[მეტოქე] განგაში ბელგრადში: რა გვეშველება საქართველოსთან?!

AutoSharing Option
ორიოდე კვირაც და საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სერბეთს უმასპინძლებს. თუ ჩვენ ჯგუფიდან გასვლის პრაქტიკული შანსი აღარ გვაქვს, სერბებისთვის ეს შეხვედრა მართლაც რომ სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს.

სერბულმა sportske.net-მა ჩვენთვის საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ჩვენი მეტოქის ბანაკში არსებულ პრობლემებს ეხება...

მუსლინის დილემა
"თვალსაჩინოა, რომ სერბეთის ნაკრების არაერთ ფეხბურთელს აქვს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა, მაგალითად - ეროვნული გუნდის ძირითად მეკარე ვლადიმირ სტოიკოვიჩს. ძირითადში თამაშს რომ დავანებოთ თავი, ხანდახან ის სათადარიგოთა სკამზეც ვეღარ ხვდება.

ეს ძალიან ცუდია სერბეთის ნაკრებისთვის და დიდ დილემას წარმოადგენს
გუნდის მთავარი მწვრთნელის, სლავოლიუბ მუსლინისთვის.

საინტერესოა, მუსლინი უთამაშებელ მეკარეს ენდობა თუ ძირითად შემადგენლობაში თელ-ავივის "მაკაბის" კარის დარაჯ პრედრაგ რაიკოვიჩს დააყენებს, რომელსაც უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს?" - სვამს კითხვას სერბული გამოცემა.

მედიას განსაკუთებით ეიმედება "ჩელსიში "მოთამაშე ნემანია მატიჩის, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ლონდონურ კლუბში ამ საყრდენ ნახევარმცველს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა აღარ აქვს. ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან სწორედაც ამ რგოლში "სტემფორდ ბრიჯზე" ჯოჯოხეთური კონკურენციაა.

ანალოგიური პრობლემა
საქართველოს ნაკრების არ იყოს, სერბეთის პირველ გუნდშიც მძაფრად დგას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა სათამაშო პრაქტიკის საკითხი, რაც ზოგიერთ მოთამაშეს აშკარად აკლია.

განსაკუთრებით თვალსაჩინოა სერბეთის ნაკრების პრობლემები დაცვის ხაზში. იცით, რომ ცუდი პერიოდი უდგას გუნდის კაპიტან ბრანისლავ ივანოვიჩს. გამოცდილი სერბი უკანახაზელი იმედოვნებდა, რომ "ზენიტში" გადასვლით სათამაშო პრაქტიკას მიიღებდა, მაგრამ "ჩელსის" ყოფილ მცველს ბოლომდე არც ნევის ნაპირზე ენდობიან.

სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის "ვილიარეალის" მცველი ანტონიო რუკავინაც. "ნაპოლიში" პრაქტიკულად არ თამაშობს ნიკოლა მაქსიმოვიჩი. ამას გარდა, ცნობილია, რომ თბილისში ისედაც ვერ ითამაშებს "შალკეს" უკანახაზელი მატია ნასტასიჩი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.

ნახევარდაცვაშიც საკმარისი პრობლემებია. "ჰამბურგის" ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა ფილიპ კოსტიჩი.

საკმაოდ დიდია შანსი, რომ საქართველოსთან მატჩი ტრავმის მიზეზით გამოტოვოს "ანდერლეხტის" ნახევარმცველმა ფილიპ ობრადოვიჩმა. ასევე ტრავმა აწუხებს "ბენფიკას" ნახევარმცველს, ლუბომირ ფეიზას. თბილისში ვერ ითამაშებს კიდევ ერთი დისკვალიფიცირებული, "ვალიადოლიდის" ნახევარმცველი ალექსანდარ კატაი.

სერბები მაინცდამაინც კმაყოფილები არც თავდასხმის ხაზით არიან. მაგალითად, ალექსანდარ მიტროვიჩი ვერა და ვერ იქცა "ნიუკასლის" ძირითადი შემადგენლობის უპირობო წევრად. აქედან გამომდინარე, სერბული გამოცემა თბილისურ შეხვედრაში ახალი სახეების გამოჩენას არ გამორიცხავს.

"თავს მოვიტყუებთ, თუ ჩავთვლით, რომ სერბეთის ნაკრებში სადღეისოდ იდეალური სიტუაციაა. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ის ძალიან შორსაა იდეალურისგან. შესაძლებელია, ნაკრებში ვნახოთ ახალი ფეხბურთელები, მათ შორის, თავდასხმის ხაზში".

გამოცემა ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო დროს შედეგიანად მოთამაშე ბერძნული პაოკ-ის ფორვარდი ალექსანდარ პრიოვიჩი. მედია ფიქრობს, რომ დადგა დრო, ნაკრებში შანსი მიეცეთ ანდრეა ჟივკოვიჩსა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს.

სერბები წნეხის ქვეშ
შესარჩევ ჯგუფში არსებული ჯოჯოხეთური კონკურენცია სერბეთის ნაკრებს თუნდაც ფრეზე თამაშის საშუალებას არ აძლევს. საქართველოს დედაქალაქში კი ყოველთვის რთულია უეჭველ სამ ქულაზე თამაში.

"ჩვენ თბილისში მხოლოდ გამარჯვებისთვის მივდივართ. აქედან გამომდინარე, გუნდი დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა. საქართველოს ნაკრებს კი ეს წნეხი არ აწუხებს.

გარდა ამისა, ისინი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშებენ. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ გამოცდილ ფეხბურთელებს. მაგალითად, მნიშვნელოვანი იქნება, როგორ უხელმძღვანელებს პარტნიორების თამაშს ინგლისურ პრემიერლიგაში გამოცდილი ნემანია მატიჩი", - წერენ სერბები.

ერთი კია: იმ ფეხბურთელებს, რომელთაც სერბული მედია საქართველოსთან მატჩისთვის ნაკრების გასაძლიერებლად მოიაზრებს, სწორედაც სანაკრებო გამოცდილება აკლიათ. ასეთ შემთხვევაში, როცა თამაში უეჭველად მოსაგებია, ეს გადამწყვეტი ფაქტორიც შეიძლება აღმოჩნდეს.

გულშემატკივრებს კი ეს ნაკლებად ესმით და ისინი ეროვნული გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ. ხოლო რა შეუძლია მომთხოვნ სერბ ქომაგს და რას ნიშნავს მათთან ურთიერთობის გაფუჭება, ეს მუსლინმაც კარგად უწყის და ფეხბურთელებმაც.

მუსლინი და სკანდალი
საქართველოსთან მატჩამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. სწორედ ამ უდროო დროს სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სლავოლიუბ მუსლინი სკანდალში გაეხვია.

საქმე იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა სერბი სპეციალისტი რუსული "კრასნოდარის" თავკაცი გახლდათ. ამ გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ოლეგ სამსონოვმა განაცხადა, რომ მუსლინი ფეხბურთელებისგან ფულს იღებდა.

ცეცხლზე ნავთი დაასხა სომხეთის ნაკრების ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მარკოს პიზელიმ. თავის დროზე ისიც "კრასნოდარში" თამაშობდა. პიზელიმ მიძინებული სკანდალი გააღვივა, თუმცა ის ვერაფერს ამტკიცებს:

"მუსლინზე ასეთი რამ მეც გამიგია, - ამბობს პიზელი რუსულ მედიასთან ინტერვიუში. - თუმცა უშუალოდ მე არ შემხებია, არ მიყვარს ასეთი რამეები...

გარდა ამისა, მუსლინთან მცირე ხანს ვიმუშავე და თან ცოტას ვთამაშობდი. რომ მეთამაშა, შეიძლებოდა, ხალხს ეფიქრა, რომ ფულის გამო ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. არანაირი მტკიცებულება არ მაქვს, რომ ძირითადში დაყენების სანაცვლოდ, მუსლინი ფეხბურთელებისგან ფულს იღებდა, მაგრამ ვიმეორებ - ასეთი ლაპარაკი მეც მსმენია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
Es suleluri statiaa hveni msgst daertot ar eshiniat piriqit gadagvivlian.
Bajo
14:05 10-03-2017
0
თეორიული შანსი ხომ არსებობს, როგორ შეიძლება ხელის ჩაქნევა! ძალიან არ მომეწონა სტატიის პირველი აბზაცი.
ნუგო
14:10 10-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული