ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 - გამარჯვება ათი კაცით და კლასის ხარჯზე [+VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირამდე დარჩენილი ბოლო მატჩი მოიგო და ახალი შესარჩევი ციკლის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

საბედნიეროდ, ამჯერად ჩვენს ეროვნულ გუნდს მაჩანჩალასთან აღარ წაუფორხილებია, თუმცა ლუქსემბურგში იოლად სულაც არ მოუგია და საკმაო ბრძოლა გადახდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, 15 აგვისტოს საქართველოს ნაკრებს კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი დააკლდა, რომლის ნაცვლადაც სამკლავური ჯაბა კანკავამ მოირგო.

ჩვენი გუნდის ძირითად შემადგენლობაში კი განსაკუთრებული სიურპრიზები არ ყოფილა. უცვლელი დარჩა სქემაც, თუმცაღა მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებმა "პირველი ნომრობა" სცადა.

რაკი პირდაპირი ტელერეპორტაჟი არ
ყოფილა, შეხვედრას ინტერნეტით ვადევნეთ თვალი, თუმცა გამოსახულება ხშირად იჭედებოდა და ამიტომაც მატჩის შესახებ სრული წარმოდგენა ვერ შევიქმენით.

Sportall.Geზოგადად კი, იმის თქმა შეგვიძლია, რომ თემურ ქეცბაიამ ამჯერად აშკარად შეტევაზე გააკეთა აქცენტი და სწრაფი გოლით ქართველებმა გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ლევან მჭედლიძემ ორ მეურვეს აჯობა და საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ თითქოს საქართველოს ნაკრებს სერიოზული დაბრკოლება აღარ ელოდა, მაგრამ არბიტრმა მე-14 წუთზე გურამ კაშია ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა, რამაც სტუმართა ამოცანა გაართულა.

ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საკმაო დროის განმავლობაში კაცნაკლულობა არ დასტყობია. მეტიც, ქეცბაიას გუნდმა უპირატესობის განმტკიცებაზე ზრუნვა განაგრძო და ეს შეძლო კიდეც - 31-ე წუთზე მჭედლიძემ ბურთი მკერდით დაუგდო ალექსანდრე ამისულაშვილს, რომელმაც მეტოქის კარში ბურთი ერთით გადაგზავნა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

Sportall.Geუქმად არც მასპინძლები ყოფილან და თამაშში ჩართვა გიორგი ლორიასაც უხდებოდა, რომელიც მეტოქის რამდენიმე მცდელობას წინ დამაჯერებლად აღუდგა.

მეორე ტაიმში ქეცბაიამ ცვლილებებს მიმართა, თუმცა ამით მისი გუნდის თამაშის ხარისხი დიდად არ გაუარესებულა. გამონაკლისია მატჩის დასკვნითი ნაწილი, როცა რიცხობრივი უპირატესობით ასეთი დაბალი დონის მეტოქემაც კი იხეირა და თერთმეტმეტრიანით ჯერ ანგარიში შეამცირა, შეხვედრის მიწურულს კი ქართველთა კართან შტურმისმაგვარი მოაწყო და სტუმრებს საქმის გამარჯვებამდე მისაყვანად დიდი ბრძოლა დასჭირდათ.

არასასიამოვნო იყო მეორე ტაიმის შუაწელში მომხდარი ამბავი, როცა საკმაოდ რიგიანად მოთამაშე ჯანო ანანიძემ კუნთი დაიჭიმა და შესაცვლელი შეიქნა.

იმედია, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ოფიციალურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

Sportall.Geფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს გამარჯვება უდავოდ მნიშვნელოვანი იყო - სხვა რომ არაფერი, მართალია, სუსტ მეტოქესთან, მაგრამ მაინც კაცნაკლულებმა გავიმარჯვეთ.

იმის თქმა კი მაინც ძნელია, არის თუ არა საქართველოს ნაკრები მზად თუნდაც იმისთვის, რომ შინ ბელარუსს სძლიოს და ესპანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს.

ცოტაც მოვითმინოთ და სექტემბრის ოფიციალური მატჩები ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
15.08. ობერკორნი. 1 000 მაყურებელი
ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 მჭედლიძე (2), 0:2 ამისულაშვილი (31), 1:2 იოაჰიმი (84. პენ.)
გაძევება: კაშია (14)

საქართველო: ლორია - გ. კაშია, ხუბუტია, ამისულაშვილი (78. ფოფხაძე), გრიგალავა - კანკავა, კობახიძე (46. ლობჟანიძე) - თარგამაძე (46. დაუშვილი), ანანიძე (68. გურული), ოქრიაშვილი (90. გელაშვილი) - მჭედლიძე (46. სირბილაძე).

სათადარიგოები: რევიშვილი, კვასხვაძე, დევდარიანი, ვაწაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-თურქეთი 1:3 - მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ანანიძეზე დაცერეთ რა რა მოუვიდა რო გაიყვანეს სტადიონიდან ტრანვა აქ ? :((
dinamo
14:25 16-08-2012
0
და აბა სადაა +VIDEO?
ქომაგი
11:33 16-08-2012
0

სიახლეები პოპულარული