სიონი-დინამო (ბთ) 0:3 - ელგუჯას თამაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კვალობაზე ძალიან სოლიდური ფეხბურთი ითამაშა ბათუმის "დინამომ" და ისე დაამარცხა თბილისურ მატჩში ნომინალური მასპინძელი "სიონი", წარმატების იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა კარგად დაკომპლექტებულ და გამოცდილ მოწინააღმდეგეს.

ძალიან საინტერესო გუნდი ჰყავს ახალგაზრდა მწვრთნელ ლევან ხომერიკს, რომელიც მომავალ სეზონში კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი და სოლიდური ძალა უნდა იყოს. თუ აჭარლებმა განვითარების ტემპი არ დააგდეს, წესით, ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ...

ეს მატჩი კი ბათუმელთა ტანმაღალი ფორვარდის, ელგუჯა ლობჯანიძის ბენეფისად იქცა. თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში ჰეთ-თრიკის შესრულება იოლი საქმე არ არის. ელგუჯამ კი ეს მოახერხა და
შეეძლო, მეტიც გაეტანა.

"სიონმა" კი ამ შეხვედრაში ვერ წარმოაჩინა საუკეთესო თვისებები. არმაზ ჯელაძის გუნდმა ვერ შემოგვთავაზა ის ფეხბურთი, რომელსაც მისგან ველოდით. საბოლოო ჯამში "მიხეილ მესხზე" კანონზომიერი შედეგი დაფიქსირდა.

თამაში თავიდანვე "დინამოს" აქტიურობით დაიწყო. პირველი საგოლე შანსიც ზღვისპირელებისა იყო. ლევან გეგეჭკორი რამდენიმე მოწინააღმდეგეს გასცდა და კარშიც დაარტყა, თუმცა "სიონი" ნიკა დაუშვილმა გადაარჩინა.

ეს იყო და, ბოლნისელთა პირველი და ლამის ერთადერთი საგოლე მომენტიც ვიხილეთ - ირაკლი სიხარულიძე კარგად გაერკვა სიტუაციაში და დასწრებაზე თამაშის შემდეგ ახლო მანძილიდან დაარტყა კიდეც. ამჯერად, წუნდაუდებელი იყო ბათუმური კლუბის უკრაინელი მეკარე ანატოლი ტიმოფეევი, რომელმაც ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთზე რეაგირება მოახერხა.

ხომერიკმა რამდენჯერმე გადააწყო "დინამო". თავიდან მან ერთი ფორვარდით დაიწყო თამაში, მერე კი ლობჯანიძეს მიხეილ გორელიშვილი შეუწყვილა.

თამაში კი კვლავ ბათუმელებს მიჰყავდათ. 27-ე წუთზე მოვლენების ეპიცენტრში ისევ ლობჯანიძე აღმოჩნდა. მან ძალიან მახვილი კუთხიდან სცადა გატანა და ააცილა. შეტევის "ჩაკეტვას" გიორგი ქავთარაძე ცდილობდა, მაგრამ ბურთს ვეღარ მიუსწრო.

მერე იყო ისევ ლობჯანიძის მომენტი, მაგრამ მისი თავური ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. ელგუჯა იმდენად აქტიური იყო, რომ არ გაეტანა, მართლა საცოდაობა იქნებოდა. გაიტანა კიდეც, თან ერთი კი არა, სამი!

რა თქმა უნდა, "დინამოს" მხოლოდ მისი კარგი თამაშის წყალობით არ მოუგია. დამაჯერებლად ითამაშა დაცვამ დავით კვირკველიას მეთაურობით. კარგი იყო შუა ხაზის თითქმის ყველა ფეხბურთელი, მაგრამ... ეს მაინც ელგუჯას თამაში იყო.

ანგარიში პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაიხსნა. თემურ შონიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ლობჯანიძემ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმში ბათუმური კლუბი კვლავ უკეთესი იყო მეტოქეზე. 56-ე წუთზე ლობჯანიძე ბოლნისელთა საჯარიმოში შევიდა და წაიქცა. არბიტრმა ჯენერი ხორავამ თამაშის გაგრძელება ბრძანა. ზუსტად ვერ ვიტყვით, რა და როგორ იყო, ამისთვის ეპიზოდის განმეორებით ნახვაა საჭირო. ერთი კია - მომხდარს საეჭვო ეთქმოდა.

...და ისევ ლობჯანიძე! ამჯერად მან ვარდნაში სცადა მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა უშედეგოდ. მერე შონიას არ გაატანინა დაუშვილმა. "დინამომ", რომელსაც მტკიცედ ეპყრა ხელთ თამაშის სადავეები, მეორეც გაიტანა - თორნიკე თარხნიშვილის უზუსტეს გადაცემას ადგილზე დახვდა თამაშის გმირი ლობჯანიძე და პრაქტიკულად, გაარკვია კიდეც ამ თამაშის გამარჯვებული.

ბოლო აკორდი ისევ ლობჯანიძისა იყო. მრავალსვლიანი კომბინაცია ელგუჯამ დაასრულა და ჰეთ-თრიკი მიითვალა.

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ თუ ასე გააგრძელებს, ეს ძალიან თვითმყოფადი, საინტერესო სათამაშო მანერის ფორვარდი საყურადღებო ფეხბურთელი უნდა გახდეს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის.

უმაღლესი ლიგა. XIII ტური. წითელი ჯგუფი
20.11. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
სიონი-დინამო (ბთ) 0:3
გოლები: 0:1 ე. ლობჯანიძე (40), 0:2 ე. ლობჯანიძე (65), 3:0 ე. ლობჯანიძე (77)
სიონი: დაუშვილი, დ. ფოფხაძე, კასრაძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე (66. კობახიძე), თოთაძე, სანტოსი, ვასაძე (81. სუშკინი), ძარია, სიხარულიძე, ვოლკოვი.
სათადარიგოები: მერლანი, ზ. ლობჟანიძე, ვასილიევი, სვანიძე, აფხაზავა
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
დინამო (ბთ): ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, ქავთარაძე, გეგეჭკორი (73. ჭკუასელი), ე. ლობჯანიძე (85. თევდორაძე), გორელიშვილი (46. ფონიავა).
სათადარიგოები: შოვნაძე, ვარშანიძე, ქორიძე, მარიანოვიჩი
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: გეგეჭკორი (37), თარხნიშვილი (79)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბოლო ტური
26 ნოემბერი

თეთრი ჯგუფი
ჩიხურა-ცხინვალი
ლოკომოტივი-შუქურა
ტორპედო-დინამო (თბ).

წითელი ჯგუფი
დილა-კოლხეთი
დინამო (ბთ)-საბურთალო
ზუგდიდი-სამტრედია.

ბომბარდირები
ზივზივაძე (სამტრედია) 9
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8
დვალი (ცხინვალი) 7
ვოლკოვი (სიონი) 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული