გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო

AutoSharing Option
საკადრო ცვლილებების შედეგად, თბილისის "დინამოს" კიდევ ერთი ცნობილი მოთამაშე, მეკარე გიორგი ლომაია დაემშვიდობა. რა გახდა ამის მიზეზი, 37 წლის კიპერმა "ლელოს" გაუმხილა.

- შევიტყვეთ, რომ თბილისის "დინამოდან" წამოხვედით.
- დიახ, ასეა. კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე გავაფორმე. მაგრამ დავილაპარაკეთ და ორმხრივი შეთანხების საფუძველზე გავწყვიტეთ.

- მართალია, რომ კარიერის დასრულება გადაწყვიტეთ?
- დიახ, ასე გამოვიდა.

- თამაშის სურვილი აღარ გქონდათ თუ ჯანი აღარ გიწყობდათ ხელს?
- უბრალოდ, 37 წლის ვარ და, ალბათ, დროც იყო...

- მეკარეები უფრო დიდხანსაც თამაშობენ...
- კი,
მაგრამ ბავშვი აღარ ვარ და ინერციით თამაშს ვამჯობინე, ახალი ცხოვრება დამეწყო.

- თქვენს ახალ ცხოვრებაში ფეხბურთს ადგილი ექნება?
- რა თქმა უნდა, ეს ნაღდად გადაწყვეტილი მაქვს - ფეხბურთში დავრჩები. სამწვრთნელო ლიცენზირების კურსებს გავდივარ...

- მწვრთნელობა გადაწყვიტეთ?
- აუცილებლად, რადგან ესაა ჩემი ცხოვრება. სეზონი როგორც კი დასრულდა, მაშინვე განაცხადი შევიტანე B ლიცენზიაზე. სხვათა შორის, ლექციებს ბევრი ცნობილი მოთამაშეც ესწრება, რომელთაც ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში უთამაშიათ.

- მაგალითად...
- ქემოკლიძე, გრიშიკაშვილი, გაბიდაური, ნიკა გელაშვილი... გელაშვილს კარიერა არ დაუსრულებია, თამაშს ისევ აპირებს, მაგრამ თადარიგის წინასწარ დაჭერა არავის აწყენდა.

* * *
გიორგი ლომაია 1979 წლის 8 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. ის გია მაისურაძის საფეხბურთო სკოლა "მთვარის გლობუსის" აღზრდილია. პროფესიული კარიერა 18 წლის ასაკში, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში, თბილისის "დინამოში" დაიწყო. ერთი სეზონი "მერანში" იჯარით გაატარა და "დინამოს" დაუბრუნდა. თუმცა, საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით თბილისის "ლოკომოტივს" შემორჩა და საინტერესოა, რომ ამ კლუბში ყოფნისას გოლიც გაიტანა.

2003 წლიდან ლომაიამ კარიერა რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელა: ჯერ იყო მოსკოვის "სპარტაკი", შემდეგ - "ხიმკი", ბოლოს - ვლადივოსტოკის "ლუჩ ენერგია"; 2007 წელს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ იენის "კარლ ცაისში" გადავიდა, სადაც მაშინ კიდევ 4 ქართველი ირიცხებოდა: ილია კანდელაკი, გიორგი სეთურიძე, გიორგი ონიანი და რევაზ ბარაბაძე. აქ მან ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა, თუმცა "კარლ ცაისი" მესამე ბუნდესლიგაში დაქვეითდა და ლომაიამ კარიერა ლვოვის "კარპატიში" გააგრძელა.

2008 წელს ლომაია საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ რუსთავის "ოლიმპიდან" მალე ისევ თბილისის "ლოკომოტივში" გადაბარგდა, 2009-2015 წლებში კი აზერბაიჯანში, კერძოდ ბაქოს "ინტერში" თამაშობდა.

არის საქართველოსა (1998, 1999) და აზერბაიჯანის ჩემპიონი (2010), საქართველოს თასისა (2000, 2002) სუპერთასის მფლობელი (1999).

ლომაიას სანაკრებო დებიუტი 1998 წელს, ესტონეთის ნაკრებთან ჰქონდა, როცა გუნდს ვლადიმერ გუცაევი ავარჯიშებდა. რეგულარულად ნაკრებში თამაში 2002 წელს დაიწყო და მალევე ეროვნული გუნდის პირველ მეკარედ მოგვევლინა. ერთ-ერთი საუკეთესო სანაკრებო მატჩი მან 2003 წლის 30 აპრილს, რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ჩვენებმა მალხაზ ასათიანის გოლით 1:0 მოიგეს. მოგებაში დიდი წვლილი სწორედ ლომაიამ შეიტანა.

ალენ ჟირესის მწვრთნელობის დროს ლომაიას ნაკრებში თამაშის შანსი თითქმის არ ეძლეოდა, რადგან ფრანგმა მის ადგილზე ვეტერანი აკაკი დევაძე დააბრუნა. გუნდში 2006 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა. მაგრამ მალე ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა ისევ რეზერვში გადაისროლა, რადგან ვლადივოსტოკის "ლუჩ ენერგიაში" სათამაშო პრაქტიკა აკლდა.

2008 წელს, თბილისის "ლოკომოტივში" სათამაშო პრაქტიკა აღიდგინა და ნაკრებში ისევ დაბრუნდა.

საინტერესოა, რომ ეროვნული ნაკრების მეკარეთა შორის ყველაზე მეტჯერ (45) კარში სწორედ ლომაიამ იდგა. მისი რეკორდის გაუმჯობესების ყველაზე მეტი შანსი უახლოეს პერიოდში გიორგი ლორიასა (38 თამაში) და ნუკრი რევიშვილს (29) აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა ყველაფრისთვის, მაგარი მეკარე იყავი და მაგარი კაცი ხარ. წარმატებები მომავალში
გრიშა
14:30 24-12-2016
0
შენ მაღალი დონის მეკარე იყავი და ხარ ლომა, წარმატებები სამწვრთნელო საქმიანობაში.
გიო
10:36 24-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული