მთავარი საკითხი პირველი ლიგის მორიგ მატჩზე მიღებული უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიში იყო. 8 ნოემბერს, ხონის "იმერეთისა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩის შედეგზე (5:1) მოხდა საეჭვო მანიპულირება, რასაც თფა-ს რაპორტი ადასტურებს. სადისციპლინო კომიტეტი დამატებით გაეცნო ფირს, მოუსმინა მხარეებს და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
მატჩის შედეგი გაუქმდა. ხონის "იმერეთი" რაპორტში ზედიზედ მეორედ მოხვედრისა და სხვა მამხილებელი გარემოებების გამო მოხსნილია გათამაშებიდან, გაუნულდა აქამდე დაგროვილი ქულები და დარჩენილ მატჩებში ჩაეთვლება 0:3 წაგება.
ცხინვალის "ლიახვი" დაჯარიმდა 10 000 ლარით და ჩამოაკლდა 6 ქულა.
სადისციპლინო კომიტეტის განცხადებით, ფედერაციას მიეცა მითითება, რომ გააგრძელოს მუშაობა სხვა შესაძლო დამნაშავე პირების გამოვლენისა და შუამდგომლობის წარმოდგენის შესახებ.
სხვა საკითხებზე სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღო: მეორე ლიგაში ოჩამჩირის "ამირანს" ფეხბურთელის არამართლზომიერი მონაწილეობის გამო "ალგეთთან" მატჩში ჩაეთვალა 0:3 წაგება, ჩამოაკლდა 3 ქულა და დაჯარიმდა 400 ლარით.
ასევე მეორე ლიგაში, "ვარკეთილი"-"შევარდენის" მატჩში მოედანზე შესვლისა და მსაჯისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო სტუმართა გუნდის უფროსი გიორგი ნემსაძე დასჯილია 3 მატჩით და 400 ლარით.
gff.ge