ქუთაისის "ტორპედოში" დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო. გუგა ფალავანდიშვილს, იურგენ კოლინსა და ოთარ კვერნაძეს კონტრაქტები დაუსრულდათ და ახალ გუნდებს ეძებენ. შემცვლელი კი ჯერ მხოლოდ ერთია - ცენტრფორვარდი ნიკა საბანაძე...
კვერნაძესთან ერთად, ხელშეკრულების ვადა კიდევ 10 მოთამაშეს გაუვიდა და ზოგმა საკუთარი ნებით არ ისურვა მისი გახანგრძლივება, ნაწილთან თანამშრომლობაზე უარი კი "ტორპედოს" მმართველებმა თქვეს. აქვე ვიტყვით, რომ წასულთა უმრავლესობა იშვიათად თამაშობდა: მეკარე მაქსიმე ქვილითაია რჩება, ხოლო მისი მოგვარე და კონკურენტი მამუკა ქვილითაია (არცერთი მატჩი) წავიდა.
გუნდი დატოვა
გარდამავალი ჩემპიონატის მსვლელობისას, ქუთაისელთა შემადგენლობაში ყველაზე ასაკოვანი ტორპედოელი ნერგაძე გახლდათ. მან "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რატომ დატოვა გუნდი:
"კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მქონდა, მაგრამ "ტორპედოს" მწვრთნელებს რომ ველაპარაკე, ხელშეკრულების შეწყვეტა გადაწყვიტეს. სად ვითამაშებ? პრო ლიგა 1-ის წყალტუბოს "სამგურალი" მიწვევს და დიდი ალბათობით, ამ გუნდში გადავალ", - ამბობს ნერგაძე.
ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელი კახა ჩხეტიანი დაინტერესებულია, რომ კლუბში დროულად მივიდეს ინვესტორი, რათა ფინანსური საკითხები ახლავე გადაწყდეს, რაზეც პირდაპირ არის დამოკიდებული საინტერესო მოთამაშეების დამატება. "ტორპედოს" დამრიგებელი ბიზნესმენ ზაალ (ზაზა) ჩაჩავას დაბრუნებას მხარს უჭერს:
"ჩაჩავასა და მერიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მერიის სურვილიც არის, პრობლემა მოგვარდეს და იმედია, ეს ურთიერთობა კლუბის სასარგებლოდ დასრულდება.
საქართველოში ისეთი ვითარებაა, რომ სპონსორი თუ გამოჩნდება, სახელმწიფოზეა დამოკიდებული რაღაც საკითხების გადაწყვეტა. სახელმწიფო კი გარკვეულ დათმობაზე უნდა წავიდეს და ფეხბურთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს. მაგალითად, ინვესტორმა ფული სტადიონის იჯარაში მაინც არ უნდა გადაიხადოს".
საერთოდ, მეპატრონესთან დაკავშირებით ქუთაისურ კლუბში კურიოზული ვითარებაა. სხვა რეალურ მსურველს ჯერ "ტორპედოსკენ" არ გაუხედავს. ჩაჩავას კი კლუბში მისვლა სურდა და ჩანაფიქრზე ხელი დღემდე არ აუღია. მიუხედავად იმისა, რომ "ტორპედო" გადაფორმებული არ ჰქონდა, ამ ახალგაზრდა ბიზნესმენმა გუნდში დაახლოებით 300 ათასამდე ლარი დახარჯა - ეკიპირებაზე, შეკრებაზე, მოთამაშეებთან საკონტრაქტო (ე.წ. პადიომნები) თანხებზე. ანუ მას ფეხბურთი რეალურად აინტერესებს და ამის შედეგი იყო, გარდამავალ ჩემპიონატამდე ლამის დაშლილ გუნდში წასვლის მსურველ რამდენიმე ფეხბურთელს ხელფასი რომ გაუზარდეს და დატოვეს, პლუს, რამდენიმე ახალიც მიიწვიეს. ცხადია, "ტორპედო" საქართველოს თასს რომ დაეუფლა, ამ ნაბიჯების შედეგიც გახლავთ.
- [ექსკლუზივი] წლიური 500 000 და უფასო აკადემია - ჩაჩავას შეთავაზება "ტორპედოს"
ჩაჩავა გუნდში იმ პირობით მიდიოდა, რომ კონტრაქტის ვადაში სიმბოლურად, ერთ ლარად გადასცემდნენ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისა და საღორიის ბაზის მართვის უფლებას - ისევე, როგორც ეს კომპანია "ვისოლის" შემთხვევაში მოხდა. ბოლოს, ვითარება შეიცვალა და ამ პირობიდან მხოლოდ გუნდის გადაცემა დარჩა - ჩაჩავას სტადიონზე პრეტენზია არც ჰქონდა და მხოლოდ ერთს ითხოვდა, სტადიონზე გუნდს უფასოდ ეთამაშა.
რაც შეეხება ბაზას, ის ცალკე თემად განიხილებოდა და ესეც მოულოდნელი იყო.
ასეთი რთული მოლაპარაკებების მიუხედავად, ჩაჩავა ახლაც მზად არის, "ტორპედოში" 500 ათასი ლარი დააბანდოს და საფეხბურთო აკადემიას მიხედოს, სადაც 250 ბავშვი უფასოდ ივარჯიშებს. ამის მიუხედავად, ქუთაისის მერია "ტორპედოს" მეპატრონეობაზე აუქციონის ჩატარებას აპირებს.
უცნაურია, რატომ არ ჩქარდება უფულო და ფინანსური პრობლემებით სავსე კლუბის ბიზნესმენზე გადაბარება - ამით ხომ ისევ "ტორპედოს" საქმე ფუჭდება?!
- ქუთაისის მერი: გადაყოლილია მერია "ტორპედოზე" და საქმეს რანაირად ვაფერხებთ?
სხვათა შორის, ახალ ჩემპიონატში დღის წესრიგში კიდევ ერთი ახალი საკითხი დადგება: მომდევნო სეზონში პრო ლიგა 1-ში გუნდებს 36 შეხვედრის გამართვა მოუწევთ, პლუს, თასის მატჩები, რასაც "ტორპედოსთვის" ევროპის ლიგის მატჩები დაემატება. გასულ წელს შემადგენლობაში 16-18 მოთამაშე თუ იყო საკმარისი, 2017 წელს მეტი რესურსი იქნება საჭირო.
ჩხეტიანის თქმით, გუნდში ჯერ მხოლოდ 2 ფეხბურთელი აიყვანეს:
"ნიკა საბანაძის ამბავი უკვე ყველამ იცის. ჩვენი მეორე ახალწვეული "ცხინვალის" ნახევარმცველი ბიძინა მახარობლიძეა. ნიჭიერი ბიჭია, მომწონდა და მიხარია, ახალი სეზონიდან ჩვენთან რომ ითამაშებს. იმედია, ის "ტორპედოს" მიზნების შესრულებაში დაეხმარება.
საერთოდაც, იმედია, კლუბის მეპატრონის საკითხი დროულად გადაწყდება. ეს კლუბს დაეხმარება, რომ არსებული პრობლემები უმოკლეს დროში გადაიჭრას. ამ ყველაფერს ხომ მთავარ საკითხთან მივყავართ - სასურველი მოთამაშეები დროულად უნდა მოვიყვანოთ და შეკრების საკითხი ახლავე გადავწყვიტოთ. სხვაგვარად, ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებელი იქნება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეს ფინანსური პრობლემები კიდევ საიდან მოიტანეთ - რადგან სპონსორი არ ყავს, ამიტომ ფინანსური პრობლემებია? ერთიანი ფონდიდან არ ფინანსდება გუნდი?