- ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
სლოვაკი სპეციალისტის რჩეულთა შორის ელგუჯა ლობჯანიძე პირველად მოხვდა. ალბათ, ამის ერთ-ერთი მიზეზი გიორგი ქვილითაიას ტრავმაცაა, მაგრამ შანსი შანსია. 24 წლის თავდამსხმელი "ვიტ ჯორჯიას" აღზრდილია. მას არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია და მხოლოდ ქართულ ლიგის კლუბებში ("ვეტერინართა" გარდა, ქობულეთის "შუქურასა" და ბათუმის "დინამოში")
მისთვის მიმდინარე წელი გამორჩეულია - "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელი რობერტ ევდოკიმოვი ლობჯანიძეს ჯერ შეცვლებზე ათამაშებდა, ბოლოს კი ძირითად შემადგენლობაშიც დააყენა და ტანმაღალმა (193 სმ) ქართველმა პრემიერლიგის მეორე წრეში ჩატარებულ 11 შეხვედრაში დიდი გამოცდილებაც მიიღო, გუნდს "კრასნოდართან" მოაგებინა კიდეც და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
"ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ლობჯანიძეს ჯერ ნაკრებში გამოძახება მივულოცეთ...
- დიდი მადლობა! შენი ქვეყნის ნაკრებში მიწვევაც ძალიან სასიხარულოა, მისი მაისურის მორგებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველა ფეხბურთელის მიზანი და სურვილი თავისი ქვეყნისთვის თამაშია.
- მაგრამ გამოძახება თამაშს არ ნიშნავს...
- მეც სწორედ მაგის თქმა მინდა. შესაძლოა, ვიღაც ფიქრობს, რომ რუსეთის პრემიერლიგის გუნდში მოხვედრა და ნაკრებში გამოძახებაც დამაკმაყოფილებელი შედეგია. მაგრამ ნაბიჯი ყოველთვის წინ უნდა გადადგა.
- თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს მაინც მოულოდნელი უნდა ყოფილიყო თქვენთვის, რადგან საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც არ გიწვევდნენ...
- ვერ ვიტყვი, რომ მიწვევა მოულოდნელი იყო, რადგან უკვე ლაპარაკობდნენ ამაზე და იმედიც მქონდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სასიხარულოა, ვაისისგან ამხელა ნდობა რომ დავიმსახურე.
მეორე მხრივ, რუსეთში მოხვედრის შემდეგ ასეთი იმედი თავისთავად ჩნდება. რაც უნდა იყოს, ეს ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ლიგაა. მაგრამ მთავარია, ნდობა გავამართლო.
- საკლუბო ამბებზე რას გვეტყვით? გუნდით კმაყოფილი ხართ?
- ახლა ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით და აქედან გამომდინარე, ვერავინ იტყვის, რომ წარმატებულ გუნდში ვთამაშობ. თუმცა გასულ თამაშებს თუ გადავხედავთ, საკმაოდ კარგი და წარმატებული შეხვედრების გახსენებაც შეიძლება. მთავარია, პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.
- დღეს ხაბაროვსკის "სკა ენერგიასთან" გადათამაშების პირველი მატჩი გქონდათ...
- ურთულესი თამაში იყო. 0:0 ვითამაშეთ. გოლის გატანის შანსები მქონდა. ყველაზე რეალური ის იყო, თავით რომ დავარტყი...
- პირველი შეხვედრა გასვლაზე და თან 0:0 ურიგო შედეგი არ არის...
- საპასუხო მატჩიც ძალიან რთული იქნება. იმედია, სეზონს გამარჯვებით დავასრულებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"