"ზოგიერთს უნდა ახსოვდეს, რომ ეს საქართველოს ნაკრებია და არა მისი პირადი საკუთრება"

AutoSharing Option
საქართველოსა და სერბეთის ნაკრებთა მატჩის შეფასება ვთხოვეთ ეროვნული გუნდის ყოფილ წევრ ლადო ბურდულს, ვისაც, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე აქვს სამწვრთნელო გამოცდილება.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

"ლელოსთან" საუბარში მან რამდენიმე საინტერესო მომენტზე გაამახვილა ყურადღება...

"დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს ნაკრებმა ორი ძალიან კონტრასტული ტაიმი ჩაატარა. პირველ ნახევარში შესანიშნავად ვითამაშეთ, მეორეში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა.

რა თქმა უნდა, შეფასება მოზომილად უნდა გავაკეთოთ, მით უმეტეს, მე საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვარ და როგორც ყველა ქართველისათვის, ჩემთვისაც უძვირფასესია ეროვნული გუნდი.

მეორეც, ფეხბურთელი
ვიყავი და ვიცი, რომ შეცდომა ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია.

...და მაინც, არ შემიძლია, ერთი რამ არ ვთქვა - ახლა არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზოგიერთ ფეხბურთელს უნდა ახსოვდეს, რომ ეს საქართველოს ნაკრებია და არა მისი პირადი საკუთრება ან თავის გამოსაჩენი ასპარეზი. კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგიერთს - ნამდვილად!

ნაკრებში ისე არ უნდა ითამაშო, თითქოს მარტო შენ ხარ. ანუ იმის თქმა მსურს, რომ შენი რეკლამისთვის არ უნდა გამოიყენო ნაკრები...

თამაშამდე ვთქვი კიდეც, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ფსიქოლოგიურ მდგრადობას. უნდა გვეთამაშა ფრთხილი და თან აგრესიული ფეხბურთი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ფეხზე უნდა "ვჯდომოდით" მოწინააღმდეგეს და პირველ ტაიმში ეს აშკარად გამოგვივიდა კიდეც. სწორედ ამის შედეგი იყო გოლი, რომელიც დასაწყისში გავიტანეთ...

მეორე მხრივ, ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას და გავითვალისწინოთ ის, თუ რა რესურსი შეგვიძლია დავუპირისპიროთ სერბეთის მართლაც ძლიერ ნაკრებს. მარტო გვარებს რომ გადავხედოთ, დავრწმუნდებით, რა ძალისა და გაქანების მოწინააღმდეგესთან გვქონდა საქმე, ან რომელ კლუბებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები, მაშინ, როცა მოწინააღმდეგეს ჰყავს "ჩელსის", "საუთჰემპტონისა" და სხვა სოლიდური კლუბების მოთამაშეები...

როცა ეროვნული გუნდის მიმართ დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობდი, მხედველობაში მქონდა ცალკეული ფეხბურთელების ზედმეტი მცდელობა საკუთარი თავის ინდივიდუალურად წარმოჩენის და არა - ის შეცდომები, რომლებიც დავუშვით. შეეშალა კაკაბაძეს, ეს გასაგებია, მაგრამ ფეხბურთია და შეცდომას ყველა უშვებს. შეცდომა რომ არ იყოს, გოლი საერთოდ არ გავიდოდა...

კიდევ ერთი: დღევანდელ ფეხბურთში ისეა, რომ მატჩის მსვლელობის დროს თამაშის რამდენჯერმე გადაწყობა გიწევს. ავიღოთ სერბების მაგალითი: თუ დააკვირდით, როცა 2:1 დაწინაურდნენ, 5 მცველით დაიწყეს თამაში, ზონები შეზღუდეს, კონტრშეტევებზე გადაეწყვნენ...

ჩვენ კი, გოლი რომ გავიტანეთ და დავწინაურდით, ისევ წინ წავედით. სერბეთი თუ არ თაკილობს დაცვაში დგომას და შედეგზე თამაშს, როცა დაწინაურებულია, არც შენ უნდა ითაკილო...

რა თქმა უნდა, იმ ეპიზოდში ვაკო ყაზაიშვილზე მეტად არავის უნდოდა გატანა, მაგრამ ასეთი დონის ფეხბურთელი რომ ხარ, ამ სიტუაციიდან ან თავად უნდა გაიტანო, ან სხვას უნდა გაატანინო!

ის გოლი რომ გაგვეტანა, ორბურთიანი ფორა გვექნებოდა, სულ სხვა თამაში წავიდოდა და არა მგონია, ხელიდან გაგვეშვა ამხელა უპირატესობა...

ძალიან მომეწონა ნიკა კაჭარავას თამაში. კვირკველიასა და კაშიაზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ასევე - ჯანოზე. ნავალოვსკიმაც, ტრადიციულად, ბოლომდე იბრძოლა, რაც იცის, ის ითამაშა", - გვითხრა ბურდულმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
GUGA-ს:
სწორე ხართ.ყველა მომენტს აფასებენ ფეხბურთელის წამიერი გადაწყვეტილების მიხედვით.რა დონეზეც არ უნდა მეთამაშა ფეხბურთი,ნებიემიერი მწვრთნელი მეტყოდა,მანდ პასი ზედმეტი იყოვო.
ვაკოს გადაწყვეტილება სწორი იყო.უნდა დაერტყა.სხვა თემაა,გავიდა თუ არა გოლი?
კაი და ჯანოს აეცილებინა(რა გარანტიაა,რომ გაიტანდა?),მერე რას იტყოდით,რაღათ უნდოდა მანდ პასიო არ იტყოდით.
ანუ,მისი გადაწყვეტილება შეცდომა არ იყო.მხოლოდ შესრულების ტექნიკური მხარე იყო უხარისო.
zaza
14:01 29-03-2017
0
უსირცხვილოდ კომენტარს ნუ ბლოკავთ
ლერი
12:44 29-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული