ან, როგორ შეიძლება თასის ამ სტადიაზე პროგნოზის გაკეთება, როცა საქართველოს თასის წლევანდელმა გათამაშებამ, მოულოდნელობების თვალსაზრისით, მართლაც ყველა რეკორდი მოხსნა! თავად განსაჯეთ: მეოთხედფინალში რანგით ყველაზე მაღალი (ეროვნული) ლიგის მხოლოდ 3 წარმომადგენელია, ერთი
ასეთი რამ კი საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში არასდროს მომხდარა, როცა თასის მეოთხედფინალში მესამე ლიგის 3 წარმომადგენელია! ერთადერთხელ, მხოლოდ 1991/92 წლების სეზონში მოხდა, როცა მესამე ლიგის გუნდმა მეოთხედფინალამდე მიაღწია: ბოლნისის "სიონმა" დიდი ბრძოლა გაუმართა იმ დროისათვის საკმაოდ ძლიერ "ოდიშს" (ზუგდიდი) და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა.
ახლა კი, ერთ-ერთი მესამელიგელი ყველა ვარიანტში იასპარეზებს ნახევარფინალში, კიდევ ერთი მესამელიგელის შანსებს კი, გავკადნიერდებით და, 50/50-ზე ვაფასებთ...
12.09. ხონი. ცენტრალური. 16:00
იმერეთი-ნორჩი დინამო
დისკვალიფიკაცია: ილია პავლიაშვილი (ნორჩი დინამო)
იმერეთი-ნორჩი დინამო
დისკვალიფიკაცია: ილია პავლიაშვილი (ნორჩი დინამო)
ორივე გუნდისათვის ეს შედეგია საუკეთესოა: არც "იმერეთი" და არც "ნორჩი დინამო" არასდროს ყოფილან თასის მეოთხედფინალში! ეგ კი არა, ამათგან ერთ-ერთი გუნდი კიდევ უფრო დიდ ისტორიას დაწერს: ნახევარფინალში იასპარეზებს!
..."იმერეთიც" და "ნორჩი დინამოც" დღესდღეობით რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობენ და ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევებისათვის იბრძვიან; ამ წყვილში ფავორიტის "გამოცნობაზე" ხომ ზედმეტია ლაპარაკი: დავით ჭელიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "იმერეთის" სასარგებლოდ ის ფაქტორი უნდა მივიჩნიოთ, რომ მეტოქეს საკუთარ სტადიონზე, ხონში უნდა უმასპინძლოს, აი, "ნორჩი დინამოს" პლუსი კი, რაღა თქმა უნდა, გამოცდილებაა!
თბილისურ გუნდს ხომ გამოცდილი სპეციალისტი ავთანდილ შენგელია წვრთნის, რომლის ხელმძღვანელობითაც არაერთი ისეთი ფეხბურთელია, სხვადასხვა დროს წარმატებით რომ გამოდიოდა უმაღლეს ლიგაში.
ეგ კი არა, სხვადასხვა დროს საქართველოს ასაკობრივი თუ ეროვნული ნაკრების ღირსებაც რომ დაუცავთ: ზაალ ელიავა, ანზორ კალაძე, ზურაბ ძამსაშვილი, ვლადიმერ ჯოჯუა და, რაღა თქმა უნდა, მართლაც უბერებელი, 41 წლის სევასტი თოდუა, რომელსაც, ვინ მოთვლის, რამდენი თასის ფინალი უთამაშია ქუთაისის "ტორპედოსა" თუ "ზესტაფონის" მაისურით...
"იმერეთი" თუ "ნორჩი დინამო"? ამათგან ერთ-ერთი საქართველოს თასის ნახევარფინალის საგზურს მიიღებს!
12.09. თბილისი. მიხეილ მესხი. 20:00
შევარდენი 1906-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: ვაჟა ნემსაძე (შევარდენი 1906)
შევარდენი 1906-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: ვაჟა ნემსაძე (შევარდენი 1906)
"იმერეთსა" და "ნორჩ დინამოს" არათუ თასის მეოთხედფინალში, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც არასდროს უთამაშიათ, რასაც ვერ ვიტყვით კიდევ ერთ მესამელიგელსა და ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატზე, თბილისის "შევარდენზე"; გუნდზე, რომელიც ქართულ საფეხბურთო რუკაზე ხანგრძლივი შესვენების შემდეგ შარშან გამოჩნდა და აი, "მაღალ საზოგადოებაში" დაბრუნებაც ასეთი უნდა!
ყველაფერი კი შარშან ზაფხულს გადაწყდა, როცა ფეხბურთზე შეყვარებულმა ორმა ახალგაზრდამ, დიმიტრი ბარათაშვილმა და გეგი კიკაბიძემ (ჩვენმა კოლეგამ!) ამ დიდი ტრადიციების მქონე თბილისური გუნდის აღორძინება გადაწყვიტეს და აი, ერთი წლის შემდეგ, ამ მართლაც ჩინებულ იდეას გაგრძელებაც შესაბამისად ჩინებული აქვს: "შევარდენი" თასის მეოთხედფინალშიც არის გასული და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია!
"შევარდენის" ამ აღორძინებასა თუ წარმატებულ ასპარეზობაში კიდევ ერთ პიროვნებას მიუძღვის ლომის წილი: საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს, დღესდღეობით "შევარდენის" საპატიო პრეზიდენტი რომ გახლავთ; საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს საკლუბო დონეზეც წარმატებული კარიერა ჰქონდა, როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოშიც, მათ შორის ... "შევარდენშიც" და სწორედ მისი დიდი დამსახურებაც იყო, 1992/93 წლების სეზონში "შევარდენმა" ჩემპიონატში II ადგილი რომ დაიკავა, ხოლო თასზე კი მეოთხედფინალამდე მიაღწია.
იმდროინდელი "შევარდენის" მთავარი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა გახლდათ, ფეხბურთელები კი, ერთიმეორეზე უკეთესები თამაშობდნენ ამ გუნდში: აკაკი დევაძე, გია ჯიშკარიანი, კახა გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, დავით ყიზილაშვილი, ლევან ყიფიანი, მამუკა მინაშვილი, მამუკა მაჭავარიანი, ზაალ ქოჩლაძე, კოტე მელქაძე, ნორმენ ტარტარაშვილი, ალეკო გელაძე, კახა კოპალეიშვილი და სხვები...
"შევარდენმა" მომდევნო სეზონშიც მოახერხა თასის მეოთხედფინალში გასვლა და ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა გუნდის ახალწვეულს, იმ დროისათვის 17 წლის ზაზა ჯანაშიას. სამწუხაროდ, ეს ეტაპი ამჯერადაც ვერ გადაილახა: "შევარდენმა" პენალტების სერიაში წააგო იმ დროისათვის საკმაოდ ძლიერ ფოთის "კოლხეთთან", სადაც აკაკი დევაძეს გარდა, გიორგი დარასელია, დავით ცომაია, ნუგზარ მიქაბერიძე, მამუკა ჯუღელი, დავით მახარაძე და კიდევ სხვა გამოცდილი ფეხბურთელები გამოდიოდნენ.
მერე ისე მოხდა, რომ "შევარდენი" გაერთიანდა კიდევ ერთ დედაქალაქურ გუნდთან (თსუ) და ჯერ ელგუჯა ხუციშვილის, შემდეგ კი ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით ამ გუნდმა კიდევ ორჯერ (1997 და 1998 წლებში) მოახერხა თასის მეოთხედფინალში გასვლა...
...დღევანდელ "შევარდენში" მრავლად არიან ისეთი ფეხბურთელები, სხვადასხვა დროს უმაღლესი ლიგის სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში წარმატებით რომ უასპარეზიათ, 36 წლის დავით ოდიკაძესა და 32 წლის ლაშა ჭელიძეს კი, ჩემპიონატსა თუ თასზე, არაერთი ტიტული აქვთ მოპოვებული; აი, რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, "შევარდენის" გაძღოლა სულ ახლახან ანდეს გიორგი კიკნაძეს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელსა და შემდგომში უმაღლეს ლიგაში რამდენიმე გუნდის მთავარ მწვრთნელად ნამუშევარ სპეციალისტს.
..."შევარდენის" მეტოქეზე კი არაფერი გვითქვამს, გუნდზე, დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ტიტულებით მხოლოდ თბილისის "დინამოს" რომ ჩამორჩება! თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ სწორედ "ტორპედოა" საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი და არც ის ფაქტი, რომ იმ გამარჯვების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა, თითქმის შეინარჩუნა შარშანდელი შემადგენლობის ძირითადი ბირთვი...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"