გიორგი მერებაშვილი: სიმართლე გითხრათ, ამაზე გული ძალიან დამწყდა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა მოლდოვასთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილმა მოლდოვასთან მატჩში ნაკრებში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.

"ჯერ ვიტყვი, რომ ნაკრებში გამოძახებამ ძალიან გამახარა. ორი წელი არ მიძახებდნენ და არც ახლა ველოდი. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. მინდოდა, ორივე მატჩში მიმეღო მონაწილეობა და ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილიც შემეტანა.

არ მეგონა, თუ სენტ კიტსის და ნევისის ნაკრებთან ძირითადში დამაყენებდნენ. როცა გავიგე, რომ სასტარტო თერთმეტეულში ვიყავი, ძალიან დავიძაბე, რადგან
ნაკრების მაისურით მოედანზე დიდი ხანი არ ვიყავი გასული და თანაც, გულშემატკივრების, მეგობრების მხრიდან ჩემზე დიდი ზეწოლა იყო - არ მქონდა უფლება, მათი იმედები გამეცრუებინა.

იმ მატჩში ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ დაძაბულობას, რომელსაც ვგრძნობდი, ჩემს გარჯას მაინც დადებითად შევაფასებდი. მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ვიყავი: რამდენიმე კარგი გადაცემა გავაკეთე, თავადაც შემეძლო გოლის გატანა, ასე რომ, მთლად ცუდად არ მითამაშია.

მოლდოვასთან შეხვედრა კი უკვე პრინციპული იყო. მოსამზადებელ პერიოდში, ვარჯიშებზე ძირითად თერთმეტეულში ვიყავი და მჯეროდა, რომ მოლდოვასთან მატჩს პირველივე წუთიდან დავიწყებდი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მწვრთნელმა ტაქტიკა შეცვალა და მეც სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდი.

არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ამაზე გული ძალიან დამწყდა - პირველი მატჩის შემდეგ იმედი მქონდა, რომ ძირითადში ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, ყოველთვის მწვრთნელი წყვეტს, ვინ ითამაშებს და ახლაც ასე იყო...

საბედნიეროდ, გამიმართლა და შესვლისას, ძალიან რთულ სიტუაციაში გავიჩერე ბურთი და წამის მეასედებში დარტყმაც მოვასწარი. ვფიქრობ, ამ გოლმა გამოგვაფხიზლა, ვირწმუნეთ, რომ მატჩის გადარჩენა შეგვეძლო, უფრო გავაქტიურდით, უპირატესობა ხელთ ვიგდეთ და მეორე გოლიც გავიტანეთ. შეგვეძლო მესამის გატანაც, მაგრამ არ გამოვიდა.

მთლიანობაში, ალბათ, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. ჩვენთვის ფრე დასანანია, რადგან ყველა მოგებას ვგეგმავდით, თუმცა პირველი ტაიმიდან გამომდინარე, ნამდვილად სასიხარულოა, რომ ნაკრებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და სულაც არ წააგო თამაში.

ნაკრებში სადებიუტო გოლით ძალიან გახარებული ვარ. იმედია, მომავალში თუ ისევ მომეცემა ნაკრების მაისურის მორგების შანსი, კვლავ წარმატებით ვითამაშებ და გავიტან", - გვითხრა მერებაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
აქ ფეხბურთელები თავისთავზე წერენ სხვადასხვა ნიკით.გაიშიფრა უკვე ერთი
kkkk
08:51 14-06-2017
0
ზხადადზე არ უნდა გაესჰვატ
optimisti
08:36 14-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული