გია ჭიაბრიშვილი: ეს გამარჯვება ფსიქოლოგიურადაც გვჭირდებოდა

AutoSharing Option
"საბურთალოს" მწვრთნელად გია ჭიაბრიშვილის დაბრუნების შემდეგ, გუნდმა ორი მატჩიდან ერთი მოიგო და ერთშიც დამარცხდა.

ცხადია, ლიდერ "სამტრედიასთან" გასვლაზე წაგება მოულოდნელი არ იყო, რადგან გია ცეცაძის გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. მთავარი ფოთის "კოლხეთთან" მატჩი იყო: ჭიაბრიშვილმა მოახერხა და ამ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის გუნდი ისე "დაქოქა", მისმა შეგირდებმა მშვენიერი ფეხბურთი აჩვენეს და საშიში ზონიდან ბევრად დამაიმედებელ პოზიციაში აღმოჩნდნენ.

- საბურთალო-კოლხეთი 6:1 - ორი საგოლე პასი, დუბლი და ჰეთ-თრიკი [VIDEO]

რა მდგომარეობაში დახვდა გუნდი და როგორ მოახერხა მისი დამუხტვა? ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ
"ლელო" გია ჭიაბრიშვილს დაუკავშირდა...

- ბოლო ტურში "საბურთალომ" წარმოუდგენელი შედეგიანობა აჩვენა...
- ეს ძალიან ძნელი იყო. მართალია, მეტოქემ მეორე ნახევრის დასაწყისში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ შედეგზე დიდი გავლენა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა იქონია და მოთამაშეებს დიდი სტიმული მისცა. მათ მე მონდომებასა და თავდადებას არ დავუკარგავ. რაც მთავარია, კმაყოფილი ვარ, რომ გუნდმა ფეხბურთი ითამაშა.

- "საბურთალო" ცუდ ფეხბურთს აქამდეც არ თამაშობდა, მაგრამ მაინც სახიფათო ზონაში იყო...
- გუნდი შენების პროცესშია და ასეთი რამ გასაკვირი არ უნდა იყოს. თუმცა, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ დახვეწილად ვთამაშობთ. უბრალოდ, "კოლხეთთან" ყველაფერი გამოგვივიდა.

- ამ შეხვედრაში იყო რამდენიმე ეპიზოდი, რომელმაც ფოთელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათი აზრით, პენალტის დანიშვნამდე "კოლხეთის" ფეხბურთელის წაქცევისთვის თამაში უნდა გაჩერებულიყო...
- მსაჯის გადაწყვეტილების კომენტირება არასოდეს მხიბლავდა. საერთოდ, "საბურთალოს" თამაში უფრო მაინტერესებდა და ვნახე, რომ ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს.

- კონკრეტულად...
- შემტევი ფეხბურთი რომ ვითამაშოთ, ხარისხი უნდა ავწიოთ. მაგალითად, შეტევაში ტემპია გასაზრდელი. ნებისმიერ გუნდს, რომელიც ბურთს სულ აკონტროლებს და მეტოქეს საკუთარ საჯარიმოში, ანუ მოედნის პატარა მონაკვეთზე ეთამაშება, ჰგონია, ტემპში თამაშობს. ცხადია, ასეა, მაგრამ ჩვენ მეტი ხარისხი გვჭირდება. ახლა საკმაოდ ბევრი ხარვეზია და ამაზე უნდა ვიმუშავოთ.

- ჩემპიონატში 3 მატჩი დაგრჩათ ჩასატარებელი. ეს იმდენად უცნაური და არაპროგნოზირებადი ჩემპიონატია, შესაძლოა, დარჩენილ ტურებში საევროპო პლეი ოფშიც მოხვდეთ და, შესაძლოა, გასავარდნ ზონაშიც...
- რა თქმა უნდა, ურთულესი 3 მატჩი გველის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბოლო ადგილებზე გავიდეთ. მაგრამ ვცდილობთ, მინიმუმ, გასავარდნთა პლეი ოფში არ მოვხვდეთ.

"კოლხეთთან" მოგება სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის. ახლა მთავარია, რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ გასვლაზე "დილასა" და ბათუმის "დინამოსთან", მერე სახლში - "ზუგდიდთან".

ძალიან რთული კალენდარი გვაქვს, რადგან სამივე გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდება. უბრალოდ, ასეთი ხმაურიანი და უხვგოლიანი გამარჯვება ჩვენ ფსიქოლოგიურადაც ძალიან გვჭირდებოდა. ალბათ, ბიჭები საკუთარ ძალებს ახლა მაინც ირწმუნებენ. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ერთ შეხვედრაში თითქმის იმდენი გოლი გავიტანეთ, რაც წინა 8 შეხვედრაში.

- სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მძიმე მდგომარეობაში მყოფი გუნდის ჩაბარება დიდი რისკი იყო.
- რა თქმა უნდა. მაგრამ "საბურთალო" ჩემთვის, და არა მარტო ჩემთვის, ოჯახივით არის. ვიცი, რა გუნდია, საიდან მოდის, რა მიზნები აქვს...

აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, გუნდი ჩემს ხელში დარჩებოდა თუ გავარდებოდა. უბრალოდ, ახალგაზრდული ნაკრები წლეულს აღარ იკრიბებოდა და ამ პერიოდში მისი გაწვრთნა რომ შემომთავაზეს, ულაპარაკოდ დავთანხმდი.

თუ შევძლებ გუნდის დახმარებას, ხომ კარგი, თუ არა და, ბოდიშს მოვიხდი. ეს ძალიან სამწუხარო იქნება. მაგრამ უიმედოდ ნამდვილად არ ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული