აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე ქუთაისის "ტორპედომ" კლუბში ინვესტორების მისვლის შესახებ განაცხადა. ირანელ ინვესტორთა ჯგუფთან მოლაპარაკება ვერ შედგა, ხოლო "ტორპედომ" ოფიციალური ცნობით დაადასტურა მოლაპარაკება ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავასთან - კომპანია "კაზინო აჭარაბეთის" პარტნიორთან და შპს "ვედიმპექსის" დამფუძნებელთან.

"კლუბის საკუთრების პროცესის დასრულებას ფორმალური მხარის მოგვარებაღა აკლია. ამჟამად, "ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზეა, მაგრამ უახლოეს დროში წარმატებულ ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფის ხელში გადავა", - იუწყებოდა მაშინ კლუბი...

"ტორპედოს" საღორიას ბაზაზე გაცნობითი შეხვედრისას გუნდს მაშინდელი მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი სწორედ მომავალმა პრეზიდენტმა ზაალ (ზაზა) ჩაჩავამ წარუდგინა, ხოლო შემდეგ
ლევან ცქიტიშვილი
და გოგა გახოკიძე, შესაბამისად, ვიცე-პრეზიდენტად და სპორტულ დირექტორად მიიწვია. მემორანდუმი 2017 წლის 1-ელ  იანვრამდე გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ინვესტორმა პასუხისმგებლობა აიღო კლუბის საქმიანობაზე, მოსამზადებელი შეკრებისა და ეკიპირების ხარჯებზე.

მაგრამ დრო გადიოდა, ჩაჩავას კი პრეზიდენტად ოფიციალურად არ ამტკიცებდნენ. გავრცელდა ხმები, თითქოს ის ქუთაისის მერიას (რომელსაც კლუბი ეკუთვნის) საბოლოოდ ვერ შეუთანხმდა. ეს ხდებოდა 22 ნოემბრამდე, ანუ იმ დღემდე, როცა ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

ფინალის შემდეგ ჩაჩავა ზესტაფონში ვნახეთ, სადაც თასის მოპოვებას გუნდთან ერთად მოედანზე პატარა ბავშვივით გახარებული აღნიშნავდა. მაშინ ბიზნესმენმა გვითხრა, რომ კლუბზე უარს არ ამბობდა და რომ მოლაპარაკებების გაგრძელება და საქმის ბოლომდე მიყვანა სურდა.

მაგრამ ახლახან ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ ინვესტორმა "ტორპედოს" დაფინანსებაზე უარი განაცხადა და ყველა შეთანხმება ჩაშლილია.

თვეზე მეტია, კლუბს კვლავ ქუთაისის მერია აფინანსებს და 2016 წლის ბიუჯეტიდან "ტორპედოს" შესანახად 2 მილიონ ლარზე მეტიც გამოჰყო, მაგრამ 2017 წლიდან ამ ტვირთს ფეხბურთის განვითარების ფონდი გადაიბარებს. მართალია, გავრცელებული ხმები, თითქოს, "ტორპედოს" ფეხბურთელებს სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ, არასწორი აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკების ჩაშლის გამო ანაზღაურება დაგვიანებით დარიგდა, ნოემბრის დავალიანება კი 10 დეკემბრამდე დაიფარება.

ჯერ კიდევ უცნობია, ფეხბურთელებს თასის მოპოვებისთვის კლუბზე დარიცხული 100 ათასი ლარიდან პრემია დაურიგეს თუ არა. მურღულიამ ისიც თქვა - რადგან კლუბი ამგვარი მოლაპარაკებებით არ გაიყიდა, ამას აუქციონით გავაკეთებთ, რამდენიმე ჯგუფი კი დაინტერესდა, თუმცა გარანტირებული სპონსორი არ ჩანსო.

აქ საინტერესო სწორედ მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზია: ქუთაისის "ტორპედოს" შემთხვევაში, არც ერთი მხარე არ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია უთანხმოება და რატომ დარჩა "ტორპედო" კვლავ მეპატრონის (და არა სპონსორის) გარეშე.

ერთ-ერთი ვერსიით, პრობლემა დიდი ხარჯის გამო წარმოიქმნა, მაგრამ უფრო სარწმუნო სხვა ვერსია ჩანს - კერძოდ, ინვესტორი კლუბთან ერთად, სტადიონისა და ბაზის მიღებითაც იყო დაინტერესებული, რადგან მატერიალური ქონების გარეშე ქართული კლუბი უინტერესოა.

* * *
დაანონსებული სპონსორი არც ლანჩხუთის "გურიაში" მისულა და ეს ხმებიც ისეთივე "ცრუ განგაში" აღმოჩნდა, როგორც წლების განმავლობაში "გურიას" აღორძინებაზე შექმნილი მითები.

საერთოდ, ბოლო დროს, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კლუბებიდან მხოლოდ გორის "დილა" გასხვისდა. დიდ წარმატებად ჩაითვალა, რომ ებრაელმა მეპატრონემ კლუბი სტადიონის გარეშე გადაიფორმა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს უცნაური ამბავია.

ხომ არ აჯობებს, რომ სახელმწიფომ, ვის ბალანსზეც არის კლუბების უმრავლესობა, კერძო მესაკუთრეებისთვის ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს? ანუ ქართული კლუბით დაინტერესებულ ჯგუფს გადაეცეს არა მხოლოდ კლუბი, არამედ მისივე ქალაქის სტადიონი და ბაზა (თუკი ასეთი გააჩნია). ასეთი პირობა ბიზნესისთვის ბევრად უფრო მიმზიდველია.

ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც სცადონ და, მაგალითად, ქუთაისის "ტორპედო" აქციებით გაყიდონ, საიდანაც წილს გულშემატკივრებსაც დაუთმობენ. გვესმის, რომ ეს საკამათო თემაა, მაგრამ წლები გადის და არაფერი იცვლება, ქართული ფეხბურთი კი ერთ წრეზე ტრიალებს.

სადავო მხოლოდ ის არ არის, რომ ადრე თუ გვიან კლუბები უნდა გასხვისდეს, რადგან ასეთი კლუბები ბევრად უფრო წარმატებულები და შედეგიანები არიან, ვიდრე სახელმწიფოს მართვაში მყოფები, სადაც ხშირად არა საქმის პროფესიონალებს, არამედ ჩინოსნების ახლობელ-მეგობრებს, ან სანდოობის ნიშნით ასაქმებენ ხალხს.

* * *
ამ გაუგებარი მიდგომების გამოა, "ზუგდიდში" უცნაური ინვესტორი რომ მივიდა, რომელიც ფულის დაბანდებას აპირებდა. ხომ ამაყად ჟღერს, კლუბში ინვესტორმა 150 ათასი დოლარი დააბანდა?! ეს ხელშეკრულება საქართველოს დაცინვა იყო და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ვითომ ინვესტორს არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა.

მისი მოსვლით კლუბში ნამდვილად მოხდა დიდი ცვლილება, მაგრამ... მხოლოდ უარესობისკენ. ერთიანი ფონდიდან დარიცხული თანხაც უყაირათოდ გამოიყენეს და უნიჭიერესი ფეხბურთელების მშობელი ქალაქი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. "ზუგდიდის" ყოფილი "ინვესტორი" კი, როგორც ირკვევა, უკრაინაში სამსახურს ეძებს(?!).

მომავალი სეზონიდან PRO ლიგა 1-ის 10 გუნდიდან კერძო ან ნაწილობრივ კერძო მხოლოდ 5 იქნება: თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი", "საბურთალო", გორის "დილა" და საჩხერის "ჩიხურა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
თუ სპონსორი არ მოვა ტორპედოში გუნდმა უარი უნდა თქვას ჩემპიონატში რომ ითამაშოს, დიდი დაცინვა არის ქალაქის, მაგრამ მტერი უნდა ვეძიოთ ქალაქში!
გოგი ქუთაისელი
16:38 13-12-2016
0
გერმანიაში ნახევარზ ემეტი გუნდი ქალაქის მერიიდან ფინანსდება,იმგენმაც უარი უნდა თქვან ჩემპიონატში თამაშზე? ქუთაისის ტორპედო ამას არასდროს გააკეთებსსსსსსსს, და დაელოდეთ 1 თვეში ზაან მაგარ ინფორმაციას გაიგებთ ტორპედოზე.. ასე რომ წინ ტორპედოოოოოოოოოოოოოო
გოგი ქუთაისელი-ს
17:04 13-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული