უმაღლესი ლიგა. ბრინჯაოს პლეი ოფის წინათქმა: რევანშის შანსი

AutoSharing Option
დღეიდან, 11 დეკემბრის ჩათვლით, ერთიმეორეზე საინტერესო მატჩები გველოდება: საჩემპიონო პლეი ოფის, "ბრინჯაოს" პლეი ოფისა და გასავარდნი პლეი აუტის დაპირისპირებებით ეს გარდამავალი ჩემპიონატი საბოლოოდ დასრულდება.

დღეს "ბრინჯაოს" პლეი ოფის პირველი მატჩებია და სწორედ ამ ორ დაპირისპირებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. თუმცა, მანამდე ისიც გვინდა ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატების 27-წლიან ისტორიაში პირველად ხდება, როცა მესამე ადგილის გამოსავლენად პლეი ოფი ტარდება.

აი, რაც შეეხება უმაღლეს ლიგაში დასარჩენ პლეი აუტის მატჩებს, ასეთი დაპირისპირებები ადრეც არაერთხელ გამართულა და ამ თემაზე ხვალ ვისაუბროთ.

საჩემპიონო პლეი ოფის მსგავსი პრეცედენტიც
გვქონია, ოღონდ 2004 წელს ჩატარებული "ოქროს მატჩი" სკანდალური გამოდგა და ამ თემასაც მოგვიანებით შევეხებით, მანამდე კი დღევანდელ ორ დაპირისპირებაზე ვთქვათ...

30.11. თბილისი. "მიხეილ მესხი". 17:00
საბურთალო-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები:
2: +0 =0 -2, 0:8
დისკვალიფიკაცია: გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო) - რენე ფერეირა, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - დინამო)

რეგულარულ ჩემპიონატში
თეთრი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
2. დინამო (თბ) 12 6 5 1 17-5 23

წითელი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
3. საბურთალო 12 5 4 3 17-12 19

დედაქალაქური "დერბი" მართლაც დიდ ინტრიგას გვპირდება და დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ამ წყვილში გამოკვეთილ ფავორიტად ვერც ერთ გუნდს ვერ მოვიხსენიებთ. და ეს იმის მიუხედავად, რომ ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი... თბილისის "დინამოა"!

რა თქმა უნდა, ეს სეზონი წარმატებულად ნამდვილად ვერ ჩაითვლება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდისთვის, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ წინა ოთხ სეზონში სწორედ "დინამო" გახდა სამჯერ საქართველოს ჩემპიონი.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ (2011/12 წლების სეზონში) მოხდა, თბილისის "დინამო" პირველ სამეულს მიღმა რომ დარჩა და ვერც ევროტურნირებზე იასპარეზა. ამიტომაც ადვილად პროგნოზირებადია, თუ როგორი მოტივაცია ექნებათ "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ამ "ბრინჯაოს" პლეი ოფში.

თან ისიც სათქმელია, რომ ახალი თავკაცის, უკრაინელი სპეციალისტის, ვიაჩესლავ გროზნის ხელმძღვანელობით, "დინამომ" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და საკუთარ კარში გოლიც არ გაუშვია.

"საბურთალოს" უმაღლეს ლიგაში წინა სეზონში ჰქონდა დებიუტი და 16-გუნდიან ჩემპიონატში დაკავებული IX ადგილი ურიგო შედეგი ნამდვილად არ იყო ამ ახალგაზრდა და საკუთარი ხელწერის მქონე გუნდისათვის. ამჯერად კი ეს შედეგი უკვე გაუმჯობესებულია და უფრო მეტიც: გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "საბურთალოს" მშვენიერი შანსი ეძლევა, რომ მესამე ადგილისთვის და, შესაბამისად, ევროტურნირების საგზურისათვის იბრძოლოს.

აქვე, კიდევ ერთი საინტრიგო თემაც: წინა სეზონში ამ გუნდების ორივე დაპირისპირება "დინამომ" მოიგო, თანაც, ორივეჯერ სოლიდური ანგარიშით - 4:0. ასე რომ, "საბურთალოს" ფეხბურთელებს რევანშის შანსიც ეძლევათ, ისევე, როგორც გუნდში დაბრუნებულ ჭიაბრიშვილს...

30.11. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 18:00
ტორპედო-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
49: +27=9 -13, 81:54

რეგულარულ ჩემპიონატში
თეთრი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
3. ტორპედო 12 4 3 5 16-12 15

წითელი ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
2. დინამო (ბთ) 12 5 5 2 20-5 20

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: "ტორპედომ" ამ სეზონში უკვე მიაღწია მიზანს და საქართველოს თასის მართლაც ლამაზ ფინალში დამსახურებულად გაიმარჯვა. ანუ კახა ჩხეტიანის დამოძღვრილ გუნდს უკვე მოპოვებული აქვს ევროპალიგის საგზური.

აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს ძნელიც იქნება, რომ "ტორპედოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს მაქსიმალური კონცენტრაციით (გნებავთ - მობილიზებით) თამაში მოვთხოვოთ ამ "ბრინჯაოს" პლეი ოფის მატჩებში. თანაც, როგორი საქმეა, რომ ჯერ ბათუმის "დინამოს" უნდა აჯობოს ქუთათურთა საყვარელმა გუნდმა ორრაუნდიან დაპირისპირებაში, მერე კი, მესამე ადგილისთვის გასამართ ფინალურ დაპირისპირებაშიც ასევე მაქსიმალური მობილიზაციით იომოს მეორე ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვებულ ერთ-ერთ დედაქალაქურ გუნდთან (თბილისის "დინამოსთან" ან "საბურთალოსთან").

თუმცა, "ტორპედო" ახლა ისეთ ფორმაშია, ამ შემტევი ფეხბურთის მოყვარული გუნდისგან არაფერი რომ არ უნდა გაგვიკვირდეს. ამას გარდა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ტიტულების რაოდენობით "ტორპედო" მხოლოდ და მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედო" სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ასევე სამჯერ გავიდა მეორე ადგილზე და ოთხჯერ - მესამეზე. ანუ ქუთაისელთა გუნდს აქვს შანსი, რომ ეს მოკლე სეზონი კიდევ ერთი წარმატებით დაასრულოს და საქართველოს თასს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებიც მიუმატოს.

როგორც უნდა დასრულდეს ამ წყვილის ორრაუნდიანი დაპირისპირება, ეს გარდამავალი ჩემპიონატი ორივე გუნდისათვის წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს; შეგახსენებთ, რომ წინა სეზონი "ტორპედომ" VI ადგილზე დაასრულა, ბათუმის "დინამომ" კი - VIII ადგილზე.

თანაც, "ტორპედოსაგან" განსხვავებით, ბათუმის "დინამო" ხშირად ვერ ამთავრებდა ჩემპიონატს პირველ სამეულში: ორჯერ ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული, ერთხელ კი - ბრინჯაო. ეს სტატისტიკა, რაღა თქმა უნდა, ამ სეზონამდეა, ახლა კი ლევან ხომერიკის ერთობ საინტერესო გუნდს მშვენიერი შანსი უჩნდება, ევროტურნირებზე რომ იასპარეზოს.

სხვათა შორის, ამ გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი არც ელოდა, ბათუმის "დინამო" "წითელ ჯგუფში" ასე წარმატებით თუ ითამაშებდა. ეგ კი არა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სულაც ჯგუფის ლიდერიც იყო და საბოლოოდ, ლოგიკურადაც მიგვაჩნია, რომ ბათუმის "დინამოს" კვლავაც გაუჩნდა ევროამბიცია.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავდა ამ გარდამავალ ჩემპიონატში (მხოლოდ 5 გაშვებული გოლი) და ეს გუნდის უკრაინელი მეკარის, ანატოლი ტიმოფეევის დამსახურებაც არის და საერთოდ - უკანახაზელების.

ბათუმელთა გუნდს არც შუახაზი დაეწუნება (სადაც გუნდის ლიდერები, თეიმურაზ შონია და თორნიკე თარხნიშვილი გამოდიან) და არც თავდასხმის რგოლი - ახლახან არ იყო, ტანმაღალმა ცენტრფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ "სიონთან" მატჩში ჰეთ-თრიკი რომ შეასრულა?

ბათუმის "დინამოში" კიდევ არიან ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე გამორჩეული ფეხბურთელები: გიორგი ქავთარაძე, არჩილ ტვილდიანი, ლევან გეგეჭკორი, ანზორ სუხიაშვილი, ვაკო თევდორაძე და ახალწვეული - მიხეილ გორელიშვილი.

ცალკე უნდა ვთქვათ გუნდის ყველაზე გამოცდილ (და - ტიტულიან) და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც, მით უფრო, რომ 36 წლის დავით კვირკველიაც და 18 წლის ნიკა კვანტალიანიც "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერები არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ თამაშებს რომელიმე ქართული არხი აჩვენებს? ფედერაციას სძინავს?
rezi
16:46 30-11-2016
0
წარმატება ტორპედოს
guri
14:21 30-11-2016
0

სიახლეები პოპულარული