დამსახურებულად! - რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი II]

AutoSharing Option
იხილეთ დასაწყისი:
- ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]

...გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე მიგვაჩნდა, რომ ჩემპიონობის უფრო მეტი შანსი თბილისის "დინამოს", საჩხერის "ჩიხურას", "საბურთალოსა" და "სამტრედიას" უნდა ჰქონოდათ. თუმცა, წინა სეზონებისაგან განსხვავებით, თბილისის "დინამო" გამოკვეთილი ფავორიტი არ უნდა ყოფილიყო და სხვა გუნდების საჩემპიონო შანსები ამიტომაც იზრდებოდა.

ყოველ შემთხვევაში, "წითელ ჯგუფში" უმთავრესი ფავორიტი სწორედ "სამტრედია" უნდა ყოფილიყო, წინა სეზონის ვერცხლისმედალოსანს კიდევ ერთი (მესამე!) ცდა ჰქონდა სანუკვარი ტიტულის მოსაპოვებლად.

ასეც მოხდა: მოლოდინისამებრ, "სამტრედიამ" დამსახურებულად მოიპოვა "წითელ ჯგუფში"
პირველი ადგილი და მერე ასევე დამსახურებულად გაიმარჯვა საჩემპიონო პლეი ოფშიც! ანუ ყველაფერი კანონზომიერად მოხდა და საერთო აღიარებით, საქართველოს ჩემპიონატს აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვებული ჰყავს!..

კანონზომიერების ზეიმი
გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე "სამტრედიის" შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა: გუნდიდან წავიდნენ ავთანდილ ებრალიძე, ირაკლი სიხარულიძე და გიგი იოსელიანი; ახალწვეულები კი იყვნენ: ნახევარმცველები გიული მანჯგალაძე ("სიონიდან") და გიორგი გამყრელიძე ("გურიიდან"), აგრეთვე, ნიჭიერი შემტევი, ბაჩანა არაბული (თბილისის "დინამოდან", იჯარით).

ამათგან ორი ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა: 24 წლის საზრიანი საყრდენი გიული მანჯგალაძე მოედნის ცენტრში გუნდის კაპიტანს, გიორგი დათუნაიშვილს შეუწყვილდა, 22 წლის ბაჩანა არაბულის შესაძლებლობები კი, როგორც იქნა, სრულად წარმოჩინდა!

არაბულის დამატებით, "სამტრედიის" შემტევი პოტენციალი ბევრად უფრო გამრავალფეროვნდა და უკვე სეზონის სტარტზევე გამოჩნდა ნათლად, რომ ჩემიონატის ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს სწორედ გია ცეცაძის დამოძღვრილი ბიჭები თამაშობდნენ. თანაც, საქმე მხოლოდ სანახაობრივ თუ შემტევ ფეხბურთში არ იყო: "სამტრედია" მიზანმიმართულად მიიწევდა წინ და რეგულარული სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა "წითელ ჯგუფში" პირველი ადგილი.

აღარაფერს ვამბობთ იმ წაუგებელ სერიაზე, თითქმის 5 (ხუთი!) თვე რომ გრძელდებოდა!

საერთოდაც, გარდამავალ ჩემპიონატში "სამტრედიამ" მხოლოდ ერთი მატჩი წააგო ("დილასთან"), ოღონდ, ისიც ვთქვათ, რომ ეს შეხვედრა "სამტრედიისათვის" აღარაფერს წყვეტდა და სხვათა შორის, ეს იყო ერთადერთი მატჩი გარდამავალ ჩემპიონატში, "სამტრედიამ" მეტოქის კარში გოლი რომ ვერ გაიტანა...

Sportall.Ge

აი, დანარჩენ შემთხვევებში კი (საკუთარ მოედანზე თუ სტუმრად), "სამტრედიის" მრავალფეროვანი და აშკარად წინასწარ დამუშავებული კომბინაციების წინააღმდეგ მეტოქეებს უამრავი პრობლემა ექმნებოდათ. თანაც, ხიფათი მხოლოდ გამოკვეთილი ცენტრფორვარდის (ბუდუ ზივზივაძე) ან სწრაფი გარემარბების (დავით რაჟამაშვილი, დავით ჯიქია), ან კიდევ შუამარბის პოზიციაზე გამწესებული არაბულისგან კი არ მოდიოდა: საყრდენი ნახევარმცველებიც (გიორგი დათუნაიშვილი, გიული მანჯგალაძე) აქტიურად მონაწილეობდნენ შეტევით ოპერაციებში, ცენტრალური მცველებიც (ნიკა სანდოხაძე, ჯემალ გოგიაშვილი) ხშირად "სტუმრობდნენ" მეტოქის საჯარიმოს და აღარაფერს ვამბობთ განაპირა მცველების (გიორგი მჭედლიშვილი, ლაშა შერგელაშვილი) ხშირ და ეფექტიან ფლანგურ რეიდებზე.

ამასთან ერთად, "სამტრედია" თავსაც უნარიანად იცავდა: საჩემპიონო პლეი ოფისა და სათასო დაპირისპირებების ჩათვლით, "სამტრედიამ" სულ 16 მატჩი ჩაატარა ამ სეზონში და მხოლოდ სამმა გუნდმა მოახერხა ერთ კონკრეტულ შეხვედრაში მომავალი ჩემპიონის კარში 2 გოლის გატანა ("საბურთალომ", "დილამ", "ჩიხურამ"). ეს ყველაფერი კი მთელი გუნდის დამსახურებაც იყო და რაღა თქმა უნდა, გამოცდილი მეკარისაც: მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა ომარ მიგინეიშვილმა რეგულარულ ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 7 გოლი გაუშვა.

...გარდამავალ ჩემპიონატში მეტოქეთა კარში ყველაზე მეტი გოლი (27) საჩემპიონო პლეი ოფის მონაწილეებმა, "სამტრედიამ" და "ჩიხურამ" გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ რეგულარული ჩემპიონატის განმავლობაში "სამტრედიის" სასარგებლოდ პენალტი არცერთხელ არ დანიშნულა. პლუს ამას, გარდამავალ ჩემპიონატში "სამტრედიის" არცერთ ფეხბურთელს წითელი ბარათი არ მიუღია!..

მთავარი შემოქმედი
"სამტრედიის" ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი ყველამ შეიტანა: კლუბის პრეზიდენტმა გია ომანაძემ, მმართველმა დირექტორმა პაატა შალამბერიძემ, გუნდის ტექნიკურმა პერსონალმა და რაღა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბის წევრებმაც - მთავარი მწვრთნელის თანაშემწე თეიმურაზ ლორთქიფანიძემ და მეკარეების მწვრთნელმა მამუკა აბუსერიძემ.

თუმცა, ცალკე უნდა აღვნიშნოთ "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის როლი ამ დიდ წარმატებაში. წინა სტატიაშიც ვწერდით, რომ ეს სპეციალისტი "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელად 2015/16 წლების სეზონის დაწყების წინ დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 21-წლიანი პაუზის მერე ვერცხლის მედლები მოიპოვა.

მაგრამ ცეცაძე და მისი თანამოაზრეები ამით არ დაკმაყოფილებულან და მომდევნო სეზონი ტრიუმფულად დაასრულეს: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა "სამტრედია" ოქროს მედლებს დაეუფლა!

Sportall.Ge

ცეცაძე თავდაპირველად ბავშვთა ფეხბურთში მოღვაწეობდა; 2010/11 წლების სეზონში რუსთავის "ოლიმპის" დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელი გახლდათ და იმ თაობის (1993/94 წლებში დაბადებულები) ბიჭებიდან ძალიან ბევრმა დიდ ფეხბურთშიც უპრობლემოდ გადმოინაცვლა - ვაკო ყაზაიშვილმა, დავით ხოჭოლავამ, ბაჩანა არაბულმა, ლაშა პარუნაშვილმა, გიორგი პაპავამ, არჩილ ტვილდიანმა, გიორგი ფანცულაიამ, ვარლამ კილასონიამ (უმცროსმა)...

მომდევნო სეზონში კი ცეცაძეს უკვე უმაღლეს ლიგაში ჰქონდა დებიუტი - გორის "დილას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. სწორედ მაშინ გამოიკვეთა მისი საფეხბურთო ფილოსოფია. იმ დროისთვის აშკარად მოკრძალებული რესურსის მქონე "დილა", ყველასთვის მოულოდნელად, შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, ფავორიტებსაც არ უდებდა ტოლს და ამის დასტურად, მაშინდელ მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონთან" სტუმრად მოპოვებული მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება (4:0) გამოდგება...

ამას გარდა, ცეცაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილამ" საქართველოს თასის პირველ მერვედფინალურ მატჩში სტუმრად 2:2 ითამაშა თბილისის "დინამოსთან". თანაც, საქართველოს ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გამართულ ამ შეხვედრაში მოგებას თუ რომელიმე გუნდი იმსახურებდა, ეს სწორედ "დილა" იყო. თუმცა საპასუხო მატჩში "დილას" უკვე სხვა სპეციალისტი მოძღვრავდა - ცეცაძეს გორელთა გუნდიდან წამოსვლა მოუწია...

...მერე იყო მართლაც წარმატებული მუშაობა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში: ცეცაძის ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე გააღწიეს. იმ გუნდში ერთიმეორეზე ნიჭიერი ბიჭები თამაშობდნენ, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა გუნდში ჩაიკარგა და აი, 2015/16 წლების სეზონის დაწყების წინ, როცა ცეცაძე "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, გუნდში თავის ყოფილ შეგირდებს (გაბრიელ თებიძე, ნიკა სანდოხაძე, დავით მთივლიშვილი, დაჩი ცნობილაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ავთანდილ ენდელაძე, ბუდუ ზივზივაძე) უხმო და ამ ბიჭებმაც მწვრთნელის ნდობა გაამართლეს.

გარდამავალი ჩემპიონატის დაწყების წინ კი გია ცეცაძემ თავის კიდევ ერთ ნიჭიერ შეგირდს უხმო და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაჩანა არაბულმა მართლაც მშვენიერი სეზონი ჩაატარა. კიდევ ერთი ნიჭიერი და ასევე ჩაკარგული ახალგაზრდა ფეხბურთელი უნდა ვახსენოთ, ასევე დიდი ნდობა რომ გამოუცხადა გია ცეცაძემ: 21 წლის დავით ჯიქიამ წინა ჩემპიონატიც და გარდამავალი ჩემპიონატიც მშვენივრად ჩაატარა!

ფეხბურთელები
"სამტრედია" კარგად დაბალანსებული გუნდი იყო, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად გამოცდილი მოთამაშებიც გამოდიოდნენ; ანუ ამ დიდ წარმატებაში ყველამ შეიტანა საკუთარი წვლილი: 32 წლის მეკარე ომარ მიგინეიშვილი ადრე უკვე იყო საქართველოს ჩემპიონი ("დილას" შემადგენლობაში) და აი, ეს ტიტული მშობლიური ქალაქის გუნდის მაისურითაც მოიპოვა!

მისი დუბლიორი 24 წლის კახა მეშველიანი გახლდათ; დაცვის ცენტრში საიმედოდ მოქმედებდა 28 წლის ემალ გოგიაშვილისა და 22 წლის ნიკა სანდოხაძის წყვილი, მარჯვენა ფლანგზე 22 წლის გიორგი მჭედლიშვილი გამოდიოდა, მარცხნივ კი, "სტანდარტულების" უბადლო შემსრულებელი, 24 წლის ლაშა შერგელაშვილი, რომელსაც თბილისის "დინამოსა" და "ტორპედოში" ასპარეზობის დროს ყველა სინჯის მედალი ჰქონდა, ახლა კი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.

სხვა მცველებიც უნდა ვახსენოთ: 22 წლის დავით მთივლიშვილი, 22 წლის დაჩი ცნობილაძე და გუნდის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი, 31 წლის დავით იმედაშვილი, რომელიც ადრე "ვიტ ჯორჯიასა" და "მეტალურგში" გახდა საქართველოს ჩემპიონი, ახლა კი მესამე ტიტულიც მოიპოვა!

კიდევ ერთი ტიტულიანი და გამოცდილი ფეხბურთელი "სამტრედიას" შუა ხაზში ჰყავდა: 31 წლის გიორგი დათუნაიშვილი ამ გუნდის ყველაზე სტაჟიანი წევრი გახლავთ და თავისი მეორე საჩემპიონო ტიტულიც "სამტრედიის" კაპიტნის რანგში მოიპოვა.

Sportall.Ge

მშვენივრად მოერგნენ გუნდს ახალწვეულები, 24 წლის გიული მანჯგალაძე და 29 წლის გიორგი გამყრელიძე. აი, კიდევ ერთ ახალწვეულს კი ფატალურად არ გაუმართლა: 29 წლის ბაჩანა ცხადაძემ "კოლხეთთან" გასვლით მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო და, სულ მცირე, რვათვიანი უქმობა მოუწევს; "სამტრედიის" გარემარბებიც უნდა ვახსენოთ, ასევე ძალიან დიდი როლი რომ შეიტანეს ამ გუნდის ტრიუმფში: 28 წლის დავით რაჟამაშვილი, 21 წლის დავით ჯიქია, 22 წლის თეიმურაზ მარკოზაშვილი. ასევე, ის ახალგაზრდა ფეხბურთელებიც უნდა ვახსენოთ, ნაკლები სათამაშო დრო რომ ჰქონდათ: 19 წლის გიორგი ახალაძე, 18 წლის ზაურ ხაბეიშვილი, 17 წლის აკაკი ნინუა...

დაბოლოს, "სამტრედიის" ორ ლიდერზეც: 22 წლის ბაჩანა არაბულმა და 22 წლის ბუდუ ზივზივაძემ მართლაც გამორჩეული სეზონი ჩაატარეს და უდიდესი წვლილი შეიტანეს თავიანთი გუნდის წარმატებაში!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი მწვრტნელია ცეცადზე
nika
01:20 17-12-2016
0
წარმატებებს გისურვებთ მოვა ივლისი და ვნახოთ რა ბიჭები ხართ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული