[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ლაურეატები რომ დავასახელეთ სხვადასხვა ნომინაციაში, ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად ჩვენმა გაზეთმა საბა ლობჟანიძე მიიჩნია, იმ სეზონში "ჩიხურაში" რომ გამოდიოდა.

სწრაფი და კრეატიული შემტევი ნახევარმცველის ძალიან დიდი დამსახურებაც იყო, საჩხერელთა გუნდმა თავის ისტორიაში პირველად რომ მოიპოვა ვერცხლის მედლები. იმასაც ვიტყვით, რომ ლობჟანიძემ ის სეზონი განათხოვრების წესით გაატარა და ამჟამად ისევ თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა, რომლის შემადგენლობაშიც ემზადება კიდეც ახალი სეზონისათვის.

Sportall.Geჩვენი არჩევანი, წესით, საკამათო არავისთვის უნდა ყოფილიყო: ამპლუით ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე (9 გოლი 11 მატჩში) ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში
მხოლოდ "სამტრედიას" შემტევ ბუდუ ზივზივაძეს ჩამორჩა. ამას გარდა, სწორედ საბა ლობჟანიძე მიგვაჩნდა (ბათუმის "დინამოს" კაპიტან, თეიმურაზ შონიასთან ერთად) იმავე ბუდუ ზივზივაძის უმთავრეს კონკურენტად ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში!

საერთოდაც, საბა ლობჟანიძეს მართლაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა, რომლის პიკიც საქართველოს ნაკრებში გამოძახება იყო. თანაც, დებიუტიც ასეთი უნდა: პირველსავე მატჩში (უზბეკეთთან) გოლი გაიტანა!

ზოგადად, საბა ლობჟანიძე ჩვენს პირველობაზე მოთამაშე იშვიათი ინდივიდუალისტია, თამაშის გამწვავება და გოლის შექმნა რომ შეუძლია.

გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველი "ლელოს" რედაქციაში გვესტუმრა: ჩვენი გაზეთისა და კომპანია "ლიდერბეთის" მიერ დაწესებული სპეციალური პრიზიც გადავეცით და ვრცელი ინტერვიუც ჩამოვართვით...

გოგიჩაიშვილმა და დავითაშვილმა შანსი მომცეს...
- საბა, აქამდე ინდივიდუალური პრიზი თუ მიგიღია?
- ბავშვობაში კი, მაგრამ პროფესიონალურ ფეხბურთში ეს ჩემი პირველი ინდივიდუალური პრიზია. მადლობა უნდა გითხრათ დაფასებისათვის. ეს დიდი სტიმულია ჩემთვის.

- მოდი, გაიხსენე შენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში...
- თბილისში, "ნორჩ დინამოელში" დავიწყე ფეხბურთის თამაში. მერე გადავედი საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში". ჯერ ლევან გვანცელაძე იყო ჩემი მთავარი მწვრთნელი, მერე კი გია ცეცაძესთან გადავედი. 15 წლის ვიყავი, როცა "დინამოს" აკადემიაში მივედი სინჯებზე.

- დაგტოვეს?
- ძნელად, მაგრამ მაინც დამტოვეს - რამდენჯერმე დადგა საკითხი ჩემი გამოშვების, მაგრამ მაინც დამტოვეს.

- მოვიდა დრო და იმ დროისათვის პირველ ლიგაში მოასპარეზე "დინამო 2-ში" გამოჩნდი...
- თანდათან მივდიოდი წინ. 18 წლის ვიყავი, "დინამო 2-ის" შემადგენლობაში რომ აღმოვჩნდი. ამასთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე ჩივაძემაც გამომიძახა გუნდში.

- ისევ "დინამოში" დავბრუნდეთ. პირველ გუნდში მალხაზ ჟვანიამ დაგაწინაურათ?
- კი, მალხაზ ჟვანიამ დამაწინაურა. ეგაა, თამაშები არ მიწევდა ძირითად გუნდში, მხოლოდ და მხოლოდ ვვარჯიშობდი.

- რა მოგცა პირველ ლიგაში გატარებულმა პერიოდმა?
- ძალიან დიდი გამოცდილება. თუნდაც იმ მხრივ, რომ ძალიან ცუდ მინდვრებზე ვთამაშობდით ხშირად. იქ მხოლოდ კლასით ვერ მოიგებ. სწავლობ ბრძოლას და ბოლომდე დახარჯვას.

- მაშინ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ირიცხებოდა "დინამოს" მეორე გუნდში, მთავარი მწვრთნელიც ახალგაზრდა იყო - უჩა სოსიაშვილი...
- ნიკა კვეკვესკირი, ბუდუ ზივზივაძე, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი ერისთავი - ეს ბიჭები თამაშობდნენ მაშინ "დინამო 2-ში". ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, სულ დიდი ანგარიშებით ვიგებდით თამაშებს. მერე, მიხალ ბილეკმა გადამიყვანა მთავარ გუნდში, მაგრამ თამაში რასაც ჰქვია, კახა გოგიჩაიშვილის მწვრთნელობის დროს დავიწყე. მისი და სულიკო დავითაშვილის უზომოდ მადლობელი ვარ. პირველად მათ მომცეს შანსი.

მარცხენა ნახევარმცველად პირველად სოსიაშვილმა დამაყენა...
- ბავშვობიდან მარცხენა ნახევარმცველად თამაშობ?
- არა. ადრე სულ სხვა ადგილას ვთამაშობდი. უფრო ხშირად ცენტრალური ნახევარმცველი ვიყავი, მითამაშია საყრდენ ნახევარმცველადაც.

პირველად უჩა სოსიაშვილმა დამაყენა მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე. მერე კახა გოგიჩაშვილმაც ამ ადგილას მათამაშა "დინამოს" მთავარ გუნდში.

- უმაღლეს ლიგაში სადებიუტო, 2014/15 წლების სეზონი კარგად დაიწყე...
- პირველ წრეში მართლაც კარგად ვითამაშე. რვა საგოლე გადაცემა გავაკეთე. მერე ტრავმა მივიღე. "დილასთან" გვქონდა სათასო მატჩი და კუნთი დამეჭიმა. ეს ის დროა, როცა საქართველოს ჩემპიონატს ბოლომდე შევეჩვიე და ბოლომდე უნდა გავიხსნა.

ერთი თვე დავისვენე. მაინც კმაყოფილი ვარ, თასი და სუპერთასი მოვიგე იმ სეზონში.

Sportall.Ge

ყველაფერს მწვრთნელებს ვერ დააბრალებ...
- "დინამოში" გია გეგუჩაძის მისვლის შემდეგ შედარებით ცოტას თამაშობდი...
- კი, ძირითადად შეცვლაზე შევდიოდი. ამ დროს დაემთხვა ის გოლი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გავუტანე ესპანეთს. მაშინ მეგონა, რომ ეს ჩემს სათამაშო დროს გაზრდიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ ვიყავი მწვრთნელის მონახაზში.

ბუნებრივია, ყველა მწვრთნელს თავისი გამოკვეთილი ხედვა აქვს. როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ, სხვანაირად ხარ განწყობილი. ახლა სხვანაირად ვფიქრობ. ალბათ, მაშინ ბოლომდე ვერც მე ვავლენდი საკუთარ შესაძლებლობებს. საბოლოო ჯამში ისევ შენ გიწევს ნაკლის გამოსწორება. ყველაფერს მწვრთნელებს ვერ დააბრალებ.

- "დინამოში" ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოგიწია თამაშმა, როგორებიც ჩისკო და ალექსანდრე იაშვილი იყვნენ...
- ჩისკოს ვარჯიშებზე რომ ვუყურებდი, ძალიან ბევრს ვსწავლობდი. დიდებული ფეხბურთელი და ადამიანია ალექსანდრე იაშვილი. ძირითადში რომ ვერ ვხვდებოდი, სულ მელაპარაკებოდა, არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას. უდიდესი პროფესიონალია.

ფრუიძის ნდობა პირველივე დღიდან ვიგრძენი
- "ჩიხურაში" წასვლა სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით გადაწყვიტე?
- 2015/16 წლების სეზონის მეორე წრეში "დინამოს" მთავარ მწვრთნელად იურაი იარაბეკი დაინიშნა, რომელიც საერთოდ არ მათამაშებდა. ეტყობა, მის სათამაშო მონახაზში ვერ "ვჯდებოდი".

ამ დროს გამოჩნდა "ჩიხურას" ვარიანტი. წავედი და არ ვნანობ, ეს ნაბიჯი რომ გადავდგი. ამ გუნდში ხომ კარიერაში საუკეთესო სეზონი გავატარე.

- მწვრთნელის ნდობაც გქონდა...
- სოსო ფრუიძის ნდობა პირველივე დღიდან ვიგრძენი. ფეხბურთელისათვის მწვრთნელის ნდობა უმთავრესია. თან ძალიან მოწყურებული ვიყავი თამაშს. კარგად ჩავჯექი გუნდის ტაქტიკურ მონახაზში.

- სეზონის სტარტზე, მოლდოვურ "ზიმბრუსთან" მარცხს არავინ ელოდა...
- ჩვენთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. დღემდე ვუყურებ ამ თამაშს და ვერ ამიხსნია, რა მოხდა.

- საპასუხო მატჩის პირველ ტაიმში მოედანზე გამორჩეული იყავი, მერე კი...
- მეორე ტაიმი მართლაც ვერ ვითამაშე ისე, როგორც მინდოდა. მეორე ტაიმში კუნთი დამეჭიმა და მწვრთნელმა შემცვალა.

- სოსო ფრუიძეზე ცალკე უნდა გკითხოთ...
- ძალიან გამოცდილი და მცოდნე მწვრთნელია. რომ ვუფიქრდები, საქართველოს მასშტაბით სერ ალექს ფერგიუსონს ვადარებ. ხუმრობა საქმე როდია, ამდენ ხანს ერთ ადგილზე იმუშაო. აქვს ფეხბურთის თავისებური ხედვა. დაცვაში ძალიან მკაცრ თამაშს ითხოვს.

- ელოდი, რომ საუკეთესო ბომბარდირობის შანსი გაგიჩნდებოდა?
- მე და ბუდუ ზივზივაძე ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ხუმრობით ვეპაექრებით კიდეც ერთმანეთს. ბუდუ ღირსეულად გახდა საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი.

- რა მოხდა საჩემპიონო პლეი ოფში "სამტრედიასთან", სადაც "ჩიხურასგან" უფრო მეტს ელოდნენ...
- მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან სანდო იყო ჩვენი დაცვა. თუმცა, პირველსავე მატჩში ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომ რა ვიცი... მეტოქეს არ მინდა დავუკარგო, ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშეს. მაგარი პრესინგით.

- პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგის (0:2) შემდეგ კიდევ გქონდათ იმედი, რომ ორრაუნდიან ბრძოლაში წარმატებას მიაღწევდით?
- კი, მეც მქონდა ეს იმედი და გუნდშიც ასეთი განწყობა იყო. ვხვდებოდით, რომ ძნელი იქნებოდა ძალიან. იმედი მაინც გვქონდა.

- წინა სეზონში "ჩიხურას" "დუბლის" შესრულების შანსიც ჰქონდა, მაგრამ... მარტვილის "მერანთან" სათასო მატჩში რაღა მოხდა?
- ამ შემთხვევაში, ალბათ, მეტოქის შეუფასებლობა უფრო იყო. არადა, ერთი ბურთით რომ ვაგებდით, კიდევ დარწმუნებულნი ვიყავით ჩვენს წარმატებაში. "მერანი" ძალიან კარგი გუნდია. თასის ფინალში ძალიან მომეწონა მათი თამაში. ისე მოხდა, რომ ყველაზე სუსტად გადამწყვეტ მატჩებში ვითამაშეთ.

Sportall.Ge

დინამოში დიდი მოტივაციით...
- სეზონი მორჩა და კვლავ თბილისის "დინამოს" დაუბრუნდი...
- კონტრაქტით "დინამოს" საკუთრება ვარ. დიდი მოტივაციით დავბრუნდი "დინამოში". ძალიან საინტერესო, ახალგაზრდული გუნდი ვართ. ჩვენთვისაც დიდი მოტივაციაა - უნდა დავამტკიცოთ, რომ თავის დროზე შეგვეძლო მეტი სარგებლობა მოგვეტანა თბილისის "დინამოსათვის".

- ვიაჩესლავ გროზნიზე რას იტყვი?
- ძალიან კარგი მწვრთნელია. ჩვენგან სწრაფ თამაშს ითხოვს. ბურთი არ უნდა გაიჩერო დიდხანს. ემოციური მწვრთნელია, მაგრამ კარგი ადამიანია...

- ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან გატანილი გოლის გახსენება უნდა გთხოვოთ - მართლაც დიდებული გოლი გამოვიდა...
- ლამაზი გოლი იყო მართლაც. შემოვიტანე "შიგნით" ბურთი და მარცხენით ავჭერი. ზუსტად იქ წავიდა, სადაც მინდოდა. მაშინ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობდა. თუნდაც, საული, დეოლოფეუ...

Sportall.Ge

- რა არის ნაკლი, რომელიც საბა ლობჟანიძემ უნდა გამოასწოროს?
- ჩემი აზრით, ეს არის დაცვაში თამაში. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეიძლება რაღაც ეპატიოს. მაგალითად, ჩემი წარმოდგენით, თავის დროზე მიხეილ მესხი ვერაფრით ირბენდა გაუთავებლად მთელი 90 წუთის განმავლობაში. დღეს კი სხვა მოთხოვნებია. ლიონელ მესი 8 კილომეტრს დარბის საშუალოდ თამაშში. მე მეტი უნდა ვიმუშაო დაცვაში.

ეროვნული ნაკრები  სულ სხვა განზომილებაა...
- საქართველოს ნაკრებში გამოძახება ნებისმიერი ფეხბურთელისათვის დიდი პატივია...
- ეროვნული ნაკრები სულ სხვა განზომილებაა. საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი. რა და როგორ იყო ადრე, თუნდაც 6 თვის წინ. ზოგადად, ძალიან სპეციფიკურია ფეხბურთელის ცხოვრება. ერთ დღეში შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს.

- უზბეკეთთან მატჩი სადებიუტო იყო შენთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. დებიუტი გოლით აღნიშნე: ზუსტი თავური დარტყმით, ცენტრფორვარდის პოზიციიდან. თავიდან, ტრანსლაციის ცუდი ხარისხის გადამკიდეებს, არც კი გვეგონა, თუ შენ გამოიჩინე თავი...
- არა, მართლა მე გავიტანე (იცინის). ბუდუ ზივზივაძეს გავუცვალე ადგილი იმ ეპიზოდში. ლადო დვალიშვილმა მომცა საგოლე პასი. მეორე მატჩშიც ძირითადში ვიყავი იორდანიასთან. ორივე შემთხვევაში მარჯვნივ დამაყენა ვლადიმირ ვაისმა. არანაირი უხერხულობა - ვითამაშებ იქ, სადაც ნაკრებს დასჭირდება.

Sportall.Ge

- როგორ ფიქრობ, მოხვდები იმ 2-3 ფეხბურთელს შორის, ვაისი სერბეთთან მატჩისწინა შეკრებაზე რომ გამოიძახებს?
- ყველას აქვს იმედი. არც მე ვარ უიმედოდ...

- არადა, საქართველოს ნაკრებში შენს პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა - ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ანანიძე...
- ასეთი ფეხბურთელების გვერდით თამაშის შანსი ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. რა თქმა უნდა, მათ არ ვედრები ამ ეტაპზე. ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებს სარგებლობა მოვუტანო.

- ვინ არის ფეხბურთში შენი იდეალი?
- 5 წლიდან დელ პიეროს ფანი ვარ. მან შემაყვარა ფეხბურთი. რაც შეეხება დღევანდელობას, ლიონელ მესი საუკეთესოა. ჩემს კერპად კი დელ პიერო რჩება.

- რომელია შენთვის საოცნებო ჩემპიონატი?
- ჩემი ოცნება "იუვენტუსში" თამაშია. სიამოვნებით ვითამაშებდი ასევე ესპანურ პრიმერაში...

ალეკო კაკაურიძე
გია ტუხაშვილი
შალვა ბუაჩიძის ფოტოები

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაი ბაღანეა,ღმერთმა ხელი მოუმართოს, გაიზრდება კიდევ ხარისხში.არაა მისი ადგილი დინამოში,დაბრუნდეს ჩიხურაში სჯობს.
Jango
23:07 11-02-2017
0
გაიხარე საბა, უფალმა აღგახდენინოს ოცნება
gizog
15:57 11-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული