[დღის თემა] ვაისის სია, ძველი პრობლემა და ახალი კითხვა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ორ თბილისურ მატჩში დაიცავს ქვეყნის ღირსებას.

- ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

24 მარტს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში სერბეთს ვეთამაშებით, ოთხი დღის თავზე კი, დედაქალაქშივე, ამხანაგურ მატჩში ლატვიას დავუპირისპირდებით...

მთავარი პრობლემა
სეზონი ახალი დაწყებულია და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ვერაფრით იქნებიან ოპტიმალურ ფორმაში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ნაკრების პრობლემა, ის სხვებსაც აწუხებთ. მაგრამ რას ვიზამთ, სანაკრებო კალენდარს ჩვენს გემოზე არავინ შეადგენს და, გვინდა თუ არა, მარტშიც
უნდა ვითამაშოთ.

კონკრეტულად საქართველოს ნაკრების მთავარ პრობლემას რაც შეეხება, ეს პრობლემა ძველია და თავს არ გვანებებს - სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა. ოდინდელი საფეხბურთო ჭეშმარიტებაა, რომ ამის გარეშე ფეხბურთელი იდეალურ ფორმაში ვერაფრით იქნება.

ახლა ჩვენი მოსაზრება ფაქტებით გავამყაროთ და ვნახოთ, საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ რამდენ ფეხბურთელს აკლია ეს ყბადაღებული პრაქტიკა.

გიორგი ლორიათი უნდა დავიწყოთ. არადა, ამაში დამნაშავე საქართველოს ნაკრების მეკარე სულაც არ არის. საქმე ისაა, რომ რუსეთის ჩემპიონატი ახლახან განახლდა. გლობალურად რომ შევხედოთ, ლორიას კუთხით საგანგაშო არაფერია. ის რჩება "კრილია სოვეტოვის" ერთ-ერთ ლიდერად და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად...

საბა კვირკველია ეს-ესაა გადავიდა მოსკოვის "ლოკომოტივში". ბუნებრივია, მას "რკინიგზელებში" დამკვიდრების პროცესი უდგას. ის უკვე გამოჩნდა ახალი გუნდის შემადგენლობაში, თუმცა მისთვის მეტ სათამაშო პრაქტიკას ვისურვებდით. "რუბინში" უთამაშებლობის პერიოდშიც კი კვირკველიას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ სანაკრებო მატჩებისთვის განსაკუთრებულად ემზადება. იმედია, ასე იქნება ამჯერადაც.

"ურალში" ახლახან გადასული ჯიმი ტაბიძის ნიჭს ეჭვქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა მასაც აკლია. ამ ეტაპზე მან მხოლოდ დუბლებში ითამაშა, ძირითად გუნდში კი სათადარიგო იყო. გასაგებია, ნებისმიერ ფეხბურთელს სჭირდება დრო ახალ გუნდში ადაპტაციისთვის. ეს პერიოდი უდგას ტაბიძესაც.

რა თქმა უნდა, ნახევარდაცვის ხაზში ჩვენი გუნდისათვის უდიდეს ძალას წარმოადგენს ჯანო ანანიძე. ჩემპიონატი ახლახანს დაიწყო, ჯანო კი "ანჟისთან" მოგებულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს "ლეგიას" სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა ვაკო ყაზაიშვილი. ზოგადად, მისი საქმეები ისე ვერ მიდის პოლონურ გრანდში, როგორც ვისურვებდით. ვინ იცის, იქნებ უმჯობესიც იყოს, ყაზაიშვილმა ზაფხულიდან კლუბის შეცვლაზე იფიქროს.

ძირითად გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს "შახტარის" ახალგაზრდა ქართველს, გიორგი არაბიძესაც. მაკედონიურ "ვარდარში" ადაპტაცია ჯერ ბოლომდე არ გაუვლია ჯაბა ჯიღაურსაც. ის მეტწილად სათადარიგოთა სკამიდან შედის თამაშში.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო და, წესით, სერბეთთან მატჩისთვის ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნება საქართველოს ნაკრების უპირველესი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე.

ასევე კითხვის ნიშნები ჩნდება საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების კონდიციებთან დაკავშირებით. ჩვენი პირველობა ხომ ეს-ესაა, დაიწყო...

ორი ადგილი ხომ არ მოვაცდინეთ?
ადრევე ცნობილი იყო, რომ სერბეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ნახევარდაცვაში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდებოდა - თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი. რა თქმა უნდა, ისინი დიდ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ ოქრიაშვილის არყოფნა გამორჩეულად მძიმე დანაკლისია.

თუ საქართველოს ნაკრებში ვინმეზე ითქმის, ლიდერიაო, ოქრიაშვილზე. რა თქმა უნდა, მწვრთნელის გადასაწყვეტია, ამა თუ იმ მატჩისთვის რომელ ფეხბურთელებს დაუძახებს, მაგრამ ჩნდება ასეთი კითხვა: სანაკრებო სიაში ორი ადგილი ხომ არ მოვაცდინეთ ოქრიაშვილისა და დაუშვილის გამოძახებით?

ჩანს, აქ ერთადერთი მიზანია - ვაისმა ჩათვალა, რომ ამ ორი ფეხბურთელის გუნდთან ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია, თუმცა ის კითხვა, რომელიც ქვეთავის დასაწყისში დავსვით, მაინც აქტუალურად გვეჩვენება.

და მაინც...
სანაკრებო სიას თითქმის ოპტიმალური კი ვუწოდეთ, მაგრამ გვინდა თუ არა, მაინც ჩნდება გარკვეული კითხვები. არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს საქართველოს მთავარ გუნდში თამაშზე.

უპირველეს ყოვლისა, გიორგი მერებაშვილი უნდა ვახსენოთ. მას კარგი სეზონი აქვს პლოცკის "ვისლაში". ეს გუნდი ახლა პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მოწინავეთა შორის ვერ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართველი ინდივიდუალურად მაინც მშვენივრად გამოიყურება. ორი კვირის წინათ, ჩემპიონატში მის მიერ გატანილი გოლი ტურში საუკეთესოდ აღიარეს.

მერებაშვილის საკითხს ცოტა ხნის წინ ვრცელი წერილი მივუძღვენით და ამ თემაზე ბევრს აღარ დავწერთ.

- [ოთხშაბათის საკითხავი] ნაკრები და მერება

ფაქტია: საქართველოს ნაკრებში ამჟამად გამოძახებული ბევრი ფეხბურთელისაგან განსხვავებით, მას აქვს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა.

იგივე ითქმის ექსტრაკლასაში კიდევ ერთ ჩვენებურ მათე ცინცაძეზე. ცინცაძის თემას აქტუალობას ისიც ჰმატებს, რომ თუნდაც ფურცელზე ნათლად ჩანს: საქართველოს ნაკრებს აუცილებლად ექნება პრობლემები საყრდენ ზონაში. ცინცაძე, მას შემდეგ, რაც "პოგონში" გადავიდა, შეუცვლელი ფეხბურთელია პოლონური კლუბისთვის.

საყრდენ ზონაზე ჩამოვარდა სიტყვა და სანაკრებო ამბიცია აქვს გიორგი აბურჯანიასაც. მართალია, ის "სევილიას" მეორე გუნდში მეტწილად შეცვლაზე შედის, მაგრამ ეს ტრავმისშემდგომ პერიოდს უნდა დაბრალდეს. გარდა ამისა, სათამაშო პრაქტიკით ბევრი ჩვენი ფეხბურთელი არ არის განებივრებული.

მაკარიძის საკითხი
გიორგი მაკარიძეს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს. ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ პორტუგალიის თასის მოპოვება, არამედ ბევრი გამორჩეული მატჩი თუ "სეივი" მაღალი დონის ევროპულ ჩემპიონატში.

ცოტა ხნის წინათ, მაკარიძემ ზომიერად გააკრიტიკა ვლადიმირ ვაისი და ძალიან კარგია, რომ მწვრთნელმა მას მაინც უხმო ნაკრებში. ის ლამის ბავშვი იყო, როცა საქართველოს ნაკრებისთვის ფასეული ფეხბურთელი გახდა.

რეალურად, იმ პერიოდის შემდეგ, როცა საქართველოს ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი თავკაცობდა, მაკარიძის თამაში აღარ გვინახავს. არადა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და რაც ეკრანიდან ჩანს, ესაა - მაკარიძე დღეს სულ სხვა მეკარეა, უფრო კლასიანი და ძლიერი.

ჩვენ გვყავს გიორგი ლორია და ნუკრი რევიშვილი, რომელიც უნდა ათამაშდეს. გვყავს როინ კვასხვაძეც, მაგრამ ჯანსაღ კონკურენციას არასოდეს არცერთი გუნდისა თუ ნაკრებისთვის არ მოუტანია ზიანი და რაღა საქართველოს ნაკრებს დააზიანებს?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მალადეც ავტორ!
green
15:20 14-03-2017
0
ნაკრების მთავარი შემტევი არ გვყავს ოქრიაშვილი ცუდია. ასევე სხვა მთავარი შემტევები უპრაქტიკოები არიან; ვაკო,მჭედლო,ჯანო(ბოლოს როდის ითამაშა ძირითადში აღარ გვახსოვს),ჭანტურა და ამ დროს რა ამოცანა უნდა დასახოს ვაისმა გაუგებარია. როგორც ყოველთვის ამბიცია დიდი გვაქვს მაგრამ შემსრულებლები ფაქტიურად არ გვყავს.
kika
15:34 14-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული