ტორპედო-გურია 5:0 - აწყვეტილები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც იტყვიან, "ტორპედომ" აიწყვიტა! რამდენიმე დღის წინ ქუთათურებმა დრამატულ მატჩში თბილისის "დინამო" მისსავე მოედანზე დაამარცხეს და თასის ფინალში გავიდნენ, გუშინ კი "ტორპედომ" ლანჩხუთის "გურიასთან" ძალზე პრინციპული შეხვედრა მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

მაგრამ მოგებაცაა და მოგებაც! - კახა ჩხეტიანის გუნდმა გულშემატკივრებს შემტევი, კომბინაციური და სანახაობრივი ფეხბურთი შესთავაზა, მეტოქეს ყველა საფეხბურთო კომპონენტში აჯობა და ფრიად მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

თქვენ წარმოიდგინეთ, "ტორპედოს", რომელიც ერთი ტურის წინ ბოლოსწინა ადგილზე იყო, "გურიას" დამარცხების შემდეგ სამეულში მოხვედრისა და საპრიზო ადგილისთვის ბრძოლის შანსიც კი გაუჩნდა...

ორივე გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო. დებიუტში გურულებს გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდათ - ანრი ჭიჭინაძეს საკუთარ ნახევარზე ფეხი დაუცდა, რითიც თორნიკე სტეფნიაშვილმა ისარგებლა, წაქცეულ მცველს გვერდი იოლად აუარა, ქუთაისელთა საჯარიმოში შეიჭრა და სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ "ტორპედო" გოლისგან მეკარე როინ კვასხვაძის ნახტომმა იხსნა.

ქუთაისელებმა მეტოქეს არანაკლებ მწვავე შეტევით უპასუხეს - გიორგი ქიმაძემ მეტოქის საჯარიმოში "შეისეირნა", თუმცა მის დარტყმულს ბოლო მომენტში მცველი გადაეღობა და მდგომარეობა განმუხტა.

მასპინძელთა მორიგი სახიფათო შეტევისას კი სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. გია ჩადუნელმა საჯარიმოში თორნიკე კაპანაძე წააქცია. 11-მეტრიანი ოლეგ მამასახლისმა შეასრულა და რატი იმერლიშვილს შანსი არ დაუტოვა.

სწრაფმა გოლმა მასპინძლებზე დადებითად იმოქმედა, მათ ლანჩხუთელთა კართან არაერთი ხიფათი შექმნეს და პირველ ტაიმშივე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა. ზედიზედ სამი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა კაპანაძეს, თუმცა ჯერ მეკარემ აიღო მისი თავური, მომდევნო ორ ეპიზოდში კი "ელვას" მიზანმა უმტყუნა.

უკანდახევა გურულებსაც არ უფიქრიათ. ტაიმის მიწურულს ქუთაისელებმა მათ უპირატესობა დაუთმეს და აქცენტი კონტრშეტევებზე გააკეთეს. ამ ტაქტიკამ გაამართლა - წინ წასულმა სტუმრებმა ზურგი მოაშიშვლეს და ჩხეტიანის შეგირდებს მათი დასჯა მართებდათ.

ტორპედოელებმა სწრაფი კონტრშეტევისას მეტოქის საჯარიმოსთან რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს, გრიგოლ დოლიძემ კარში სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა.

შესვენებამდე ლანჩხუთელებსაც ჰქონდათ ერთი კარგი მომენტი - დავით მეგრელიშვილის ძლიერი საჯარიმო დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია.

გუნდებმა მეორე ტაიმიც საკმაოდ სწრაფ ტემპში დაიწყეს. დოლიძის ფლანგურ ჩაწოდებას შოთა ბაბუნაშვილი თავურით აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ასცდა, იმავე დოლიძის დარტყმა კი მეკარემ მოიგერია.

უქმად არც სტუმრები ყოფილან. ძალიან სახიფათოდ უტევდა შეცვლაზე შესული გიორგი ჭედია, თუმცა მის დარტყმას ბოლო მომენტში გურული გადაეღობა და საკუთარი გუნდი ხიფათისგან იხსნა.

ქუთაისელებმა კი საპასუხო შეტევა ულამაზესი გოლით დააგვირგვინეს - ვაჟა ტაბატაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბექა ტუღუშმა ერთი შეხებით ისე მძლავრად დასცხო, ლამის კარის ბადე გაარღვია.

გურულები დანებებას არ აპირებდნენ და შეტევაში თამამად გადადიოდნენ, თუმცა ამ დროს უკან ღია სივრცეები რჩებოდათ, რითიც კარგად სარგებლობდნენ ქუთაისელები. შედეგად, მასპინძლებმა 10-წუთიან ინტერვალში 3 გოლი გაიტანეს. ჯერ ვეტერანმა ბაბუნაშვილმა გამოიჩინა თავი, რომელმაც მცველების შეცდომით ისარგებლა, საჯარიმოში შევიდა და იმერლიშვილს აუღებელი დაურტყა, ხოლო შემდეგ კაპანაძის ჯერი დადგა - მან 5-წუთიან მონაკვეთში დუბლი გაიფორმა და სტუმართა განადგურებას წერტილი დაუსვა.

უმაღლესი ლიგა. XII ტური. თეთრი ჯგუფი
06.11. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-გურია 5:0
გოლები: 1:0 მამასახლისი (11-პენ), 2:0 ტუღუში (54. დოლიძის პასით), 3:0 ბაბუნაშვილი (72), 4:0 კაპანაძე (77. ბენაშვილის პასით), 5:0 კაპანაძე (82)
ტორპედო: კვასხვაძე - ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე - მამასახლისი - დოლიძე (62. ბენაშვილი), ბაბუნაშვილი (75. კუჭუხიძე), საღრიშვილი (46. ნერგაძე), ტუღუში - კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ენდელაძე, კვერნაძე, ფურცხვანიძე
მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
გურია: იმერლიშვილი - ჭეიშვილი (69. პატერსონი), ნოზაძე, ჩადუნელი, მეგრელიშვილი - კირკიტაძე, ჭეჭელაშვილი (59. ადევალდო და სილვა), მოროზენკო, ფელიპე და სილვა (28. ჭედია) - მურაშოვი, სტეფნიაშვილი.
სათადარიგოები: ხვედელიძე, ბარბაქაძე, იმნაძე, თევზაძე
მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი
გაფრთხილება: კაპანაძე (16), ჭიჭინაძე (26), ჭეიშვილი (34), სტეფნიაშვილი (70)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

მომდევნო, XIII ტური
18 ნოემბერი
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
გურია-ჩიხურა
ცხინვალი-ტორპედო

19 ნოემბერი
სიონი-დინამო (ბთ)
საბურთალო-ზუგდიდი
სამტრედია-დილა

ბომბარდირები
ზივზივაძე (სამტრედია) 9
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
დვალი (ცხინვალი) 7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ტორპედო 90 წუთი დარბის და არ იღლება? საინტერესო არის, მერანი თუ გაუძლებს იმ ტემპს, რომელიც ტორპედო შესთავაზებს, მსორი ბატონებო!
გოგი ქუთაისელი
15:58 07-11-2016
0
გურია ჩიხურას მოუგებს
დინამო ლოკომოტივს
ტორპედო ვერ მოიგებს ცხინვალთამ გასვლას.

შემდეგ
ტორპედო თუ ვერ მოიგებს სახლში დინამოსთან, შესაბამისად ვერ მოხდება სამეულში.უკეთეს შემთხვევაში არ გავარდება.
აიღებს თუ არა თასს ტორპედო? ეს უკვე მხოლოდ 22 ნოემბერს გვეცოდინება, ყოველგვარი ძიება მიზეზების თუ რატომ არის ტორპედო ფავორიტი, წააგავს სისულელეს. აქ ფავორიტი არავინაა შანსი 50/50 არის, ორივე კლუბს შეუძლია გასრისოს მეტოქე ჩიხურასავით ან გურიასავით.

წარმატებები ღირსეულებს.
Guadua
16:38 07-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული