამ ტურში "ჩიხურას" ნამდვილად არ ელოდა ჩვეულებრივი მატჩი: "ტორპედო" იმდენად არასახარბიელო სატურნირო სიტუაციაშია ჩავარდნილი, რომ ყველა მატჩში მაქსიმალური შედეგის მიღწევა ესაჭიროება.
ამ დროს კი "ჩიხურას", ერთი შეხედვით, უმარტივესი მიზანიღა რჩებოდა: სეზონის ბოლომდე დარჩენილ სამ ტურში სამი ქულის მოპოვება! თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ ეს "იმერული დერბი" ნეიტრალურ მოედანზე (გორში) გაიმართა და საჩხერელთა გუნდმა წარმატებული სერია ხომ გააგრძელა, ამას გარდა, არ უღალატა "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს და ზემოტივირებულ მეტოქესთან მატჩში მორიგი გამარჯვება იზეიმა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ჩიხურას" ორივე გოლი ერთიმეორეზე ეფექტურიც და, რაც მთავარია, გუნდური თამაშის კლასიკური მაგალითიც იყო! ჰო, ნამდვილად ასეა: 28 წლის თორნიკე გორგიაშვილის და 27 წლის ლაშა ჩიკვაიძის გოლებს წინ უძღვოდა მრავალსვლიანი კომბინაციები, სადაც, "ჩიხურას" ლამის ყველა ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას.
მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა "ჩიხურას" ერთ-ერთმა ლიდერმა და, საერთოდ, ამ გარდამავალი ჩემპიონატის ასევე ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ: 21 წლის შემტევ ნახევარმცველს ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ ორივე საგოლე კომბინაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ "ჩიხურას" ორ დღეში თასის ნახევარფინალი ელოდება, ისე, როგორც "ტორპედოს", ოღონდ ქუთათურთა გუნდს უმძიმესი მატჩები ელოდება ჩემპიონატში.
აქვე, ერთ ფეხბურთელზეც გვინდა ვთქვათ: "ტორპედოს" 20 წლის ნახევარმცველმა ოლეგ მამასახლისმა ამ ჩემპიონატში უკვე მეოთხედ შეასრულა პენალტი და ოთხჯერვე ზუსტი გახლდათ!
სერია შეწყდა, სერია გრძელდება...
ზედიზედ სამი წაგების გამოც იყო, "გურია" რომ ამ ტურს ბოლო ადგილზე მყოფი შეხვდა; თუმცა, უკრაინელი სპეციალისტის, ოლეგ ლეშჩინსკის დამოძღვრილმა გუნდმა ნანატრი გამარჯვება მოიპოვა და, რაც მთავარია, ერთ-ერთი უშუალო კონკურენტიც დაამარცხა! ანუ "გურიამ" და "ლოკომოტივმა" ერთნაირი ქულებით რომ დაამთავრონ ჩემპიონატი, ურთიერთშეხვედრებით უპირატესობა ლანჩხუთელებს ექნებათ. ამ "ექვსქულიან" მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა და ნამეტნავად ეფექტურიც: მასპინძელთა 21 წლის ცენტრფორვარდმა ევგენი მურაშოვმა რთული მდგომარეობიდან, ვარდნაში, ზუსტი თავური დარტყმით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს.
"გურიამ" შეწყვიტა წაგებათა სერია, "ლოკომოტივის" ზედიზედ მესამე მარცხმა კი გუნდი ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ გარკვეული უპირატესობა ის უნდა იყოს, რომ დარჩენილი სამივე მატჩი თბილისში უნდა ჩაატაროს გუნდმა. მოგეხსენებათ, "ლოკომოტივს" ახალი თავკაცი ჰყავს, მაგრამ გიორგი დევდარიანის უმაღლეს ლიგაში სამწლიანი პაუზის მერე დაბრუნება უიღბლო გამოდგა: "გურიასთან" მატჩში გააძევეს...
ისე, "ლოკომოტივში" გარკვეული სიახლეებიც შეინიშნებოდა: ამ სეზონში პირველად გამოჩნდა შემადგენლობაში 20 წლის ომარ პატარკაციშვილი, ხოლო 18 წლის ირაკლი ბუღრიძემ სულაც სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატში.
არამშვიდობიანი ყაიმი
ამ ჯგუფის მესამე მატჩი იმდენად მნიშვნელოვანი იყო სატურნირო თვალსაზრისით, რომ ტურის ცენტრალურ დაპირისპირებადაც მივიჩნიეთ! საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ "ცხინვალმა" და "შუქურამ" თავიანთი წაუგებელი სერიები კი გააგრძელეს, მაგრამ დღესდღეობით ძალიან ძნელი სათქმელია, თუ რომელი გუნდისათვის უფრო მისაღები უნდა ყოფილიყო ეს აშკარად "არამშვიდობიანი" საყაიმო ანგარიში. თანაც, ორივე გუნდის ფეხბურთელებს ცდა არ დაუკლიათ გოლ(ებ)ის გასატანად, მაგრამ საიმედოდ თამაშობდნენ მეკარეები: გიორგი ნადირაძემაც ("ცხინვალი") და აზამატ ჯიოევმაც ("შუქურა") არაერთხელ გამოავლინეს საკუთარი ოსტატობა.
ამ შედეგით კი "თეთრ ჯგუფში" სიტუაცია მართლაც არანორმალურად დაიძაბა: "ჩიხურას" გარდა, არც ერთ დანარჩენ ექვს გუნდს არაფერი აქვს გარანტირებული...
ჰეთ თრიკი, დუბლი და სხვა რეკორდები...
ამ ტურში ჩატარდა მიმდინარე სეზონის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი: "საბურთალომ" 6:1 მოუგო "კოლხეთს" და სატურნირო სიტუაცია მკვეთრად ხომ გაიუმჯობესა, ამას გარდა, უმაღლეს ლიგაში პირველად შეძლო მეტოქის კარში 6 გოლის გატანა. აღსანიშნავია, რომ "საბურთალომ" წინა სეზონშიც ხუთბურთიანი სხვაობით მოუგო "კოლხეთს". მაშინაც ვერავინ იფიქრებდა მოვლენების შემდგომ განვითარებას: ორივე შემთხვევაში "საბურთალომ" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.
აი, შესვენების შემდეგ კი, მაშინაც და ახლაც, გოლთაცვენა იყო!
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა იმდენი მომენტი შექმნა საკადრო პრობლემებმოძალებული მეტოქის კართან, რამდენიმე მატჩსაც კი ეყოფოდა, თუმცა "საბურთალოს" ქომაგები არც 6 გატანილი გოლით იქნებოდნენ უკმაყოფილონი.
ამ 6 გოლიდან ერთი 20 წლის ვაგნერმა გაიტანა, რომლისთვისაც სადებიუტო გოლი გახლდათ საქართველოს ჩემპიონატში; ასევე 20 წლის გიორგი ხარაიშვილმა კი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო დუბლი შეასრულა.
თუმცა, ამ მატჩს კიდევ ერთი გმირი ჰყავდა: მასპინძელთა 22 წლის შემტევმა გიორგი ფანცულაიამ კარიერაში პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა! ამას გარდა, ფანცულაია გახდა პირველი ფეხბურთელი, გარდამავალ ჩემპიონატში ერთ მატჩში სამი გოლის გატანა რომ შეძლო...
კრიზისი დაძლეულია!
ამ ტურს ბათუმის "დინამო" უსიამოვნო სერიით შეხვდა: ბოლო ხუთ მატჩში გუნდმა 4 ფრე ითამაშა და ერთხელ წააგო; შედეგიანობაზე ხომ აღარაფერს ვამბობთ: ლევან ხომერიკის გუნდმა მეტოქეთა კარში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. და აი, კრიზისი დაძლეულია: ორი საკვანძო ფეხბურთელის (დავით კვირკველია, თეიმურაზ შონია) არყოფნის მიუხედავად, ბათუმის "დინამომ" ხუთი უპასუხო გოლი გაიტანა ყველანაირ კრიზისში მყოფი "ზუგდიდის" კარში!
ამ მატჩშიც შესრულდა დუბლი: მასპინძელთა 22 წლის უნივერსალმა ფეხბურთელმა ლევან გეგეჭკორმა მეტოქის კარში 2 გოლი გაიტანა და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო "დუბლიც" შეასრულა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძელთა შემადგენლობაში შეცვლაზე შემოვიდა 21 წლის ბახტიარ გაბდოლინი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში პირველი ყაზახი ფეხბურთელია.
ბათუმის "დინამოს" ამ მოგებით ევროპალიგის პლეი ოფში მონაწილეობის მშვენიერი შანსი გაუჩნდა, აი, "ზუგდიდის" მდგომარეობას კი, კრიტიკულზე მეტი ჰქვია...
გადამრჩენელი გამარჯვება
ამ ტურის წინ "წითელ ჯგუფში" ბოლო ადგილზე "სიონი" იმყოფებოდა; თანაც, არმაზ ჯელაძისა და ლადო ბურდულის გუნდს წარუმატებელი სერიაც თან სდევდა: ქვემოქართლელები 4 ტურის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ გამარჯვების მოპოვებას. და აი, თითქმის თვენახევრიანი კრიზისი დაძლეულია: "სიონმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "დილასთან" მატჩში. სტუმართა ახალგაზრდა თავკაცი უჩა სოსიაშვილი სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება სეზონის ფინიშს, თუმცა "დილას" მაინც შეუძლია, რომ გასავარდნ პლეი ოფს აარიდოს თავი.
სხვათა შორის, "დილას" შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის მერე გამოჩნდა გიორგი პაპავა, რომელსაც ტრავმის გამო, ფაქტობრივად, ერთი წელიწადი არ ჰქონდა ნათამაშები. ისევ "სიონს" დავუბრუნდეთ, რომლის გამარჯვებაშიც ლომის წილი დაიდო 21 წლის შემტევმა დავით ვოლკოვმა.
შეგახსენებთ, რომ ვოლკოვი (ისე, როგორც გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე), თბილისის "დინამოდან" იჯარით არის გაშვებული...
გასულ ტურში ერთმანეთზე უკეთესი და ეფექტური რამდენიმე გოლი გავიდა და მათ შორის უნდა მოვიხსენიოთ "სიონის" მეორე გოლიც: სწრაფი და საზრიანი კომბინაცია ეფექტური და ზუსტი დარტყმით რომ დააგვირგვინა 26 წლის ირაკლი სიხარულიძემ, რომელმაც პირველად გამოიჩინა თავი ახალი გუნდის მაისურით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"