მეტოქე: "რეალის" და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს წინააღმდეგ

AutoSharing Option
იორდანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აბდულა მესფერმა დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც 25 იანვარს, დუბაიში, საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

თუ ჩვენი ნაკრები მთლიანად გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს, იორდანიას, პრაქტიკულად, არ აქვს დანაკლისი. აბდულა მესფერის განკარგულებაში ამ ქვეყნის ყველა გამორჩეული ფეხბურთელია:

მეკარეები: ამერ შერიფი (ალ ვეჰდა), მოათეზ იასინი (ალ ფაისალი), აჰმედ აბდელ-სატარი (ალ ჯაზირა);
მცველები: მოჰამედ ალ დემირი (ალ ვეჰდა), ტარეკ ხატაბი (ალ ვეჰდა), იბრაჰიმ ალ ზავარეჰი (ალ ფაისალი), იასერ ალ რავაშდე (ალ ფაისალი), მოჰამედ ჰაირულა (ალ ჯაზირა), ფერას სელბეი (ალ ჯაზირა), იბრაჰიმ
დალდუმი (ალ ფაისალი), მოჰამედ ზურეიქათი (ალ ფაისალი);
ნახევარმცველები: ბაჰა ადელ-რაჰმანი (ალ ფაისალი), საედ მურჯანი (ალ რამტა), აჰმედ სამირი (ალ რამტა), მუნტერ აბუ ამარა (ალ ვეჰდა), რაჯა რაიედი (ალ ვეჰდა), ისან ჰადადი (ალ რამტა), მაჰმუდ ალ-რამდი (ალ აჰლი), იაზან ტალჯი (ალ აჰლი), ამერ აბუ ჰუდაიბი (ალ ჯაზირა);
თავდამსხმელები: ჰამზა ალ-დარდური (ალ რამტა), იუსეფ ალ რავაშდე (ალ ფაისალი), ტაჰერ ბავაბი (უკლუბოდ), ბაჰა ფაისალი (ალ ვეჰდა), მუსა ალ-ტაამარი (შაბაბი).

იორდანიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე ცნობილი ფიგურა 31 წლის ტაჰერ ბავაბია. არადა, ამ დროისთვის ის უკლუბოდაა და იმედოვნებს, რომ მალე იპოვის ახალ ნავსაყუდელს.

ამ ფეხბურთელს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მისი საფეხბურთო კარიერა ესპანეთში, "რეალის" მესამე გუნდში დაიწყო. ამის შემდეგ დაწინაურდა "კასტილიაში" და... მერე "ბარსელონაში" გადაბარგდა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა იორდანიელს კატალონიური გრანდის ძირითადში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, მაგრამ "ბარსას" მეორე გუნდში 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო.

"ბარსელონას" შემდეგ ბავაბი კატალონიაშივე, "ოსპიტალეტში" გადავიდა. ამას მოჰყვა ორი ნაკლებად ცნობილი ესპანური კლუბი, რის შემდეგაც ბავაბმა რუმინეთს მიაშურა და "გლორიას" მაისურა მოირგო. ამის შემდეგ მან ითამაშა რუმინულსავე "გაზ მეთანში", კრაიოვას "უნივერსიტატიასა" და იქაურ გრანდ "სტიაუაშიც". ბოლოს ბავაბი ყატარული "უმ სალალის" ღირსებას იცავდა. მან ეს გუნდი დატოვა და ევროპაში სურს დაბრუნება.

ზოგადად, შეიძლება იორდანიის ნაკრები ვინმეს ხელწამოსაკრავ მოწინააღმდეგედ მოეჩვენოს, მაგრამ ეს ასე არ არის. ჯერ ერთი, აზიური ნაკრები ფიფას რეიტინგში გვისწრებს. გასაგებია, რომ ეს რეიტინგი ყოველთვის არ ასახავს ძალთა თანაფარდობას, მაგრამ მაინც...

მეორეც, იორდანიელებს ჰყავთ წლების განმავლობაში შეთამაშებული გუნდი. და ეს მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები სრულიად სხვა შემადგენლობით ითამაშებს.

იორდანიის ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის აუტსაიდერი რომ არ არის, ამას მისი შედეგებიც მოწმობს. მაგალითად, 2015 წელს მან ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრებს, ერაყს, ავსტრალიას მოუგო, 2016 წელს კი ეგვიპტე და არაბეთის საემიროებიც დაამარცხა.

ზოგადად, ნებისმიერი არაბული ქვეყნის ნაკრების უპირატესობა ის არის, რომ მათი ფეხბურთელები შინაურ კლუბებში თამაშობენ და ნაკრების ძირითადი ბირთვი კარგადაა შეთამაშებული.

შეიძლება ჩვენ არაფერს გვეუბნება იორდანიული კლუბების სახელები, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში ჩადიან ისეთი ლეგიონერები, რომლებზეც ქართული კლუბები უარს ნამდვილად არ იტყოდნენ. მაგალითად, იმ კლუბებში, საიდანაც იორდანიის ნაკრებს ჰყავს ფეხბურთელები, თამაშობს არაერთი ლეგიონერი, რომელთაც სხვადასხვა დროს უთამაშიათ ხორვატიის, ფინეთის, ბრაზილიის, ნიგერიის ჩემპიონატებში და აქ ყველა შემთხვევაში ვგულისხმობთ უმაღლესი ლიგის გუნდებს.

ერთი სიტყვით, კუდს ყავარზე ნუ შემოვდებთ და რეალურად დავამტკიცოთ, რომ მოწინააღმდეგეზე ძლიერები ვართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ თამაშების შედეგი ფიფას რეიტინგზე ახდენს გავლენას?
irakli Apkhaidze
19 იანვარი 2017 22:07
0
ვერ მივხვდი "ნამიოკს".
უზბეკეთიც და იორდანიაც ჩვენზე ძლიერები არიან, მითუმეტეს ამ შემადგენლობებით.
haha
19 იანვარი 2017 16:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული