სპორტული ჟურნალისტები გასვლით სანაკრებო თამაშებს გააშუქებენ

AutoSharing Option
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ფეხბურთის პოპულარიზაციას, ისე ჩვენს ქვეყანაში სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებას.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მხარს დაუჭერს ეროვნული ნაკრების გასვლით შეხვედრებზე ქართველი ჟურნალისტების დასწრებას. ყოველი ასეთი მატჩის წინ განისაზღვრება ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით გასამგზავრებელი ჟურნალისტების კვოტა, რის შესახებაც ეცნობება სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას.

ამ პროცესს განსაკუთრებით შეუწყობს ხელს ის შემთხვევები, როდესაც ნაკრები ამა თუ იმ შეხვედრაზე ჩარტერული რეისით გაემგზავრება. თუმცა, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მზადაა განიხილოს
ისეთი შემთხვევებიც, როცა ჩარტერი არ იქნება.

ამ პროცესში ჩართვისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მხოლოდ ერთი პირობა წამოაყენა: ფეხბურთის ფედერაცია იხსნის ყოველგვარ ვალდებულებას გასამგზავრებელი ჟურნალისტების სიის დაკომპლექტებაზე და ამ საკითხზე პასუხისმგებლობას სრულად აკისრებს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას.

ეს აბსოლუტურად სწორი მიდგომაა და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფეხბურთის ფედერაცია აბსოლუტურად უანგაროდ მონაწილეობს ქართული სპორტული ჟურნალისტიკის მხარდაჭერის კამპანიაში და საერთოდ არ აინტერესებს, ვინ გაემგზავრება ამ თამაშებზე - მისთვის სასურველი რეპორტიორი თუ ფედერაციის საქმიანობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი. შესაბამისად, ასეთ შეხვედრებზე მივლინებული მიმომხილველები პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის, საკუთარი მედიასაშუალების და მკითხველის (მსმენელის, მაყურებლის) წინაშე.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიმართ პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ პუნქტს მოიცავს: ეს პროექტი სულაც არ არის ტურისტული მოგზაურობა და შერჩეული ჟურნალისტები ვალდებულნი არიან, შესაძლებლობის ფარგლებში, მატჩის ჩატარების ადგილიდან საქართველოს მაქსიმალური ინფორმაცია მოაწოდონ.

ყველა მივლინებული ჟურნალისტის მუშაობა ასოციაციის მიერ შეფასდება და ეს შეფასება გავლენას იქონიებს შემდგომ მატჩებზე გასამგზავრებელი რეპორტიორების შერჩევის პროცესზე.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჟურნალისტების შერჩევა მოხდება ობიექტურად და გამჭვირვალედ. ამ პროცესში აუცილებლად იქნება მხედველობაში მიღებული შემდეგი გარემოებები:

საინფორმაციო საშუალების რეიტინგი
ასოციაციის წევრობა
გამოცდილება

პირველი საერთაშორისო მატჩი, რომელზეც ქართველი ჟურნალისტები ამ პროექტის ფარგლებში გაემგზავრებიან, არის 11 ივნისს კიშინიოვში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრა მოლდოვასა და საქართველოს შორის.

უკვე შეირჩა და ამ თამაშის გასაშუქებლად კიშინიოვში გაემგზავრება შემდეგი 5 ჟურნალისტი: ლაშა გოდუაძე (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი), მაგდა კლდიაშვილი (საინფორმაციო პორტალი "აიპრესი"), გოჩა კაჭარავა (საინფორმაციო პორტალი "აჭარასპორტი"), ალეკო კაკაურიძე (სპორტული გაზეთი "ლელო" და საინფორმაციო პორტალი "სპორტალი"), ალექსანდრე რუაძე (სპორტული რადიო "ჯაკო").

შემდგომ თამაშებზე ჟურნალისტების შერჩევისას აუცილებლად იქნება გამოყენებული როტაციის პრინციპი.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია დიდ მადლობას უხდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება შეხვედრები კალათბურთის და რაგბის ფედერაციების ხელმძღვანელობასთან, რათა განვიხილოთ სარაგბო და საკალათბურთო ნაკრებების გასვლით შეხვედრებზე სპორტულ ჟურნალისტთა მივლინების საკითხში თანამშრომლობის შესაძლებლობები. ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი დადებითი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მხარდაჭერა აღგვითქვა.

მიხეილ აბაიშვილი
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი
მკითხველის კომენტარები / 2 /
agent 47.
02:38 03-06-2017
0
სირცხვილი და თავის მოჭრა. ფეხბურთელებს რო ვინახავთ ჩვენი გადასახადებიდან არ გვეყოფა და ეხლა ეს უხარისხო და მდორე ჟურნალისტებიც უნდა ვამოგზაუროთ? რა დავაშავეთ, რატომ ვინახავთ ამ ხალხს რატოოო? არც ფეხბურთი იციან იმათმა და არც ამათმა ჟურნალისტიკა, მეც რომ არ შემეძლო წავედი თოხი დავიჭირე და ქვეყანას ვადგები თქვენ რას მიკეთებთ ჩემ ხარჯზე რომ ცხოვრობთ. იპოვეთ საქმე რაც შეგიძლიათ და ნუ გვაზიხართ კისერზე
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული