"გაგრა": ანატოლი პისკოვეცის ახალი ხუთეული

AutoSharing Option
"გაგრამ" ლიგა პრო 1-ში თამაშის უფლება მოიპოვა და სეზონისთვის მზადებას ყველაზე ადრე შეუდგა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა საკადრო გადაადგილებები 5 მოთამაშის დამატებით დაიწყო.

პირველი მათგანი თბილისის "დინამოს" ყოფილი წევრი გიორგი გეთიაშვილია. პოზიციით ცენტრალური მცველი 26 წლისაა და ბოლო სეზონი თბილისის "ლოკომოტივში" ჩაატარა.

გუნდს დაეხმარება თავდამსხმელი ზვიად ქანთარიაც, რომელმაც კარიერა, გეთიაშვილთან ერთად, თბილისის "დინამოში" დაიწყო. 26 წლის შემტევი ბოლოს მარტვილის "მერანში" თამაშობდა და საჩხერის "ჩიხურასთან" გოლით გუნდს ეროვნული თასის ფინალში გასვლაში დაეხმარა. საინტერესოა, რომ გარკვეული პერიოდი ქანთარია "გაგრას" ღირსებას უკვე
იცავდა.

"გაგრაში" თბილისის "ლოკომოტივის" კიდევ ერთი ყოფილი წევრი გიორგი დუმბაძე ითამაშებს. 20 წლის მცველი ზაფხულიდან თერჯოლის "საპოვნელაში" ირჯებოდა.

ნახევარმცველია შოთა გვაზავა, რომლის დამატება პისკოვეცმა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა 23 წლის ფეხბურთელი ზუგდიდის "ოდიშში" შენიშნა.

გუნდში ითამაშებს თორნიკე მოსიაშვილიც, რომელიც "გაგრას" აღზრდილია და ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, სანამ პისკოვეცმა უკრაინიდან გამოცდილი მოთამაშეები არ მიიყვანა. 25 წლის ნახევარმცველი 2016 წლის ზაფხულში თურქეთის რანგით მესამე ლიგის "ჰოფასფორში" ჩაირიცხა. მანამდე კი უმაღლესი ლიგის გუნდებში - ფოთის "კოლხეთში", ლანჩხუთის "გურიასა" და ქობულეთის "შუქურაში" გამოდიოდა.

საინტერესოა, რომ "ჰოფასფორში" თამაშობს ბოლნისის "სიონის", "გურიის" და "ცხინვალის" ყოფილი თავდამსხმელი ვილი ისიანიც. 3 წლის წინათ, ისიანმა ევროპის ლიგაზე ბოლნისელთა შემადგენლობაში მშვენივრად ითამაშა და საწყენია, რომ ასეთი ფეხბურთელი უმაღლეს ლიგაში არ არის. მაგრამ თურქეთის ქვედა ლიგებშიც კი ბევრად მაღალი ხელფასებია, ვიდრე საქართველოს ლიდერ გუნდებში და რა გინდა, რომ ქნა?

"გაგრის" პრესსამსახურის ცნობით, გუნდი უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული