თემურ ქეცბაია: კობიაშვილთან და იაშვილთან, ალბათ, დამნაშავე ვარ

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 7 სექტემბერს, ბელორუსთან მატჩით დაიწყებს, ოთხი დღის შემდეგ კი თბილისში მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ესპანეთის ნაკრები ითამაშებს.

გაზეთმა "კვირის პალიტრამ" საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას, მომავალ მატჩებზე საუბრის გარდა, ყოფილ კაპიტან ზურაბ ხიზანიშვილთან კონფლიქტზე, ასევე, ნაკრებსმიღმა დარჩენილ ლევან ყენიას, გოგიტა გოგუას, ალექსანდრე იაშვილისა და ლევან კობიაშვილის პერსპექტივაზეც დაუსვა კითხვა.

- ზურაბ ხიზანიშვილზეც გკითხავთ: გავრცელდა ხმები, თითქოს უკმაყოფილო იყავით, ლუქსემბურგთან მატჩზე რომ არ ჩამოვიდა...
- ჩემი პოზიცია ასეთია: გამოვიძახეთ?
ვინც უნდა იყოს, შეკრებაზე უნდა ჩამოვიდეს. ჩვენმა ექიმებმაც გასინჯონ და გვითხრან, რამდენად სერიოზულია ტრავმა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელს არ ვენდობით, მაგრამ გვსურს, ჩვენთანაც ყველაფერი ისე იყოს, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება.

ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახება ყველგან ზეიმია ფეხბურთელისთვისაც და კლუბისთვისაც და გვინდა, ჩვენთანაც ასე იყოს. იმედია, მსგავსი პრობლემები მომავალში აღარ გვექნება.

თუ ფეხბურთელს სერიოზული პრობლემა არ აქვს და მაინც არ ჩამოდის, ე.ი. ეროვნულ ნაკრებში თამაში არ სურს.

არავის შევეხვეწებით, ასეთი მოთამაშეები არც ჩვენ გვჭირდება; ძალით ვერავის ვათამაშებთ; ითამაშებს ის, ვისაც თამაში უნდა.

- რადგან ზურაბ ხიზანიშვილს ისევ უხმეთ ნაკრებში, ე.ი. ყველაფერი რიგზეა...
- მასთან პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ კარგი იქნება, სამომავლოდ ყველამ გაითვალისწინოს: მიუხედავად იმისა, არის თუ არა ტრავმირებული, ვისაც გამოვიძახებთ, ყველა უნდა ჩამოვიდეს და მერე ადგილზე გადავწყვეტთ, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.

- ლევან ყენიასთან დაკავშირებით რა ხდება?
- თავის დროზე ყენია იმიტომ კი არ გამოვიძახეთ, რომ იმ მომენტისთვის ნაკრებში თამაშის ღირსი იყო. გვინდოდა, გვერდში ამოვდგომოდით, დავხმარებოდით ფეხბურთელს, რომელსაც ორ წელიწადზე მეტია, არ უთამაშია.

ოფიციალური მატჩები იწყება და გვინდა, ისეთი მოთამაშეები გამოვიძახოთ, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ.

წინ კიდევ არაერთი ასპარეზობა გველის და მომავალში მას აუცილებლად მიეცემა ნაკრებში თამაშის შანსი...

- ესე იგი, თუ ფორმაში იქნება, ყენიას ისევ გამოიძახებთ?
- ჩვენ გვინდა, ყველანაირად დავეხმაროთ ფეხბურთელებს, მაგრამ თუ ყენია ისევ ამბობს - სანამ ქეცბაიაა მწვრთნელი, ნაკრებში არ ვითამაშებო, მე რა შემიძლია, ძალით ხომ ვერ ვათამაშებ?!

ყველამ უნდა იცოდეს, რომ პირველ ადგილზე ნაკრები უნდა იყოს! პირადი ამბიციები - შემდეგ!

- ცნობილია, რომ დანიურ "ორჰუსთან" სტუმრად გამარჯვების შემდეგ გორის "დილას" გასახდელში სხვებთან ერთად გამარჯვება გოგიტა გოგუასაც მიულოცეთ და ხელი ჩამოართვით. ქეცბაია-გოგუას კონფლიქტი ამოწურულია?
- შეიძლება, რაღაც უთანხმოება გვქონდეს საფეხბურთო საკითხებზე, თორემ ჩვეულებრივ ურთიერთობას წინ რა უდგას? დანარჩენ 29 კაცს მივულოცე და გოგუას ხელს არ გავუწვდიდი?! თამაში მოიგეს და ყველას მივულოცე, რა არის ამაში გასაკვირი?

- ანუ თქვენ შორის უთანხმოება აღარ არსებობს?
- გამოვიძახეთ ის ხალხი, ვისიც გვჯერა. უთანხმოება რა შუაშია?

- მეტოქეებისა და გამოძახებული ფეხბურთელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს შესარჩევი ციკლი, გარკვეულწილად, ექსპერიმენტული იქნება...
- ნაკრები, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. თუ რამის მიღწევა გვინდა, შენება საძირკვლიდან უნდა დავიწყოთ და არა - სახურავიდან.

ზოგიერთებივით ბაქიბუქს არ ვარ ჩვეული - გამოვალთ და 10:0-ს მოვიგებთ-მეთქი. რეალურად ვაფასებ ყველაფერს.

მთავარია, დავინახო, რომ ბიჭები თავს არ ზოგავენ. ასეთ შემთხვევაში, შედეგის მიუხედავად, მეც და ნაკრების გულშემატკივარიც კმაყოფილი ვიქნებით.

- გამოდის, კობიაშვილსა და იაშვილს ნაკრებში მოხვედრის შანსი მართლაც აღარ ჰქონიათ...
- სიმართლე გითხრათ, კობიაშვილს ვერ დავუკავშირდი, იაშვილს კი ველაპარაკე და სიტუაცია ავუხსენი. ყველაფერი ძალიან მშვიდად მიიღო.

ეს ბიჭები წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურნენ ეროვნულ გუნდს, ნაკრების და ქვეყნის წინაშე მოვალეობა პირნათლად მოიხადეს და მადლობის მეტი რა გვეთქმის?

- გული სწორედ ამაზე სწყდებათ - იმის ღირსი მაინც ხომ ვიყავით, ეთქვათ, თუ ნაკრებს აღარ ვჭირდებითო...
- ალბათ, მართლაც დამნაშავე ვარ, თავიდანვე რომ არ ვუთხარი, მაგრამ არ არის ადვილი, მიხვიდე და ბიჭებს, რომლებთან ერთადაც ფეხბურთი გითამაშია, რომლებიც 15 წელია, ნაკრებში არიან, უთხრა - ნაკრებში აღარ ითამაშებთო.

მინდოდა, თვითონ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება... თუმცა, მწვრთნელი ვარ და ის უნდა გავაკეთო, რაც ქართული ფეხბურთისთვის არის კარგი.

მჯერა, ეს ყველაფერი ჩვენს ურთიერთობაზე არ იმოქმედებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

იხილეთ სრულად

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ჯერ ბელორუსთან თამაშზე ვიფიქროთ და მერე ესპანეთზე
შერიგებისა? თემურ ქეცბაიამ გოგიტა გოგუას ხელი გაუწოდა
თვალსაზრისი საქართველოს ნაკრებზე: საშემოდგომო პრელუდიები
ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!
ალექსანდრე იაშვილი სტუმრად "ლელოს" რედაქციაში: თუ ნაკრებს დავჭირდები...
ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი
გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ კაცის უტიფრობას საზღვარი არ აქვს
luxuta
13:44 06-09-2012
0
ყველა შესაცვლელია მწვრთნელიც და ფედერაციაც,მაგრამ ხვალ პრინციპული თამაშია ბელარუსიას უნდა მოუგოთ დაუდგეტ ბიჭებს გვერდოთ,დღეს ბილეთი ვიყიდე და გული მეტკინა არავინ ყიდულობდა ბელარუსიის თამაშზე ბილეთს,ყველა ესპანეთის ბილეთს ყიდულობს,ჩავის და ინიესტას სანახავად მიდის ხალხი ფეხბურთზე ესაა ქომაგობა?ვიცი ვერ თამაშობენ ჩვენი ბიწები დღეს,მაგრამ ხვალ უკეთ ითამაშებენ,თუ ბელარუსს არ მოუგეთ რა გვინდა მაშინ ესპანეთის თამაშზე?წამოდით ხალხო ბელარუსთან უქომაგოთ გუნდს ესაა მთავარი ,რომ ესპანეთთან კარგი ხალისით მაინც მივიდეთ
vasiko basiladze
15:10 06-09-2012
0

სიახლეები პოპულარული