საქართველო VS უზბეკეთი - შანსი ნაკრების კანდიდატებისთვის

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, თბილისის დროით 17:00 სთ-ზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდება უზბეკეთის უპირველეს გუნდს. ეს იქნება დუბაიში მიმდინარე შეკრების პირველი მატჩი, რასაც 25 იანვარს მოჰყვება სპარინგი კიდევ ერთ აზიურ ნაკრებთან - იორდანიასთან.

- საქართველოს ნაკრები: ბოლო ვარჯიში უზბეკეთთან მატჩის წინ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გვაცნობა, რომ უზბეკთა თხოვნით, მატჩი "დახურულია" და ტრანსლაცია არ იქნება. იორდანიასთან ამხანაგურზე კი ანალოგიური საკითხი დღეს გადაწყდება, ხოლო მანამდე გადავხედოთ საქართველო-უზბეკეთის წინასამატჩო სიტუაციას:

დუბაიში ბევრი რამ გამოჩნდება
საქართველოს ნაკრები უზბეკეთთან მატჩს მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით ხვდება. 23
იანვარი ფიფას მიერ სანაკრებო მატჩებისთვის შერჩეული თარიღი არაა. ასე რომ, გაჭირდა იმ ლეგიონერების კლუბებიდან დახსნა, რომელთაც აქამდე არცთუ ბევრი პრაქტიკა ჰქონდათ ქვეყნის პირველ გუნდში.

შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სანაკრებო სიაში მხოლოდ ორი ლეგიონერია დავით ხოჭოლავასა ("ჩერნომორეცი") და ჯიმი ტაბიძის ("გენტი") სახით. ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე (ისინი ნაკრებს დუბაიში შეუერთდნენ) ახლახან გადავიდნენ ყაზახურ "ატირაუში", ლაშა შერგელაშვილიც ცოტა ხნის წინათ შეუერთდა ლატვიურ "რიგასს".

ამ ფეხბურთელებზე ვლადიმირ ვაისმა წარმოდგენა საქართველოს ჩემპიონატიდან შეიქმნა. აქვე ვთქვათ, რომ დვალიშვილსა და ლობჟანიძეს უცხოეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ, აღარაფერს ვამბობთ ქვეყნის პირველ გუნდზე.

ამის მიუხედავად, ასეთი მატჩები საჭიროა. დღეს ეროვნული პირველობა არ არის იმ დონის, საერთაშორისო ოფიციალურ თამაშებში მასობრივად რომ დავეყრდნოთ ქართული კლუბების მოთამაშეებს, მაგრამ ამ ბიჭებს აქვთ სანაკრებო ამბიციები და ამ ამბიციებს, სულ მცირე, შემოწმება მაინც სჭირდება.

თავის მხრივ, ეს არის შანსი ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც. ვინ იცის, რა თვალით შეხედავს მათ ვაისი. ვინძლო, ზოგიერთი მათგანის სანაკრებო და, შესაბამისად, საკლუბო კარიერაც ამ შეკრების შემდეგ სხვა გზით წავიდეს. თუ მომავალში რამდენიმე ფეხბურთელი რეალურად გამოადგება ნაკრებს, დუბაის შეკრების მიზანსა და მისიას შესრულებულად ჩავთვლით. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხომ კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა...

აქვე შეგახსენებთ, რომ ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდა თედორე გრიგალაშვილი, ხოლო თავდაპირველ არჩევანს მოგვიანებით შეემატნენ ჯიმი ტაბიძე და ლაშა პარუნაშვილი.

საქართველოს ნაკრები უზბეკეთთან მატჩისთვის ასეთი ოცეულით ემზადება:

მეკარეები: როინ კვასხვაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია), ოთო გოშაძე (საბურთალო);

მცველები:
თორნიკე გრიგალაშვილი (ჩიხურა), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე (ტორპედო), ჯიმი ტაბიძე (გენტი, ბელგია);

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია (დინამო ბთ), გიორგი განუგრავა (ჩიხურა), ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბაჩანა არაბული (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ბექა ტუღუში (ტორპედო), საბა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ), ლაშა პარუნაშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).

კიდევ რომ გვენახა...
ურიგო არ იქნებოდა, რამდენიმე ლეგიონერი კიდევ გვენახა რეალურ საქმეში, მაგალითად, შესანიშნავ ფორმაში მყოფი ახნას "ეთნიკოსის" მეგოლე ნიკა კაჭარავა, ვისაც კვიპროსის ჩემპიონატში ლამის ყოველ მატჩში გააქვს გოლი;

ან მისი ახალი თანაგუნდელი გუგა ფალავანდიშვილი და არც პორტუგალიური "მორეირენშეს" ძირითადი მეკარის, გიორგი მაკარიძის დავიწყება შეიძლება.

ძალიან საინტერესო იქნებოდა ლუგანსკის "ზორიას" შემტევი ნახევარმცველის, ჯაბა ლიპარტიას ნახვაც. ის გამოძახებული იყო ბოლო სანაკრებო შეკრებაზე, თუმცა არ უთამაშია.

კარგი იქნებოდა, ვაისს ენახა გიორგი მერებაშვილიც. იქნებ ის ჩაჯდეს სლოვაკის გემოვნებაში. მათე ცინცაძეს რაც შეეხება, ის ახალმა კლუბმა (შჩეცინის "პოგონი") არ გამოუშვა ნაკრებში...

გავუწიოთ ანგარიში მეტოქეს
უზბეკეთის ნაკრებს რეალური შანსი აქვს, არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშოს მსოფლიოს ჩემპიონატზე. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სამველ ბაბაიანმა საქართველოსთან სათამაშოდ შემდეგი ფეხბურთელები შეარჩია:

მეკარეები: ალექსანდრ ლობანოვი (პახტაკორი), მუროდჟონ ზუხუროვი (ბუნიოდკორი), იგნატი ნესტეროვი (ლოკომოტივი);

მცველები: სტანისლავ ანდრეევი (პახტაკორი), ალექსანდრ მარელიაკოვი (ბუხარა), აზიმ ახმედოვი (პახტაკორი), რუსტამ აშურმატოვი (ბუნიოდკორი), ბობურ იოლდოშევი (ლოკომოტივი), ისლომ ტუხტახუჟაევი (ლოკომოტივი), შურხატ მუხამადიევი (ლოკომოტივი), დავრონ ხომიშოვი (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: ელდორ შომუროდოვი (ლოკომოტივი), ჟაპოლოდინ მაშარიპოვი (პახტაკორი), ოტაბეკ შუკუროვი (ბუნიოდკორი), სალამატ კუტიბოევი (ბუხარა), ჟავოხირ სოხიბოვი (პახტაკორი), სარდარ მირზაევი (ლოკომოტივი), სერვერ ჯაპაროვი (ლოკომოტივი), მარატ ბიკმაევი (ლოკომოტივი), ჟამშიდ ისკანდეროვი (პახტაკორი);

თავდამსხმელები: ტამურხუჟა აბდულჰოლიკოვი (ლოკომოტივი), შოხრუზ ნორხონოვი (ობოდი), იგორ სერგეევი (პახტაკორი).

უზბეკთა სანაკრებო სიაში არ არიან ლეგიონერები, თუმცა შემადგენლობა მაინც ანგარიშგასაწევია, რადგან აქ არიან იქაური ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები. რაც მთავარია, ბაბაიანის ეს გუნდი წლების განმავლობაში იქმნებოდა და ფეხბურთელებს შეთამაშების პრობლემა არ აქვთ. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ უზბეკეთი რუსეთში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად რეალურ შანსს ინარჩუნებს.

ლეგიონერები კი უზბეკეთის ნაკრებს მართლაც მაღალი კლასის ჰყავს: მცველები - ანზურ ისმაილოვი და ეგორ კრიმეტსი ჩინეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობენ, ვიტალი დენისოვის გარეშე კი დღევანდელი მოსკოვის "ლოკომოტივი" წარმოუდგენელია;

ახლახან გადავიდა ირანულ "ესტეღლალში", მაგრამ ქართველთა წინააღმდეგ მაინც ითამაშებს უზბეკთა ნახევარდაცვის ლიდერი სერვერ ჯაპაროვი, ხოლო ოდილ ახმედოვმა რამდენიმე დღის წინ რუსული პრემიერლიგის ბინადარ "კრასნოდარს" ჩინეთში თამაში არჩია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
უზბეკეთის კი არა პახტაკორის ნაკრებია,ისე ძაანაც ნუ გაიბლატავებთ,მოლდოვასთანაც ეგრე ბრექაობდით
თედო
13:00 23-01-2017
0
დვალიშვილი დაგლიჯავს დღეს უზბეკებს.ლობჟანიძე?მაგარია!!!ვაი ჩვენ პატრონს.რა დაინახა ამ კაცმა ლონჟანიძის ან დვალიშვილის ნათამაშევი.მთელ საქართველოს არ მოწონს და რას იძახებენ ნაკრებში ამათ გაუგებარია.
გოგა
13:56 23-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული