ჯიმი ტაბიძე: ყველაფერი ასე უცბად არ ხდება

AutoSharing Option
ჯიმი ტაბიძე პირველად მოხვდა საქართველოს ნაკრების ოფიციალურ სამატჩო განაცხადში. "საბურთალოს" ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად რუსული პრემიერლიგის კლუბ "ურალის" წევრია, ვლადიმირ ვაისი ბოლო დროს სისტემატურად იძახებს ეროვნულ გუნდში, იორდანიასა და უზბეკეთთან ათამაშა, სერბეთის ეროვნულ გუნდთან 18-კაციან სამატჩო განაცხადში დაასახელა, ლატვიელებთან ამხანაგურ შეხვედრაში კი მოედანზე 78-ე წუთზე შეუშვა.

"ჯვაროსნების" ახალწვეული გახარებულია და იმედოვნებს, ნაკრებში გამოძახებას მომავალშიც დაიმსახურებს.

"ვლადიმირ ვაისის ნდობა მახარებს. ბოლო მატჩებში სისტემატურად რომ მიძახებს, ეს ძალიან მაიმედებს. ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე ყველა ოცნებობს, ამის მერე უკვე გუნდში ადგილის დამკვიდრებაზე ვფიქრობ.

ვეცდები,
ოპტიმალურ ფორმაში ვიყო და მწვრთნელის იმედები გავამართლო, მომავალშიც რომ გამომიძახოს. საამისოდ, კლუბში სათამაშო პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის დიდი შრომა და ბრძოლა მომიწევს, თუმცა ამისთვის მზად ვარ. რა თქმა უნდა, სერბეთთან 18-კაციან განაცხადში მოხვედრის შემდეგ, თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ ყველაფერი ასე უცბად არ ხდება", - ამბობს ტაბიძე.

მან ლატვიელებთან ამხანაგურ შეხვედრაზეც ილაპარაკა:

"მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, დიდი ალბათობა იყო, რომ ფეხბურთელების უმეტესობას გვეთამაშა. სხვებთან ერთად, გარკვეეული დროით მინდორზე გასვლის შესაძლებლობა მეც მომეცა. ნაკრებში თითოეული გატარებული წუთით ბედნიერი ვარ. სასიხარულოა, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ გავიმარჯვეთ და თანაც, დიდი ანგარიშით. ფსიქოლოგიურად ეს წარმატება ძალიან წაგვადგება".

ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის გუნდში თვე-ნახევრის წინ გადავიდა, მაგრამ ჯერ არ უთამაშია. ის დარწმუნებულია, რომ შანსი მალე მიეცემა:

"გუნდში თბილად მიმიღეს, მაგრამ "ურალს" ჯერ კიდევ ვეგუები და მის სტილს ვეცნობი. "რუბინის", ტულის "არსენალისა" და "ამკარის" წინააღმდეგ განაცხადში ვიყავი.

ოფიციალურ მატჩებში თამაშის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ მომცემია, ველოდები ჩემს შანსს, რომელიც მჯერა, მალე მექნება და აუცილებლად უნდა გამოვიყენო. ახლა კი ჩემი კონკურენტები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებიან. გუნდმაც ჩატარებული ბოლო 3 მატჩიდან ორი მოიგო, მე-12 ადგილზე ვართ და ასეთ დროს შემადგენლობას იშვიათად ცვლიან".

აღმოჩნდა, რომ ტაბიძე ყოფილი კლუბის, "საბურთალოს" მატჩებსაც ადევნებს თვალს:

"არა აქვს მნიშვნელობა, სახლში ვარ, გზაში თუ სადმე, სადაც შესაძლებელია, რომ მატჩს ვუყურო, "საბურთალოს" თამაშებს სისტემატურად და დიდი ინტერესით ველოდები.

ბოლოს აეროპორტში ვნახე, ქობულეთში "კოლხეთს" რომ ეთამაშებოდნენ. სამწუხაროდ, დამარცხდნენ და განწყობა გამიფუჭდა. თუმცა ახლა ლიდერები არიან და მჯერა, სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ. საამისო რესურსი კი "საბურთალოს" ნამდვილად აქვს.

ბედნიერი ვიქნები, ოდესმე "საბურთალოს" წინააღმდეგ თამაში თუ მომიწევს ჩემპიონთა ან ევროპალიგაზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
saburtalos tamashebs adevneb tvals da samtrediiis araaa? samtredieli ro xar imito geubnebiiii
goga
15:20 05-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული