ამდენი ხნის განმავლობაში ადგილობრივი ქომაგი მოთმინებით ელოდა ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისგან ამ მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა ამ საკითხს საშველი არა და არ დაადგა.
სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველანაირად ცდილობდა, ზესტაფონელი გულშემატკივარი კარგი ფეხბურთით გაენებივრებინა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აუცილებლად უნდა მისცეს შეფასება ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღადგინოს სამართალი, რაც გულისხმობს "ზესტაფონის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას.
გაისმა მოწოდებაც, სამართლიანობის აღდგენამდე "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბმა გამოუცხადოს ბოიკოტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ორგანიზებულ ყველა ღონისძიებას.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ზესტაფონში ვიზიტის დროს, მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა ადგილობრივ გულშემატკივარს სამართლიანობის აღდგენის პირობა მისცა...
გულშემატკივრებმა აღნიშნეს ისიც, რომ "ზესტაფონი" არავის მაგიერ არ აპირებს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას და ითხოვს იმ ადგილს, რომელიც მას კანონით ეკუთვნის, რადგან კლუბმა უარი თქვა საეჭვო მატჩში მონაწილეობაზე.
მიიღეს გადაწყვეტილება, დაიწეროს წერილები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, პრემიერ-მინისტრის, სპორტის მინისტრისა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სახელზე. წერილს თან დაერთვება პეტიცია. გუშინვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება "ზესტაფონის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების მოთხოვნით. სავარაუდოდ, შუა კვირაში წერილები, პეტიციითურთ, ადრესატებს დაეგზავნებათ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლელო" "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბის ხელმძღვანელს, კოტე ბოჭორიშვილს გაესაუბრა:
"ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია. გუნდი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან მოიკვეთა უსამართლოდ! ფეხბურთის ფედერაციის ახალმა აღმასკომმა უნდა გააუქმოს ძველის მიერ მიღებული ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
როგორც უსამართლობის მსხვერპლი, ჩვენი გუნდი უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას. სანამ მიდიოდა გარდამავალი ჩემპიონატი, ჩვენ ხმა არ გაგვიღია. ახლაც არ ჩანს ინტერესი ჩვენი საკითხის მიმართ, რაც ძალიან ცუდია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ "ზესტაფონი" იმის გამო მოკვეთა უმაღლესი ლიგიდან, რომ გუნდმა უარი თქვა საეჭვო შეხვედრაში მონაწილეობაზე. დღეს ფეხბურთის ფედერაცია მონდომებით იბრძვის ამ სენის წინააღმდეგ. რა უნდა ექნა გუნდს? მან საქმის კურსში ჩააყენა ქართული ფეხბურთის მაშინდელი ხელმძღვანელობა, თუმცა უშედეგოდ...
ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთში არის პრეცედენტები, რომ გუნდი იბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს უმაღლეს ლიგაში.
"თითქოს არაფერი მომხდარა" - ასეთ პოზაში ყოფნა ოდესმე უნდა დასრულდეს. დღეს ჩვენ შევიმუშავეთ წერილისა და პეტიციის ტექსტი. ისინი მალე გაეგზავნებათ ადრესატებს ზესტაფონელი და არა მხოლოდ ზესტაფონელი გულშემატკივრების ხელმოწერით. ეს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ყველას, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ფეხბურთი.
გვჯერა, ჩვენი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და "ზესტაფონი" ღირსეულად დაბრუნდება უმაღლეს ლიგაში. დაბრუნდება არა რომელიმე გუნდის მაგივრად, არამედ იმ ადგილს დაიკავებს, რომელიც მას ეკუთვნის. ეს იქნება ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვება. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ქალაქის საფეხბურთო ტრადიციას, მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი, ამბიციური კლუბის არსებობას საფრთხე დაემუქროს. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის გარემოს უარყოფითისკენ ჩვენს ქალაქში.
ლევან კობიაშვილი შეგვპირდა, რომ ქართული ფეხბურთის სათავეში მოსვლის შემდეგ აღადგენდა სამართლიანობას და დიდი იმედი გვაქვს, ასეც იქნება. ჩვენთვის ეს არის უზომოდ მნიშვნელოვანი, ღირსების საკითხი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეგ ამბავი მაშინ თუ არ გაგიპროტესტებია, მაშინ შენი არგუმენტების მოსმენაც არაა დიდად საინტერესო