საქართველო-მოლდოვის შემდეგ: შედეგი პირდაპირ გვეუბნება... [ნაწილი I]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან ფრედ ითამაშა. ვიხილეთ ნაღდი "ქამბექი", რაც ჩვენს საფეხბურთო სინამდვილეში იშვიათი რამაა, მაგრამ მაინც გული დაგვწყდა, რაკი, თუ პირველი ტაიმის ჩავარდნას არ ჩავთვლით, მოსაგები მატჩი იყო გუნდთან, რომელსაც ყველა კომპონენტში ვჯობდით.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

ქართველ ჟურნალისტებს საშუალება გვქონდა, ეროვნულ გუნდთან ერთად მოლდოვაში ვყოფილიყავით. მავანი ადრე კი გვიკიჟინებდა, ნაკრების გასვლითი თამაშების ადგილზე ცქერა გეზარებათო, მაგრამ სულო ცოდვილო, ვინ ოხერი იტყვის უარს იმ დიდ ბედნიერებაზე, რასაც, თუნდაც, შენი ქვეყნის ჰიმნის უცხოეთში მოსმენა ჰქვია...

კიშინიოვურ შთაბეჭდილებებს ორ ნაწილად
შემოგთავაზებთ. დღეს უფრო "ცხელ თემას", უშუალოდ თამაშის ანალიზსა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მოსაზრებებს გაახლებთ, კიშინიოვსა და სხვა საინტერესო ამბებზე კი მერე იყოს. მით უმეტეს, ისეთ დროსა და სივრცეში მიქეს ჩემი და თქვენი საყვარელი გაზეთი "ლელო", ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი...

რატომ ამხელა განსხვავება?
მას შემდეგ, რაც ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობს, ეს პირველად არ მომხდარა - ეროვნულმა გუნდმა ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმი ჩაატარა, სლოვაკ დამრიგებელს კი უშუალოდ მატჩის მსვლელობის დროს მოუხდა მის მიერ შეხვედრის წინ დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

რა თქმა უნდა, ძირითადი შემადგენლობის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ გავრისკავთ და ვიტყვით - მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ 5 (!) ნომინალური მცველით თამაში და ორი გამოკვეთილი ჩამშლელის დაყენება ვერ იყო მთლად სწორი ნაბიჯი.

ვაისის ჩანაფიქრი გულისხმობდა - ასაკოვანი მოლდოვა პირველ ტაიმში უნდა დაგვეღალა და მერე გაგვეტეხა. მეორე ტაიმი მართლაც კარგად ვითამაშეთ - კოლოსალური უპირატესობა გვქონდა, ორივე გოლი გავქვითეთ და კიდევ გვქონდა რეალური შანსები თავისი ხარიხებით (თუმცა ერთ მომენტში ჩვენც გადავრჩით)... მაგრამ ამან მოსაგებად აღარ იკმარა.

როცა საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ის ფეხბურთი, რომელიც უნდა ითამაშოს მოლდოვის დონის გუნდთან, შედეგიც მოვიდა და გოლებიც. ვაისმა კი, რომელსაც რამდენჯერმე მოუწია ტაქტიკური სქემის გადაწყობა, თამაშის წინ დაშვებული შეცდომები იმით გამოასწორა, რომ ორივე შეცვლა "ათიანში" გაარტყა - გიორგი მერებაშვილმაც და ვაკო ყაზაიშვილმაც გოლებით გამოიჩინეს თავი.

Sportall.Ge

ეგ იყო, რომ უჩა ლობჟანიძე დაგვიშავდა და ჯერ უცნობია, რა დრო გაუცდება ყაზახური "ატირაუს" მცველს...

ფეხბურთის დაუწერელი წესი
არაერთხელ მინახავს უცნაური მსაჯობა, მაგრამ პირადად რასაც შევსწრებივარ, გამოვარჩევ ორს და ორივე... მოხდა კიშინიოვში, "ზიმბრუს" სტადიონზე და თუ ამ შემთხვევაში მოლდოვის ნაკრები იყო მასპინძელი, მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე "დაჩიამ" უმასპინძლა "ზესტაფონს"...

როგორც ჩანს, მოლდოვაში მსაჯსაც ეთამაშები. დავანებოთ თავი იმას, რომ მასპინძელთა მეორე გოლისას ბურთმა აშკარად დატოვა (დაახლოებით 20-30 სანტიმეტრით გადასცდა ხაზს) მინდვრის ფარგლები. დავუშვათ, ეს არბიტრმა ვერ დაინახა (შეიძლებოდა, ვერც დაენახა), ისიც ადამიანია და მასაც შეიძლება, შეეშალოს...

მაგრამ ვერავინ გაიგო, რატომ "ჰპარავდა" ბატონი ანდრეას ეკბერგი ათ მეტრს მაინც საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ჯარიმისას?! ჩვენს კარში არჩათვლილი გოლი კი ვნახეთ და ისეთი თამაშგარე იყო, ამ შემთხვევაში ნამუსზე ხელი ვერ აიღო...

სკანდინავიელმა ნამატჩევს, თითქოს, აღიარა კიდეც თავისი შეცდომა, მაგრამ იმ გოლს ვინღა გააუქმებდა? აქ ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელზეც თამაშის დასრულების შემდეგ გურამ კაშიამაც ილაპარაკა - სანამ არბიტრის სასტვენი არ შეწყვეტს თამაშს, მატჩი გრძელდება და არ უნდა გაჩერდე! ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, ფეხბურთის დაუწერელი წესი!

მარეგულირებელი
ნიკა კვეკვესკირი რამდენადაც კარგი ფეხბურთელია, კიდევ უკეთესია, როგორც - პიროვნება. ასე მგონია: ფეხბურთის მერე რა სფეროშიც უნდა მოსინჯოს ძალა, ყველგან წარმატებული იქნება.

მართალია, მოლდოვასთან მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ იყო ყველგან, სადაც გუნდს სჭირდებოდა და აკეთებდა ყველაფერს, რასაც საქართველოს ნაკრები ითხოვდა. მას აქვს ერთი ფასდაუდებელი თვისება - არეგულიროს თამაშის ტემპი.

ზემოთაც ვთქვი - მწვრთნელის კომპეტენციაა შემადგენლობის შერჩევა, მაგრამ აზრის გამოთქმას ვინ დაგვიშლის? - მგონია, რომ ვაისი მაგრად შეცდა, როცა "კვეკვე" ძირითადში არ დააყენა. რომ არა ის, თამაშის შემოტრიალება გაჭირდებოდა...

არაბიძეზე
როცა საქმე ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ეხება, ზომიერზე ზომიერი უნდა იყო. ჩვენც ასე მოვიქცეთ და ვთქვათ, რომ გიორგი არაბიძეს ყველანაირი პირობა აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ეს გამოჩნდა თუნდაც მოლდოვურ მატჩში.

რაც მთავარია, არაბიძეს აქვს ყველა თვისება, რაც ლიდერს უნდა ჰქონდეს. მისთვის აბსოლუტურად უცხოა შიში და მოკრძალება. ნებისმიერი წერტილიდან ურტყამს მოწინააღმდეგის კარში და კიშინიოვში კინაღამ გოლი-შედევრიც გამოუვიდა...

Sportall.Ge

ფაქტია, ბოლო წლების საფეხბურთო საქართველოში არ ყოფილა მისი დონის ტალანტი. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. დიდ ფეხბურთელობამდე დიდი გზაა, მაგრამ ამ გზის გავლა სავსებით რეალურია.

ტრიბუნაზე ტოლი არ დავუდეთ
"ზიმბრუზე", რა თქმა უნდა, მეტი მოლდოველი გულშემატკივარი იყო, ვიდრე ქართველი, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველებმა მასპინძელ ფანებს ტოლი არაფერში დაუდეს და თუ ვერ აჯობეს, არც არაფერში ჩამორჩნენ.

სტადიონზე მოვიდნენ კიშინიოვში მცხოვრები ქართველებიც. სოლიდური დელეგაცია ჩამოვიდა თბილისიდან. უნდა ითქვას, რომ "ქომაგებმა" ნამდვილი ცეცხლი დაანთეს ტრიბუნაზე და წამითაც არ დადუმებულან.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაში რომ გარდატეხა შეიტანა, ამაში გულშემატკივრების ძალიან დიდი წვლილიცაა...

Sportall.Ge

რა უნდა გადავიღოთ მოლდოვისგან?
მოლდოვის ნაკრები დღეს ისეთი გუნდია, მისგან ბევრს ვერაფერს ისწავლი, მაგრამ არის სათამაშო კომპონენტი, რომელშიც მათი მიბაძვა ნამდვილად არ გვაწყენდა.

თეთრი შურით შემშურდა, როგორი აკურატულობით გამოიყენა მოლდოვამ საგოლე მომენტები. საგოლე დარტყმები მასპინძლებმა ისე შეასრულეს, რომ გიორგი მაკარიძე ვერაფერს გახდებოდა ვერცერთ შემთხვევაში. ის კი არა, ერთ ეპიზოდში დიდებულად ითამაშა და წამის ინტერვალით ორი ბურთი მოიგერია...

ერთიც: მწვავეზე მწვავე იყო მოლდოველთა კონტრშეტევები, განსაკუთრებით - პირველ ტაიმში. ძალიან მინდა, საქართველოს ნაკრების შესრულებითაც ვნახო ასეთი კონტრშეტევები. ეს კომპონენტი დღითიდღე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ ფეხბურთში.

ვაისის მომავალი
შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ბევრი აღარ დარჩა, მაგრამ ერთი უკვე ცხადია - ჩვენ ვერაფრით მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც გვინდოდა და ვერც იმას, რომელიც, მეტ-ნაკლებად, მისაღები იქნებოდა ჩვენთვის.

ყველა ქვეყანაში ასეა - მწვრთნელის მუშაობა შედეგით იზომება და ფასდება. ცხადია, ამ მხრივ ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი. ფაქტია - არ არის შედეგი და ვერც იმას ვიტყვით, რომ ვაისი წარმატებით მუშაობს საქართველოს ნაკრებში...

ძველ თემას აღარ მივუბრუნდებით. ერთხელაც აღარ დავწერთ იმას, რომ როცა უკვე გვქონდა ველოსიპედი, ახალი არ უნდა მოგვეგონებინა. ეგაა, სლოვაკი ისეთი მწვრთნელია, მასზე ხელაღებით აუგს ვერავინ იტყვის...

მეორე მხრივ, ვაისი მხოლოდ ეპიზოდურად პოულობს რაღაც ძაფს და მერე ისევ უშვებს ხელიდან. მის ხელში საქართველოს ნაკრები კვლავ რჩება ეპიზოდური გამონათებების გუნდად, რომელსაც საერთო არაფერი აქვს პროცესში გამარჯვებულ ნაკრებთან.

Sportall.Ge

უნდა წავიდეს თუ არა ვაისი? შედეგი ამას პირდაპირ გვეუბნება, ცივი გონება კი ბოლომდე ვერ იმეტებს. უახლოესმა რამდენიმე მატჩმა ამ კითხვას ზუსტი პასუხი უნდა გასცეს. ვაისმა კი, როგორმე, სტაბილურობა უნდა ასწავლოს საქართველოს ნაკრებს.

გაგრძელება იქნება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
მოსსვლის დღიდან ვიწინასწარმეტყველე დედის გინებით გააგდებენ მეთქი და აჰა იწყება. გურჯისტანის ნაკრები ზომბების ჩემპიონატში უნდა ათამაშო იქნებ იქ გამოვიდეს რამე თორემ ცოცხალ ფეხბურთში ამათ ვაისი კი არა მამაზეციერიც ვერ უშველის
ზურა
14 ივნისი 2017 16:23
0
ვლადიმერ ვაისი შესანიშნავი მწვრთნელია. მოხარული ვარ რომ ის საქართველოს ნაკრებს წვრთნის. რაც შეეხება ნაკრების შედეგებს მისი ხელმძღვანელობის შემდეგ, რა თქმა უნდა ნაკრებს არ აქვს არნაერი დადებითი შედეგი. მას ოფიციალური თამაში არ მოუგია და დასახული მიზანი, ჯგუფში 3-ე ადგილი ძალიან შორს არის. ის რომ ნაკრები პროგრესს არ განიცდის ყველაზე ნაკლებად არის ვაისის დამსახურება და ყველაზე მეტად საქართველოში არსებული სავალალო საფეხბურთო რეალობით. სანამ საქართველოში ფეხბურთი არ განვითარდება და ნაკრების მწვრთნელს არ ეყოლება მუდვივად განკარგულებაში 30 მაღალი დონის ფეხბურთელი, მანამ ჩვენი ნაკრების წინსვლა არ მოხერხდება.
ლუკა
14 ივნისი 2017 14:38
0
ჩვენ ყოველთვის მწვრთნელებისკენ ვიშვერთ ხელს და გასაგებიცაა თუმცა ჟურნალისტებიც არანაკლებ დამნაშავეები ხართ დღევანდელი შექმნილი სიტუაციით, სანამ შეკვეთილი სისულელეების წერას არ დაანებეთ თავს და რეალობას არ დაწერთ მანამდე არ ეშველება ფეხბურთს საქართველოში.
zmo
14 ივნისი 2017 12:53
0
ეპიზოდებს თუ განვიხილავთ ცალკე, უხეში შეცდომები იყო დაშვებული ორივე გოლის გაშვებისას,მაგრამ ის ეპიზოდები თამაშის საერთო სურათიდან ,ტაქტიკიდან,შემადგენლობიდან გამომდინარე იქმნებოდა!.პირველი გოლი-აშკარად არ იყო სწორად შერჩეული პოზიცია მეკარეს და მცველებს შორის.ზონა ძალიან დიდი დატოვეს ,სადაც მისცეს საშუალება ჩაეწოდებინა სახიფათოდ..../მეორე გოლი-გაატარა მთელმა ფლანგმა მოლდოველი და თუნდაც არ გაეშვა ბურთი პირით ხაზს იქით,ასე თავისუფლად არ უნდა გაატარო(კოულმენის გოლი გაგვახსენა)!...მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი,რასაც არ აღნიშნავს გურამ კაშია-ეს ეპიზოდები შეიქმნა ჩვენს კარებთან სწორედ რომ არასწორად შერჩეული ტაქტიკის გამო,არასწორად შერჩეული შემადგენლობის გამო!ქეცბაიას დროინდელი საქართველოს ნაკრები გამახსენდა ,როცა შემადგენლობა გამოაცხადეს.როცა ბურთს აძლევ მეტოქეს(რაც შემადგენლობიდან იყო გამომდინარე),მას მეტი საშუალება აქვს შეგიქმნას მომენტები!,,როცა ბურთს ფლობ,მეტოქე სულ მცირე გოლს ვერ გაგიტანს,,-იოჰან კროიფი! კროიფის ეს სიტყვები შევახსენე ვაისს ავსტრიასთან მატჩის შემდეგ,როცა .იგივე შეცდომა დაუშვა ვაისმა ავსტრიასთან(ამისულაშვილი დააყენა ძირითადში და კაშია -საყრდენად.კვეკვე სკამზე დატოვა)...მერე ტრამვების გამო იძულებული შეიქმნა გვილია და კაკაბაძე დაეყენებინა ძირითადში ირლანდია-უელსში და ვნახეთ ,,ფეხბურთი,,ჩვენი ნაკრების შესრულებით!...პ.ს. მატჩის შემდეგ პრესკოზე ახსნა-განმარტება შემადგენლობის შერჩევის საერთოდ გამაოგნებელი იყო-თურმე პირველ ტაიმს 0-0-ზე,ანგარიშის შენარჩუნებაზე ვთამაშობდით
ზაზა
14 ივნისი 2017 12:29
0
ვასოს ვეთანხმები!
gode
14 ივნისი 2017 10:38
0
რაში სჭირდებათ რეგიონები?ვის აინტერესებს მაგათი ბედი?თვითონ ხომ არიან მაგრად?თბილისურ გუნდებს უწყობენ ხელს... ხოდა ბიძიკო უკეთესია თბილისის ჩემპიონატი ჩაატაროთ
krazana
14 ივნისი 2017 10:01
0
რა შედეგზეა ლაპარაკი, რას ბოდავს ვაისი,1 თამაში არ მოუგია და რა შედეგი უნდა?საქართველოში ფეხბურთი ფულის გათეთრების უებარი საშუალებაა
kako
14 ივნისი 2017 09:53
0
მიკიბ-მიკიბული არ უნდა ვაისი უნდა გადადგეს//
rezi
14 ივნისი 2017 09:43
0
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ კვეკვემ დიდი შეცდომა დაუშვა ტობოლში წასვლით, გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატი ეკუთვნოდა.
kika
14 ივნისი 2017 09:29
0
საქართველოს ნაკრებს არ ჰყოფნის ფეხბურთელები, აქედან გამომდინარე ფედერაციის და ვაისის, ბრალი ის არის რომ როცა 100 პროცენტიანი სათამაშო პრაქტიკის მქონე საშუალო დონის ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველების ჩამოყვანას ვერ უზრუნველყოფ. მათი პასპორტიზაციის ჩათვლით, თორემ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამ ჯგუფიდან ნაკრები გავიდოდა 1 ადგილით. საუბარია გოგიაზე ფარცვანიაზე ებრალიძეზე, ლიპარტიაზე, მახარაძეზე, აბურჯანიაზე, რომელიც კარგა ხნით ადრე უნდა ყოფილიყო ნაკრებში, ასევე ბერიძეზე და შეყილაძეზე. კიდევ 1-2 ქართველის პასპორტიზაცია შეიძლება, და საბოლოოდ ,მიუხედავად მათდამი ჩემი პატივისცემისა, უნდა წავიდნენ გუნდიდან ლორია, კანკავა, ლობჟანიძე, დვალიშვილი, ნავალოვსკი, და გუნდი უნდა გადავიდეს 4-4-2 ტაქტიკურ სქემაზე, იშვიათად მოწინააღმდეგიდან გამომდინარე 5-4-1. და მორჩა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დავდებთ შედეგს. კარგად გამოჩნდა ეს. როცა ასეთ ტკბილ ჯგუფში ფედერაცია მიზნად მესამე ადგილს დაგისახავბს მიზნად, ის ფედერაცია ცემითაა გასაყრელი. ძალიან გთხოვთ დამიბეჭდეთ. თქვენი ნაქები კვირკველიაც ბევრს თოხლაობს სხვათაშორის. პადბორკა უნდა იცოდეს მწვრთნელმა, რისი რესურსიც ნამდვილად გვაქვს. მჯერა გუნდის მომავლის
vaso
14 ივნისი 2017 09:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული