ლადო ბურდული: ნათელმირონობა და მეგობრობა - ცხოვრებაში, მინდორზე - ბრძოლა

AutoSharing Option
1-ელ დეკემბერს, უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ პირველ საპლეიოფო მატჩში ბოლნისის "სიონი" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს. ცხადია, ამ შეხვედრის მნიშვნელობა ძალიან დიდია.

"ლელო" "სიონის" გენერალურ დირექტორსა და მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, ლადო ბურდულს ესაუბრა...

- საინტერესოა, "შუქურასთან" ბოლნისში ითამაშებთ თუ მეტოქეს თბილისში უმასპინძლებთ? ბოლო საშინაო შეხვედრა "სიონმა" ხომ საქართველოს დედაქალაქში ჩაატარა...
- დიახ, ბათუმის "დინამოსთან" ბოლო მატჩი თბილისში ჩავატარეთ, მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ ჩვენი ინიციატივით. ვიცოდით, რომ პლეი ოფის მატჩი მოგვიწევდა და გადავწყვიტეთ, მინდვრის საფარი დაგვესვენებინა. ამავდროულად, ბოლნისის სტადიონზე მთელი რიგი სამუშაოები მიმდინარეობდა.

- მინდორი კარგ მდგომარეობაში ხვდება "შუქურასთან" მატჩს?

- შესანიშნავ მდგომარეობაშია. ერთი თვე დავასვენეთ ბალახი და ამან შედეგი გამოიღო. ვერ ვიტყვი, რომ საფარი ისეთია, როგორიც "უემბლიზე", მაგრამ ქართული რეალობის კვალობაზე მართლა ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ეგაა, ბალახმა ფერი ოდნავ შეიცვალა და გაყვითლდა, მაგრამ წელიწადის ამ დროისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასეა საქართველოს სხვა სტადიონებზეც.

- როგორ ხვდებით სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას?
- ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ეს ძალიან გვახარებს. ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. ჩემი აზრით, "შუქურა" უფრო ძლიერია, ვიდრე ის გუნდები, რომლებიც შეიძლებოდა, ჩვენი მოწინააღმდეგეები ყოფილიყვნენ - ვგულისხმობ "გურიასა" და "ცხინვალს".

ისე, დავესწარი "ლოკომოტივისა" და "შუქურას" თბილისურ მატჩს და თავისუფლად შეიძლებოდა, მეტოქედ "ლოკომოტივიც" გვრგებოდა...

ასეა თუ ისე, ეს არის ჩვენთვის სეზონის მთავარი მატჩები და ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, მაქსიმუმი უნდა ჩადოს ამ შეხვედრებში. კიდევ ერთხელ ვამბობ - მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ადგილი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

- უფრო კონკრეტულად როგორ დაახასიათებდით "შუქურას"?
- გამოცდილი და კლასის მქონე ფეხბურთელები ჰყავთ. რამდენიმეს მეც კარგად ვიცნობ. მაგალითად, კობა შალამბერიძე ჩვენთან თამაშობდა, შესანიშნავი ფეხბურთელები არიან ჯაფარიძე, ბერიაშვილი, კუტალია... მე გუნდის ლიდერად მაინც ზურაბ არზიანს მივიჩნევ. მოკლედ, დიდი ბრძოლის მოლოდინში ვართ.

- პირველი მატჩი შინ გაქვთ. როგორ ფიქრობთ, ეს "სიონისთვის" კარგია თუ ცუდი?
- გააჩნია, როგორ მიუდგები საკითხს. შეიძლება დღევანდელ ფეხბურთში უკეთესიც იყოს ზოგჯერ, როცა გასვლაზე ატარებ მატჩს და "მეორე ნომრად" თამაშობ. ფაქტია, ჩვენ პირველ შეხვედრაში დიდი უპირატესობა გვექნება გულშემატკივრების სახით, ჩვენი კომპაქტური სტადიონიც დიდი კოზირია "სიონისთვის"...

და მაინც, "პირველ ნომრად" თამაშისას სიფრთხილე გვმართებს. გოლი არამც და არამც არ უნდა გავუშვათ და თუ მაინც გავუშვებთ, ორჯერ ან სამჯერ მეტი უნდა გავიტანოთ.

- გულშემატკივარი ახსენეთ და, საინტერესოა, ანშლაგს ელით?
- დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და, შეიძლება არც იყოს საკმარისი ადგილები. თქვენც იცით, "სიონს" ძალიან ერთგული გულშემატკივარი ჰყავს. მაგალითად, "ზუგდიდთან" მატჩზე ოთხი ავტობუსით წამოვიდნენ ჩვენ საქომაგოდ. მათ გვერდში დგომას გამუდმებით ვგრძნობთ. ასე იქნება გადამწყვეტ შეხვედრებშიც.

- ცოტა ხნის წინ "შუქურა" გია გურულმა ჩაიბარა. რა შეიცვალა გუნდის თამაშში ამის შემდეგ?
- ახალ მწვრთნელს ყოველთვის მოაქვს თავისი ახალი იდეები გუნდში. ვსწავლობთ მოწინააღმდეგეს, მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. რევაზ ჩელებაძე ჩემი ნათელ-მირონია, გია გურული კი - მეგობარი.

შეიძლება არ გვაქვს ყოველდღიური კავშირი, მაგრამ მე მას ნამდვილ მეგობრად მივიჩნევ. ის ჩემი მწვრთნელი იყო საქართველოს ნაკრებში ალან ჟირესის მუშაობის დროს. ძალიან კარგი ადამიანია, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. ჩემი და გიას სამწვრთნელო პაექრობა ახლა არ დაწყებულა. წლების წინ, როცა სულ ახალი მისული ვიყავი "სიონში", "ბათუმმა" დატოვა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა, ჩვენ კი დავრჩით. ეს ლიტონი სიტყვები არ არის - უდიდეს პატივს ვცემ გია გურულს, თუმცა მინდორზე იქნება უშეღავათო ბრძოლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზუგდიდის სტადიონი,ბევრად ჯობდა ბოლნისი და ლანჩხუთის სტადიონებს ერთად აღებულს, რაც დღეს ვნახეთ,მაგრამ ზუგდიდს პატრონი აღარ ჰყავს და უპატრონოს მაგრად მიაწვნენ.ზუგდიდი დაბრუნდება უმაღლესში, დღევანდელი ხელმძღვანელობის გარეშე ოღონდაც
vaxo
01 დეკემბერი 2016 17:57
0
Batono lado rato shegkavs mkitxveli shecdomashi.gia gurulma at mogigo bolnisshi ertit noli sandros golit?
gocha
01 დეკემბერი 2016 14:55
0
ბურდული ტყუილად ბაქიბუქობ, პირველ ლიგაშია შენი ადგილი და მოგიწევს გადასვლა:)
ramazi
01 დეკემბერი 2016 12:50
0
ბურდული ძალიან ჭკვიანი თავის საქმეში. ბათუმს თბილისშ ეთამაშა და სტადიონი მწყპბრშ მოიყვანა. იასა პლეი ოფშ უფრო მნიშნელოვანია საკუთარ კედლებშ თამაშ გულშემატკივრის მხარდაჭერით. ამბობს რიგი სამუშაოები ჩაარდა ამ დროის განმავლობაშო, უკაცრავად და ზუგდიდს და მის გულშემატკივარს რომ პრეტენზიები აქვს მათაც ეზრუნად თავიან სტადიონის წესრიგში მოყვანაში )))))
გურო
30 ნოემბერი 2016 19:40
0
ლადო, რა თქმა უნდა შენ ჩემზე მეტად ჩახედული ხარ ფეხბურთში. მაგრამ რატო არ ჩამოგყავთ ბოლნისში ლეგიონერები? ეს ისეთი გუნდია, რომელსაც შეუძლია ითამაშოს ევროპის ლიგაზე. ითანამშრომლეთ ბრაზილიურ არგენტინულ და აფრიკულ კლუბებთან, ჩამოიყვანეთ ფეხბურთელები და ტრანსფერებში წილში ჩაუჯექით. ბევრი კლუბი აკეთებს უკვე ესე და ჩვენთან არ არის იმხელა რესურსი 10 კლუბი დააკომლექტო კარგი ფეხბურთელებით. გუნდიც ფულს იშოვიც, შედეგიც გექნებათ და ახალგაზრდებიც უკეთესად გაიზრდებიან. დინამოს გარდა ერთადერთი სტაბილური მენეჯმენტის გუნდია ბოლნისი და რატო არ აქვს გრძელვადიანი სტრატეგია არ მესმის.
gia
30 ნოემბერი 2016 19:12
0
ზამთრის პერიოდში ჩვენთანო დაბალი ხარისხის მინდვრები ფუჭდებაო.ასეთი გამართლება მისცა ფედერაციამ ბოლნისი, ზუგდიდის,შეხვედრის სამტრედიაში გადატანას,საინტერესოა ბოლნისში ალბათ ჯერ კიდევ ზაფხულია ან კიდე ევროსტანდარტის მინდორი დააგებინა ბურდულმა საპლეიოფოდ.სანამ ძმაკაცობანას ბოლო არ მოეღება არ იქნება ჩვენი ფეხბურთის საშველი.
თენგო
30 ნოემბერი 2016 18:47
0

სიახლეები პოპულარული