[ოთხშაბათის საკითხავი] სინდისმა რომ არ შეგვაწუხოს...

AutoSharing Option
კარს მოგვადგა საქართველოს ეროვნული გუნდის მატჩები. პირველი ნაკრები, თბილისში რომ ვეთამაშებით, დასავლეთ ნახევარსფეროში ეგზოტიკურ, კარიბის ზღვის ქვეყანას წარმოადგენს.

სენტ კიტსისა და ნევისის ორი მატჩი მაქვს ნანახი - პირველად, როცა რამდენიმე წლის წინ, მგონი, კურასაოს რომ შეხვდა, და მეორედ - ორიოდ დღის წინ, სომხეთთან. სენტ კიტსსა და ნევისს უნდა მოვუგოთ, ოღონდ ნუ დავწერთ მხოლოდ პირველ ორ სიტყვას, რადგან ნევისელები აშკარად გაგვიჯავრდებიან...

...მოლდოვასთან მატჩი კი იდეალური საშუალებაა იმისთვის, რომ პირველი თამაში მოვიგოთ შესარჩევ ციკლში. მოლდოვა თუ ვერ წავაქციეთ, თ
უნდაც გასვლაზე, სხვას ვიღას უნდა მოვუგოთ? საქართველოს ნაკრებს ციკლში ერთი "გასროლა" კი სჩვევია, მაგრამ ჩვენს ზეთანაბარ ჯგუფში ისეთი ომია, ვგონებ, ციკლის ბოლომდე კონცენტრაციას არავინ დაკარგავს.

ალბათ, ბევრი გამკიცხავს, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც საქართველოს ნაკრების მატარებელი ამ შესარჩევში კარგა ხნის ჩავლილია, მე შედეგზე არანაკლებ მაინტერესებს, როგორი ხარისხის ფეხბურთს ვითამაშებთ მოლდოვასთან? შევძლებთ თუ არა "პირველნომრობასა" და დომინანტობას?

ცოდვა გამხელილი სჯობს და, თბილისში ეს ვერ შევძელით. ეგაა, კიშინიოვში ის ალექსანდრ გაცკანი აღარ დაგვხვდება, ეროვნულზე რომ დაგვადუმა ეფექტური გოლით. შედეგზე კი ზემოთ ტყუილად როდი დავწერე. დავუშვათ, ჯაჯგურში, თანაბარ ბრძოლაში მოვერიეთ მოლდოვას. რა შეგვრჩება ამ მატჩისგან ხელთ? მოგება ჩვენს კბილა მეტოქესთან - მეტი არაფერი!

ფაქტია: ჩვენ ჯერ უნდა გავიგოთ, სად ვართ და რა გვინდა. ჩვენში ჯერაც ცოცხალია ამბიცია და გვგონია, რომ იმ მოლდოვას, არაერთხელ რომ გაგვამწარა, სულ უნდა ვუგებდეთ. კი, საქართველოს ნაკრები მომავალ მეტოქეს სჯობს კონტინგენტით, მაგრამ, სულო ცოდვილო, ქართული ზრდილობა გვერდზე გადავდოთ და პირდაპირ ვთქვათ - ერთი შეწვი და მეორე მოხარშე...

ასეა, წლებს თავისი მიაქვს და რაკი ჩვენი ფეხბურთი, რომელიც სანაკრებო თვალსაზრისით არასოდეს ბრწყინავდა, ვეღარც ინდივიდუალისტებით ბრწყინავს, ევროპელი სპეციალისტისა თუ ქომაგისთვის საქართველო სადღაც მოლდოვასთანაა. ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენი გაჭირვებაც ოდესმე უნდა დამთავრდეს?!

ხელის ერთი აქნევით საქართველოს ნაკრები რომ მთებს ვერ გადააბრუნებს, ეს ცხადზე ცხადია. დღეს სადაც ვართ და რაც შეგვიძლია, იმის გათვალისწინებით მოლდოვასთან დომინანტობა და ლამაზი გამარჯვება გვარიანად კარგი ამბავი იქნება ჩვენთვის და ჩვენი ფეხბურთისთვის.

* * *
სოციალური ქსელები ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ასეა ბევრი და ასე ვარ მეც. თანაც, საქმე და პროფესია გვაქვს ისეთი, გვერდს რომ ვერ აუვლი ბევრ თემას.

რა თქმა უნდა, დღევანდელ მსოფლიოში მილიარდი აზრია და ამ აზრის მილიარდნაირად გამომხატველ ადამიანსაც ვიპოვით, სათქმელის გადმოცემის ფორმა და ნათქვამის ზომაც აღარ გვიკვირს, მაგრამ არ მგონია, ბევრი ნაკრები იყოს მსოფლიოში, იმდენი ღვარძლიანი კომენტარი რგებოდეს წილად, რამდენიც საქართველოს ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებს.

კი ბატონო, კრიტიკის საფუძველი და მიზეზი იმდენია, ათი ხელის ყველა თითი არ ეყოფა კაცს ჩამოსათვლელად, მაგრამ კრიტიკა ერთია და ღვარძლი - მეორე. მაგალითად, ჩემთვის მისაღებია, როცა მწვრთნელს და ფეხბურთელს შეცდომისთვის აკრიტიკებენ, მაგრამ მიუღებელია, როცა საქართველოში ფეხბურთის აკრძალვას ითხოვენ (მიუხედავად იმისა, რომ მას ვერც ვერავინ აკრძალავს), როცა წერენ, რომ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოს ნაკრები, როცა ფეხბურთელებს შეურაცხყოფენ...

ჯერ ერთი, შე დალოცვილო, თუ ფეხებზე გკიდია, გძულს და ნერვებს გიშლის, კომენტარს რაღას უწერ, საქმე და საკეთებელი გამოგელია?

მეორეც - ხომ მეც ვიცი და შენც: დატრიალდება თუ არა საფეხბურთო დენთის სუნი საქართველოში, დასრულდება თუ არა ის დიდი აღმართი და ჩვენი ფეხბურთი, ბოლოს და ბოლოს, გაივაკებს, ჯერ ნელი ნაბიჯით წახვალ სტადიონზე, მერე კი თანდათან აუჩქარებ სვლას...

რა თქმა უნდა, დღეს ქართულ ფეხბურთში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ მე მატერიალურ-ნივთიერზე დიდი პრობლემა ის ნიჰილიზმი მგონია, რომელიც დღითი დღე იდგამს ფეხს ჩვენში და ძლიერდება.

უნდა გამოვტყდე - ჩემს ბავშვობაში საქართველოს ნაკრების თამაში რომ ახლოვდებოდა, ბოლო ორი-სამი დღე საერთოდ არ მეძინა. მაშინ სხვა დრო და სხვა ფეხბურთი იყო, მაგრამ მაშინაც რაღაც დაგვაკლდა. მაშინაც ვერ მივაღწიეთ საწადელს. ზოგი ამას მწვრთნელს აბრალებს, ზოგი პროფესიონალიზმის ნაკლებობას და სუსტ ხელმძღვანელობას...

რატომღაც მგონია, რომ ამათთან ერთად იყო კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც ძალიან ხშირად არ ახსენებენ და ეს მიზეზი შემდეგია: ქართული საფეხბურთო თემი და ქომაგი, არც მაშინ და არც ახლა, არ იყო ერთიანად დარაზმული იდეის გარშემო. რაღა შორს წავიდეთ, ინგლისთან მატჩის მერე რა და როგორ იყო, ყველას ახსოვს - ხალხმა გუშინდელი კერპი ლამის ანათემას გადასცა. ბარემ, აქვე ვთქვათ, რომ რაც ფეხბურთი არსებობს, მას შემდეგ მთავარი შედეგია და იმ მწვრთნელზე შედეგიანად საქართველოს ნაკრები დღემდე არავის გაუწვრთნია. როგორც იტყვიან, დასკვნის გაკეთება მკითხველისთვის მიგვინდვია.

...მაგრამ ჩვენი დროც მოვა და ერთ დღესაც ისე უნდა მივიდეთ სტადიონზე საქართველოს კარგი ნაკრების სანახავად, რომ დღევანდელი, თუნდაც ცუდი დროის საქციელისა არ შეგვრცხვეს.

მაშ, მოვიშოროთ ნიჰილიზმი და უადგილო ირონია. დღეს საქართველო თამაშობს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ვერ მიხვდიტ იშვიატად ვწერ გული მტკივა ტან ევროპიდან ვაკვირდები ამ ყველაფერს, რას წვალობტ და დაგვტანჯეტ ჩვენც ჯურნალისტებმა, ამ ფულიტ რაც ფედერაციას აქ აშენონ ბავშტა ბაზები და ბავშტა ტრინერები გადამზადონ. აი 10 წლის მერე გვეყოლება კაი ფეხბურტელები. საქარტველოდან წამოსული ფეხბურტელი ვეც ფიზიკურად ვარგა და ვერც ფსიგოლოგიურად, ნუ იტყუებტ ჯურნალისტები ტავს და ნურც ხალხს ატყუებტ, სწორი დაწერტ, სახლი სიდან შენდება ის დაწერეტ. დზან მიყვარს ქარტული ფეხბურტი მაპატიეტ.
simartle
19:52 07-06-2017
0
დღეს რომ დოლიძე არაა ნაკრების შემადგენლობაში, აი აქედან იწყება ყველაფერი ჩვენი შედეგიანობისა, ვაისი არ იცნობს ადგილობრივ ფეხბურთელებს, არ აინტერესებს ჩვენი ჩემპიონატი რაში უხდით ხელფასს, რომ მარტო ოფიციალური მატჩები ჩაატაროს, მასე ხომ ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი უკეთეს შედეგს დადებდა. აი ეს არის ჩვენი უბედურება.
beso
16:22 07-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული