არსებობის განმავლობაში, "ცხინვალმა" არაერთი კარგი მოთამაშე გაუზარდა ქართულ ფეხბურთს. თუნდაც ნიკა კაჭარავა, მთავარი მწვრთნელის ვაჟი, ვინც ახლა საქართველოს ნაკრების ფორვარდი და კვიპროსული "ეთნიკოსის" (ახნა) ერთ-ერთი ლიდერია.
ბოლო წლებში "ცხინვალი" ჩვენთვის სწორედ კახა კაჭარავასთან ასოცირდება, მწვრთნელთან, რომელსაც აშკარად თავისებური, განსხვავებული ხელწერა აქვს ქართველ სპეციალისტებს შორის.
დარჩება თუ არა ის გუნდში მთავარ მწვრთნელად? გამოცდილ სპეციალისტს ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ...
- გამოდის, რომ "ცხინვალში" დარჩენას არ გამორიცხავთ?
- არა, რატომ?.. მოგეხსენებათ, ეს რიგითი კლუბი არ არის საქართველოსთვის. ის წარმოადგენს რეგიონს, რომელიც დროებით მოწყვეტილია ჩვენი სამშობლოსგან. ამის გათვალისწინებით, ეს ჩვენთვის ვერ იქნება რიგითი კლუბი. როცა "ცხინვალზეა" ლაპარაკი, ფინანსურ საკითხს პირველ პლანზე ნამდვილად ვერ დავაყენებ. ცხოვრებაში ფულზე მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს...
ამდენი წელი ვიმუშავე "ცხინვალში". გუნდში სულ ჩემი მეგობრები არიან. თუ იქნება საშუალება, რომ დაკარგული პოზიციები დავიბრუნოთ, ვერც ერთ შემთხვევაში განზე ვერ გავდგები. წასვლაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიფიქრებ, თუ არ იქნება ელემენტარული პირობები იმისთვის, რომ ჩვენი ჩანაფიქრი რაღაც დონეზე მაინც განვახორციელოთ, თუ "ცხინვალი" აღარ დასჭირდება საქართველოს... მაგრამ მჯერა, ასე არ მოხდება...
- ძირითადი ბირთვის შენარჩუნება გაგიჭირდებათ...
- რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება. ჩვენი ფეხბურთელების მიმართ არის კონკრეტული ინტერესი. ზოგიერთმა უკვე შეიგულა ახალი გუნდი. მაგალითად, თბილისის "დინამოში" ითამაშებს საყრდენი ნახევარმცველი ბაქარ ქარდავა. ფაქტობრივად, ყველა ფეხბურთელს უსრულდება კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს. ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მართლაც გაგვიჭირდება. ჩვენ სწორად უნდა დავსვათ აქცენტები. არასოდეს ვუშინდებოდით ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურებას...
მოკლედ, ვნახოთ, რა და როგორ იქნება...
- ერთხელაც მოგიწევთ ახალი გუნდის აშენება...
- ამას მიჩვეულები ვართ უკვე. რა თქმა უნდა, სიახლეები გვექნება, მაგრამ ამასთან ერთად, ისიც გვინდა, რომ ძველი შემადგენლობიდან რამდენიმე მოთამაშე შევინარჩუნოთ. თავადაც დამეთანხმებით, უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად დიდი ბრძოლა იქნება.
- ახლა, ალბათ, შეიძლება ანალიზის გაკეთება. რატომ გავარდა "ცხინვალი" უმაღლესი ლიგიდან?
- ყველაფრის თავიდათავი არის ფინანსები. რომ ვიფიქროთ მე და თქვენ, ძალიან დიდხანს ვერ მოვიფიქრებთ გუნდს, რომელსაც ფინანსური სიძლიერის გარეშე რაიმე წარმატებისთვის მიუღწევია. უბრალოდ, ეს თანამედროვე ფეხბურთის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ამის წინა სეზონში ეს ასე თუ ისე შევძელით. მინიმალური დაფინანსებით დავიკავეთ ევროპაში გამსვლელი ადგილი და ევროპის ლიგაშიც ვითამაშეთ. ჩვენი წამყვანი ფეხბურთელები სხვადასხვა ქართულ გუნდებში წავიდნენ და იმ გუნდებმა გასული სეზონის შედეგების მიხედვით საქართველოს ჩემპიონატში მაღალი ადგილები დაიკავეს.
პირდაპირ ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით - ძირითადი ბირთვი რომ შეგვენარჩუნებინა, ჩემპიონობას თუ არა, საპრიზო ადგილებს მაინც შევწვდებოდით. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა... თუმცა უკან დაბრუნება სავსებით შესაძლებლად მეჩვენება. რვა ფეხბურთელის წასვლა ნებისმიერ გუნდს დაასუსტებს და ასე მოგვივიდა ჩვენც. დავამატოთ ამას ისიც, რომ გვქონდა პერმანენტული ტრავმები... მოკლედ, მივიღეთ ის შედეგი, რაც დღეს არის.
- საინტერესოა, დარჩება თქვენი ვაჟი ახნას "ეთნიკოსში"? ვიცით, რომ ნიკა კაჭარავას გადაბირებით რამდენიმე კვიპროსული და სხვა ქვეყნის გუნდია დაინტერესებული...
- ნიკა მაისამდე "როსტოვს" ეკუთვნის. რა თქმა უნდა, მისი მომავლის თაობაზე ბევრს ვმსჯელობთ ერთად. მის მიმართ მართლაც არის ინტერესი რამდენიმე კლუბისგან - როგორც კვიპროსიდან, ისე მის ფარგლებს გარედან. ჩემი აზრით, შეიძლება, სჯობდეს კიდეც ნიკასთვის, რომ სეზონის ბოლომდე "ეთნიკოსში" დარჩეს.
მე მამა ვარ და ჩემგან მისი ქება არ გამოვა. უბრალოდ, ყველა ვხედავთ, რომ სტაბილურად თამაშობს, გააქვს გოლები. სეზონის ბოლომდე რომ მოიცადოს და მერე გადადგას შემდეგი ნაბიჯი, შეიძლება, ასე აჯობოს მისთვის.
მეორე მხრივ, ნიკას აქვს ამბიცია და მე მისი ბოლომდე მესმის. მას უნდა, რომ ითამაშოს უფრო მაღალ დონეზე და ამაში გასაკვირი არაფერია. ნებისმიერ შემთხვევაში, მან იცის, რომ საკუთარ თავზე კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"