საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შარშან, 29 მარტს საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა ახალი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით...  ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენმა უპირველესმა გუნდმა 11 შეხვედრა გამართა, 1 მატჩი მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 6 წააგო. ბურთების სხვაობა - 10:20.

რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების ისტორიაში, ამაზე უარესი შედეგიც ჰქონია ამა თუ იმ მწვრთნელს, მაგრამ საერთო ჯამში, ჩვენთვის მაინც არაფერი იცვლება. ნაცნობი სურათია - შესარჩევი ციკლის ზუსტად ნახევარია გასული და საქართველოს ნაკრებისთვის დარჩენილ თამაშებს, ფაქტობრივად, არანაირი სატურნირო მნიშვნელობა აღარ ექნება!

ქართველ გულშემატკივართა შორის ყველაზე
გამოუსწორებელ ოპტიმისტსაც კი აღარ სჯერა იმ სასწაულის, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრებს 2018 წლის მუნდიალის საგზურის მოპოვება შეუძლია...

არადა, თეორიული შანსი კიდევ არსებობს - ჩვენმა ნაკრებმა დარჩენილი ხუთივე მატჩი უნდა მოიგოს, სხვებმა კი (მოლდოვის გარდა) ერთმანეთში სულ... ფრეები უნდა ითამაშონ. აი, მაშინ კი, ეს "ოცნება", შესაძლოა, რეალობად იქცეს...

ხუმრობა იქით იყოს და, უკვე ძალიან გადავეჩვიეთ ოფიციალურ მატჩებში გამარჯვებებს.

ვაისის მინიშნებები...
...მოკლედ, ჩვენი საშველი არ ჩანს და უკვე აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ - უცხოელი.

აღარც იმას, თუ რატომ ვერ ხერხდება თითქმის ყველა ოფიციალური მატჩის წინ ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება, მით უმეტეს, რომ აშკარად არა ვართ განებივრებულნი მაღალი კლასის შემსრულებლების კი არა, იმ ფეხბურთელების სიმრავლით, მეტ-ნაკლებად "ნორმალურ" კლუბებში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას რომ არ უჩივიან...

თქვა კიდევაც სერბეთთან მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა: აბა, გადახედეთ, როგორ გუნდებში თამაშობენ სერბი ფეხბურთელები და სად - ქართველებიო?! თუმცა, სლოვაკი სპეციალისტის ეს გულახდილი ფრაზა ჩვენთვის სიახლე არ ყოფილა და, ერთი შეხედვით, წაგებული მატჩის მერე თავის მართლებას უფრო ჰგავდა...

- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

რა თქმა უნდა, შედეგზე მთავარი პასუხისმგებელი მთავარი მწვრთნელია და ვაისის ეს სიტყვებიც, წესით, არც უნდა გაჰკვირვებოდა არავის. თუმცა, უფრო გასაკვირი სხვა რამ იყო - რაც საქართველოში ჩამოვიდა, ვაისს მოუგებელი მატჩების შემდეგ ფეხბურთელებისკენ არ გაუშვერია ხელი, ახლა კი იყო ერთგვარი გადაბრალების მომენტიც.

აღარაფერს ვამბობთ იმაზეც, რომ ვაისმა უკვე ღიად ახსენა - "წასვლა". თუ მეტყვიან, რომ დამნაშავე ვარ, წავალო, - ეს პირველად მოვისმინეთ მისგან.

და რომც უთხრან და რომც წავიდეს, რამე შეიცვლება? და როგორ ფიქრობთ, იმ წუთიდანვე გაჩნდება არანორმალური ტაციაობა ქართველ ფეხბურთელებზე? ან სათამაშო პრაქტიკა მოემატებათ და თავიანთ კლუბებში ლიდერებად მოგვევლინებიან? ან სხვა მწვრთნელის პირობებში გვეყოლება ყოველი მატჩის წინ ოპტიმალური შემადგენლობა?..

ადამიანური რესურსის დეფიციტი
რა თქმა უნდა, მწვრთნელთან გარკვეული კითხვები ჩვენც გვაქვს, მაგრამ ერთ უმთავრეს პრობლემასაც ვერსად გავექცევით - უკვე მერამდენე წელიწადია, რაც ჩვენთან კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტია! კი ბატონო, გვყავს 5-6 ისეთი მოთამაშე, თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს რომ აკმაყოფილებს, მაგრამ ეს აშკარად არასაკმარისია.

თანაც, ამ ხუთი-ექვსიდან ორი რომ არ გეყოლება დისკვალიფიკაციისა თუ ტრავმის გამო, მაშინ აღარც უნდა გვიკვირდეს, თუ რატომ უნდა წავაგოთ ისეთ გუნდთან, ოთხჯერ რომ დაგვირტყამს და აქედან სამს გაგვიტანს!

ამა თუ იმ ოფიციალური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის გამოცნობაც არ არის რთული საქმე; არც იმის, თუ რომელი ფეხბურთელები უნდა შევიდნენ შეცვლაზე.

ანუ რესურსის თემას მივადექით, ასე აშკარად თვალში საცემი რომ იყო სერბეთთან მატჩში. როცა მეტოქეს, ფაქტობრივად, ყველა რგოლში ერთიმეორეზე უკეთესი, მაღალი კლასის შემსრულებლები ჰყავს, ასეთ გუნდთან, ცოტა არ იყოს, რთულია წარმატებაზე ფიქრი...

თუმცა, როცა მატჩი ისე დაიწყება, უკეთესს რომ ვერ ინატრებ და სწრაფი გოლით დაწინაურდები, მერე უკვე გიჩნდება საფუძვლიანი იმედი, მაგრამ რად გინდა - იმის მაგივრად, რომ ეს უპირატესობა შეგვენარჩუნებინა (ანდა, უფრო გაგვეზარდა), ტაიმის მიწურულს აქეთ გავუშვით გოლი...

თუმცა, პირველ ტაიმში (ამ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით) ჩვენს ნაკრებს სასაყვედურო ნამდვილად არაფერი ჰქონდა, პირიქით - ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან საკმაოდ თამამად ვთამაშობდით და ბევრ ეპიზოდში ბურთიც მშვენივრად გავაგორეთ, ერთი-ორი გააზრებული კომბინაციაც ვიხილეთ და, რაც მთავარია, ჩვენების თამაშში ქაოსი არ იგრძნობოდა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერბების კარში ერთი გოლი გავიტანეთ, ერთ ეპიზოდში იმათმა მეკარემ იყოჩაღა, აი, მესამე მომენტზე (ვაკო ყაზაიშვილი) კი, აღარც ვიცით, რა ვთქვათ...

სათამაშო პრაქტიკა და სხვა...
...რა თქმა უნდა, ვაკო ყაზაიშვილზე მეტად არავის უნდოდა იმ გოლის გატანა და ამ ბიჭს ბევრად უფრო რთული პოზიციიდანაც გაუტანია გოლები სანაკრებო მატჩებში, თუმცა... ამჯერად სხვანაირად მოხდა და წაგებას მხოლოდ მას ნუ დავაბრალებთ. ოღონდ ის კი ფაქტია, რომ როცა ეს ნიჭიერი შემტევი თავის ადრინდელ კლუბში ("ვიტესში") მუდმივად თამაშობდა, ნაკრებშიც ბევრად უფრო სასარგებლო გახლდათ...

ალბათ, უკვე მოვიდა იმის დრო, რომ ნაკრებში (მით უფრო, ოფიციალურ მატჩებში) მხოლოდ იმათ ითამაშონ, რომლებიც მუდმივად ხვდებიან თავიანთი გუნდების ძირითად შემადგენლობებში.

რა თქმა უნდა, ჩემპიონატსაც ხომ მნიშვნელობა აქვს და, ამ მხრივ, სამწუხაროდ, დღესდღეობით ეს პრობლემა გურამ კაშიასა და გიორგი ლორიას არ აქვთ. ძალიან დიდი პოტენციალის მცველად მიგვაჩნია საბა კვირკველია, მაგრამ "რუბინში" რომ არ ათამაშებდნენ, ეს ჩვენი ნაკრებისთვის სერიოზული პრობლემა იყო...

არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრების კიდევ ორ საკვანძო კი არა, ლამის შეუცვლელ ფეხბურთელსაც ჰქონდა სხვადასხვა სახის პრობლემა, მაგრამ ჯაბა კანკავასა და ჯანო ანანიძეზე აუგი ვინ უნდა თქვას?

სხვა საკითხია, თუ რამდენად ოპტიმალური იყო ანანიძის პოზიცია სერბეთთან მატჩში, სადაც 4-1-4-1 განლაგების პირობებში, სპარტაკელი მარცხენა ნახევარმცველად მოგვევლინა. არადა, ვაისს არაერთხელ უთქვამს, რომ ანანიძის ადგილს ფლანგზე ვერ ხედავდა, თუმცა... ამჯერად საპირისპირო ვიხილეთ...

როგორ გავხდით ერთი ტაიმის გუნდი...
ისე, ეს არჩეული სქემა (ერთდროულად სამი "ჩამშლელით") გამართლებულადაც მოგვეჩვენა, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ არ გვყავდა თორნიკე ოქრიაშვილი. თანაც, ვაისმა ხომ ჩვენზე კარგად იცოდა, რომ სერბების ყველაზე ძლიერი რგოლი შუახაზი იყო, სადაც მეტოქეს ორი მართლაც მაღალი კლასის ოსტატი ჰყავდა და ამ შეხვედრამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

თუმცა, ვიდრე დუშან ტადიჩისა და ნემანია მატიჩის გამორჩეულ ოსტატობაზე ვიტყოდეთ (მნიშვნელოვნად რომ განაპირობეს კიდეც მატჩის ბედი), ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჯაბა კანკავამაც და ვაკო გვილიამაც ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულეს.

აი, ნიკა კვეკვესკირისთვის ნდობის გამოცხადების გამო ვაისი უნდა შევაქოთ: აზერბაიჯანული "გაბალას" საყრდენი ნახევარმცველი პირველ ტაიმში შეუდარებელი გახლდათ! ისე, როგორც ამ მატჩის კიდევ ერთი რჩეული - ნიკა კაჭარავა, რომელმაც გოლიც ხომ მშვენიერი გაიტანა, საერთოდაც, მშვენივრად ითამაშა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნაკრებში მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.

რაღა შორს მივდივართ?! - წინა ოფიციალური მატჩისთვის (მოლდოვასთან) კაჭარავა, რომელსაც იმ პერიოდში სათამაშო პრაქტიკაც არ აკლდა და გოლი გოლზეც გაჰქონდა კვიპროსის ჩემპიონატში, საერთოდ არ გამოიძახეს ნაკრებში...

...პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მშვენივრად ითამაშა. ერთადერთი, ოთარ კაკაბაძეს ეტყობოდა ნერვიულობა.

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ჩვენს მარჯვენა მცველს "გაეპარა" ზურგს უკან პირველი ტაიმის მიწურულს "ჰამბურგის" შემტევი ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი და სტუმართა უპირობო ლიდერმა დუშან ტადიჩმაც ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ძნელია ზედ შესვენების წინ გოლის გაშვება. თანაც, საქართველოს ნაკრების ისტორიაში, ვინ მოთვლის, უკვე მერამდენედ მოხდა მსგავსი ფაქტი...

სამწვრთნელო დუელშიც...
...სამწუხაროდ, მეორე ტაიმი პირწმინდად დავთმეთ და, სხვათა შორის, ეს არ იყო პირველი შემთხვევა ვაისის აქ მოღვაწეობის პერიოდში!

ჰო, მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ თითქმის ყველა მატჩში ჩვენი ნაკრები, რასაც კარგი თამაში ჰქვია, მხოლოდ... ერთ ტაიმში ახერხებდა. აი, როგორც მოლდოვასთან მოხდა და როგორც ახლა ვნახეთ სერბეთთან.

ამას გარდა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სტუმართა თავკაცმა სლავოლიუბ მუსლინმა ტაქტიკური დუელიც მოუგო სლოვაკ ვიზავის. ამ შემთხვევაში, ეფექტიან ცვლილებებს ვგულისხმობთ.

ასე, მაგალითად, შესვენებაზე შეცვალა ბრანისლავ ობრადოვიჩი (რომელსაც მთელი მარცხენა ფლანგი ებარა) და მის პოზიციაზე ალექსანდარ კოლაროვი გადაიყვანა, ამ უკანასკნელის ადგილზე კი ტანმაღალი (195 სმ) იაგოშ ვუკოვიჩი გაამწესა და კაჭარავას "მიამაგრა".

საყურადღებო იყო სტუმართა მეორე ცვლილებაც: მას შემდეგ, რაც სერბების ორი ვარსკვლავის, ტადიჩისა და მიტროვიჩის ჩინებულ ოსტატობას ჩვენს კარში მეორე გოლი მოჰყვა, დაახლოებით შვიდ წუთში მუსლინმა მოედნიდან მიტროვიჩი გაიყვანა და მის ნაცვლად "კლასიკური" ჩამშლელი, ჯანიანი და გამოცდილი ნემანია გუდელი გაიყვანა.

ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ გარკვეული პერიოდი სერბები, ფაქტობრივად, ცენტრფორვარდის გარეშე თამაშობდნენ და ეს პოზიცია მხოლოდ მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე შეავსეს. თან ჩვენ ხომ ტრადიციად გვექცა, რომ ისტორია უნდა შევუქმნათ სხვებს - შეცვლაზე შესულმა მიიატ გაჩინოვიჩმა თავისი პირველი სანაკრებო მატჩი გოლით აღნიშნა!..

ამ დროს კი, ჩვენი ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, დაგვიანებულიც იყო და, რაც მთავარია, არაეფექტიანიც! საერთოდაც, ეს თემა წინა მატჩებშიც არანაკლებ აქტუალური იყო და ყველა იმ მატჩის მერეც ბევრი კითხვა იბადებოდა იმ დაგვიანებული თუ არაეფექტიანი შეცვლებისთვის.

აღარაფერს ვამბობთ იმ, ცოტა არ იყოს, კურიოზულ ფაქტზე, მოედანზე გიორგი არაბიძის (19 წლის ბიჭს დებიუტს ვულოცავთ!) შესვლას რომ მოჰყვა - გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენს ფეხბურთელებს სათადარიგოთა სკამიდან წესიერად ვერავინ უკარნახა, თუ ვის უნდა დაეკავებინა მარჯვენა მცველის ადგილი, სამკაციან დაცვაზე უნდა გადავსულიყავით თუ ისევ ოთხკაციანზე გვეთამაშა?..

ძალიან, ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა უპირველესმა გუნდმა, ერთხელ მაინც, ბოლომდე დაუტოვოს ინტრიგა შესარჩევ ციკლს. სამწუხაროდ, დღესდღეობით, რეალობა და ჩვენი სურვილი ერთმანეთს არ ემთხვევა: კიდევ ერთი, რიგით მე-12 შესარჩევი ციკლიც ვადაზე ადრე დავასრულეთ...

მატჩის სტენოგრამა
5' - ალექსანდარ კოლაროვი ბურთს თავის მეკარეს უბრუნებდა, როცა გადაცემა ნიკა კაჭარავამ ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა შორეული კუთხისკენ წაჰკრა ცაცია - 1:0!
19' - ნიკა კვეკვესკირის მშვენიერი პასის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილი სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ სტუმრები მეკარემ გადაარჩინა.
24' - სტუმრების სახიფათო შეტევა ჯერ საბა კვირკველიამ შეაჩერა, მერე - ჯაბა კანკავამ, ბოლოს - ისევ კვირკველიამ. გადავრჩით!
26' - კვეკვესკირისა და ყაზაიშვილის მშვენიერი კომბინაცია ნიკა კაჭარავამ ეფექტური დარტყმით გააგრძელა.
33' - სტუმართა ყველაზე სახიფათო მომენტი პირველ ტაიმში, როცა ანტონიო რუკავინას ზუსტი პასის შემდეგ დუშან ტადიჩი ბურთს თავზე უგდებდა გიორგი ლორიას, მაგრამ დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი აღმოჩნდა.
35' - ალბათ, მატჩის კულმინაციური მომენტი: კომბინაცია ნიკა კვესკვესკირმა წამოიწყო და ბურთი გადააწოდა ნიკა კაჭარავას, რომელმაც დიდებული პასით ვაკო ყაზაიშვილი მეკარესთან მარტო დატოვა, მაგრამ... საბოლოო დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. არადა, შორეულ ძელთან ბურთს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ჯანო ანანიძე ელოდებოდა...
45' - ჩვენი მარჯვენა ფლანგი კიდევ ერთხელ "ჩავარდა" - ოთარ კაკაბაძემ საჯარიმოში ფილიპ კოსტიჩი წააქცია და პენალტი უნაკლოდ შეასრულა დუშან ტადიჩმა - 1:1!
61' - სტუმართა მეკარემ, ერთწუთიან ინტერვალში, სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, როცა ერთიმეორის მიყოლებით მოიგერია ანანიძის, კანკავასა და კაჭარავას დარტყმები.
64' - საკუთარ ნახევარზე გვილიას შეცდომა ძვირად დაგვიჯდა, სერბეთის ნაკრების ორმა ვარსკვლავმა კი ყველაფერი იდეალურად შეასრულა - ტადიჩის პასით ალექსანდრ მიტროვიჩმა სტუმრები წინ გაიყვანა - 1:2!
73' - ყაზაიშვილი მარცხენა ფლანგიდან სახიფათოდ ურტყამდა...
86' - ტადიჩმა (მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი) მოხდენილი პასით დასარტყამ პოზიციაზე დატოვა მიიატ გაჩინოვიჩი, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3!

- საქართველო-სერბეთის მატჩზე "დინამო არენა" მობილურებით განათდა [VIDEO]
- "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. V ტური
24.03. თბილისი. "დინამო არენა". 35 000 მაყურებელი
საქართველო-სერბეთი 1:3
გოლები: 1:0 კაჭარავა (5), 1:1 ტადიჩი (45-პენ), 1:2 მიტროვიჩი (64. ტადიჩის პასით), 1:3 გაჩინოვიჩი (ტადიჩის პასით)
საქართველო (4-1-4-1): ლორია - კაკაბაძე (70. არაბიძე), კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი - კვეკვესკირი - ყაზაიშვილი (83. ქვილითაია), კანკავა, გვილია (90. ჯიღაური), ანანიძე - კაჭარავა.
სათადარიგოები: უ. ლობჟანიძე, რეხვიაშვილი, ხოჭოლავა, ტაბიძე, კიტეიშვილი, კობახიძე, დვალიშვილი, მაკარიძე, რ. კვასხვაძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
სერბეთი (3-4-2-1): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, მაკსიმოვიჩი, კოლაროვი - რუკავინა, მატიჩი, მილოევიჩი, ობრადოვიჩი (46. ვუკოვიჩი) - კოსტიჩი (81. კოსტიჩი), ტადიჩი - ა. მიტროვიჩი (71. გუდელი).
სათადარიგოები: სტოილიკოვიჩი, ლუკიჩი, ს. მიტროვიჩი, მარკოვიჩი, ტოშიჩი, ჯურჯევიჩი, სპაიჩი, რაიკოვიჩი, იოვანოვიჩი
მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი
გაფრთხილება: კანკავა (43), კაკაბაძე (45)
არბიტრი: ფ. ცვაიერი (გერმანია).

სხვა მატჩები
ავსტრია-მოლდოვა 2:0
გოლები: 1:0 ზაბიტცერი (75), 2:0 ჰარნიკი (90)
ავსტრია (3-4-2-1): ლინდნერი - დრაგოვიჩი, პრიოდლი, ჰინტერეგერი - ალაბა, იანუზოვიჩი, ილსანკერი, ლაზარო (69. იანკო) - ზაბიტცერი, არნაუტოვიჩი (90. ზიუტნერი) - ბურგშტალერი (82. ჰარნიკი).
მოლდოვა (4-4-1-1): ნამაშკო - გოლოვატენკო (80. რაკუ), პოსმაკი, ეპურეანუ, ბოლოჰანი (90. მიხალიოვი) - დედოვი, ჩებოტარუ, გაცკანი, ანტონიუკი (62. იონიცა) - გინსარი - ბუგაიოვი.
მაყურებელი: 47 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ირლანდია-უელსი 0:0
ირლანდია (4-5-1): რენდოლფი - კოულმენი (72. კრისტი), ქეო, ოში, ს. უარდი - უელანი, მეილერი (80. მაკგიდი), მაკლინი, ჰენდრიკი, უოლტერსი - ლონგი.
უელსი (5-3-2): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი, ბ. დევისი, ნ. ტეილორი - ლედლი (72. რიჩარდსი), ალენი, რემზი - ბეილი, რობსონ-კანუ (46. ვოუკსი).
გაძევება: ნ. ტეილორი (69)
მაყურებელი: 51 700
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
11 ივნისი
სერბეთი-უელსი
ირლანდია-ავსტრია
მოლდოვა-საქართველო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ვერ დავადანაშაულებთ დავდამსხმელს მაგ მომენტში.მართალია ვერ გაიტანა,მაგრამ მანდ პასი უფრო მეტი შეცდომა იყო.თავდამსხმელმა მანდედან თუ არ დაარტყა,აბა მაშ საიდან უნდა დაარტყას ხალხო?
მაგ ერთი მომენტის იმედზე იყვნენ მთელი 90 წუთის მანძილზე?
zaza
16:09 27-03-2017
0
ბოიკოტი ნაკრების თამაშს არ მიხვიდეთ ლატვიაზე სულაც აქეთ რო მოგცენ ფული! უნდა იგრძნონ მაგ ვაი ფეხბურთელებმა რო ჩვენ არ ვხუმრობთ. აი მაშინ იქნებ გაიღვიძოს რაიმე გრძნობამ მათში,რაც მეეჭვება,მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები!!! უნდა მოვთხოვოთ!!! არ მიხვიდეთ!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული