უჩა სოსიაშვილმა ორი წლისა და 8 თვის განმავლობაში იმუშავა გორის "დილაში". თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გორში მისი საქმიანობის პერიოდი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო.
დიახ, ისტორიაში პირველად, სწორედ მისი ხელმძღვანელობით გახდა "დილა" საქართველოს ჩემპიონი და ითამაშა ევროთასებზე. სოსიაშვილი კი შეიქნა ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი, ვისი თავკაცობითაც შიდა ქართლის მთავარმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.
არადა, საქართველოს
ჩემპიონთა ლიგაში გორულ კლუბს საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდა სერბული "პარტიზანის" სახით. გასაგებია, რომ შემადგენლობა არც გორელებს დაეწუნებოდათ, მაგრამ მოხდა ისე, რომ სერბულმა გრანდმა ორივე შეხვედრა მოიგო. "პარტიზანი" წლების განმავლობაში მოდიოდა ერთ გუნდად, "დილა" კი სახელდახელოდ შეკოწიწებული, ერთი თვის კრებული იყო...
ამის შემდეგ "დილა" საქართველოს ჩემპიონატზე გადაერთო და კვლავ გავიდა ევროთასებზე. რა თქმა უნდა, უსიამოვნო იყო მარცხი საშუალოზე დაბალი დონის სომხურ "შირაქთან", მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდი ევროთასებისთვის ქრონიკულ უსახსრობაში ემზადებოდა. ზედ ევროსტარტის წინ მთელი შემადგენლობა შეიცვალა.
გასათვალისწინებელია, რომ მთელმა გასულმა სეზონმა სწორედ ამ ნიშნით ჩაიარა. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ "დილა" მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებით დაკმაყოფილდა - ამ მიზნის მისაღწევად, გორელებს პლეი აუტში ლანჩხუთის "გურიის" დამარცხება დასჭირდათ. არადა, ორიოდე ქულით მეტი რომ მოეგროვებინა, ევროპალიგის საგზურს მოიგებდა და კიდევ ერთხელ ითამაშებდა ევროთასებზე საქართველოს სახელით.
"დილა" ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იყო, როცა გუნდში ებრაული ინვესტიცია გამოჩნდა. ამ ხალხს სოლიდური გეგმები აქვს და მისი განხორციელება კლუბს სოსიაშვილის გარეშე მოუწევს. რა თქმა უნდა, "დილას" ხელმძღვანელობის უშუალო პრეროგატივაა გუნდისთვის მწვრთნელის შერჩევა. უბრალოდ, ფაქტს გავუსვათ ხაზი - გორული გუნდის სათავეში სოსიაშვილის საქმიანობა მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაწვრთნის გორულ კლუბს. სავარაუდოდ, "დილას" ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში გააკეთებს განცხადებას საკითხთან დაკავშირებით. კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს სოსიაშვილის ნაცვლად "დილას" გაწვრთნის გიორგი დარასელია, რომელსაც ამ კლუბში უკვე ნამუშევარი აქვს.
ვიდრე ახალი მწვრთნელის ვინაობა გაცხადდება, შეგახსენებთ, რომ სოსიაშვილის სამწვრთნელო კარიერა 35-ე საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. ამის შემდეგ ის საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. მუშაობდა "ავაზაში", ნაყოფიერი პერიოდი გაატარა "სამტრედიაში", რასაც მოჰყვა "დინამოს" მეორე გუნდი, საიდანაც "დილაში" მიიწვიეს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რანიერის ჩემპიონი ლესტერი ახლა ბოლოდან მეხუთე ადგილზეა და არავინ ერჩის კლაუდიოს.
უჩამ ამდენი გააკეთა გორში და ახლა როცა ის ყველაზე მეტადაა საჭირო,ახლა აგდებენ? ეს გაშვებაც არაა, ეს არის უმადურობა და და გაგდება.
ამაზე კრეატიული ვინა გყავთ? ეს რომ 40 წლის იქნება, მის გევრდით გეგუჩაძე და ცეცაძეც კი ჩამქრალი ვარსკვლავები იქნებიან.
აზრზე მოდით.
სამტრედიელები მადლიერნი ვართ უჩასი!