თვალსაზრისი: მანიპულაცია საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ

AutoSharing Option
ყველაფერს ყისმათი უნდა. რაც უნდა კარგად გააკეთო გასაკეთებელი, იღბალმა თუ არ დაგიამხანაგა, ჭაკად იქნება შენი საქმე.

იღბალი სჭირდება მწვრთნელსაც. თემურ ქეცბაია წარმატებული ადამიანია, ოღონდაც მწვრთნელობა ისეთი პროფესიაა, ყველგან და ყოველთვის წარმატებული ვერ იქნები.

წინა შესარჩევის პირველ შეხვედრაში მალტას მატჩის მიწურულს მოვუგეთ დავით სირაძის თავური გოლით. ისიც ისეთი თამაში იყო, წაგებაც შეიძლებოდა, მაგრამ უფრო ყისმათიანი ჩვენი ნაკრები გამოდგა.

ღმერთი იმას სწყალობს, ვისაც მხრებზე თავი აბია - კარგად არის ნათქვამი, მაგრამ კარგად თქმული ყოველთვის ვერ იქნება აქსიომა.

ქეცბაიამ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოუგო
კონდრატიევის
ბელორუსს. ქეცბაიას ნაკრებმა ისევ უფრო დაცვაზე ორიენტირებული ტაქტიკა აირჩია და ამან გაამართლა. ალბათ, ბელორუსზე უკეთესი ნაკრები ჰყავდა ხორვატიას წინა შესარჩევში, მაგრამ დაცვითი ტაქტიკით ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მაშინაც გაიმარჯვა.

დაცვით თამაშსაც შესრულება უნდა. ამას საუკეთესოდ იტალიელები აკეთებენ - ასეთია საყოველთაო აზრი, თუმცა იტალია ამას სულ სხვანაირად ასრულებს, ვიდრე საქართველო. მეტოქე დაკარგავს თუ არა ბურთს, იტალია მყის 5-6 ფეხბურთელით გადადის შეტევაში, ანუ იერიშში მინიმუმ ხუთი ფეხბურთელი მონაწილეობს.

საქართველოს ნაკრების რესურსი ისეთი არ არის, როგორიც იტალიის და საერთოდაც, იტალია და დიდი ნაკრებები ჩვენთვის მეტრი ვერ იქნებიან. ჩვენთვის მთავარია, რომ ნაკრებმა სახე მიიღოს; ახალგაზრდული ნაკრებიც იგივე მოდელს ამუშავებდეს; მივაღწიოთ იმას, რომ თქვან, ქართველები აი, ასე თამაშობენო.

ქართულმა ფეხბურთმა საკუთარი ხელწერა დაკარგა და რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ბრალი. ოღონდაც მწვრთნელი ამ ყველაფერში ის ღერძია, რომელმაც თავისებურად უნდა აამუშავოს მექანიზმი, ანუ მიმართულება მისცეს პროცესს.

ბელორუსთან ყველაფერი საჩვენოდ შეტრიალდა. მეტოქეს სამი ფეხბურთელი დაუშავდა და ყველა შეცვლა იძულებული გამოდგა. ეს არ იყო პატარა ფაქტორი, საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმა იყო ბელორუსისთვის. კონდრატიევის გუნდი არ არის ესპანეთი და გერმანია, სამი საკვანძო მოთამაშე სრულფასოვნად რომ შეცვალოს.

ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი კარგად გამოიყენა.

...ნაკრების ახალი კაპიტანი ჯაბა კანკავა 30-ე წუთზე გააფრთხილეს - პირველ ტაიმში კანკავამ ჩვენი კარიდან მარჯვენა ფლანგზე მეტოქის მწვავე შეტევა წესის დარღვევით ჩაშალა.

მსაჯს შეეძლო, მეორე გაფრთხილება მიეცა კანკავასთვის, მაგრამ გადავრჩით, ბულგარელი არბიტრი სტანისლავ ტოდოროვი ჩვენს მიმართ ტოლერანტული გამოდგა, თორემ წესების სრული დაცვით შეეძლო, კაცნაკლული დაეტოვებინა საქართველოს ნაკრები.

ბელორუსი ალღოიანი გუნდი გამოდგა. ათიოდე წუთი დასჭირდა, რათა დაენახა, თუ სად იყო ნაპრალი საქართველოს დაცვით ეშელონებში.

სტუმრები მეტწილად მარჯვენა ფლანგიდან ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს. გია გრიგალავა მონდომებული კი იყო, მაგრამ უზადოდ ნამდვილად ვერ ითამაშა. როცა განაპირა მცველი შეტევაში არ ან ვერ ერთვება, მეტოქე აქეთ ცდილობს, თავისი თამაში მოგახვიოს.

მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე გურამ კაშია მყარად იდგა. ის საკმაოდ სწრაფია და შეტევაში წასვლაც შეუძლია. კაშია სანაკრებო დონის ფეხბურთელია, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში. ფლანგზე ის ზურაბ ხიზანიშვილზე უფრო ეფექტურია. ამის საშუალებას სისწრაფე აძლევს.

ხიზანიშვილი ვერ იქნებოდა კარგ ხასიათზე, ქეცბაიამ მას კაპიტნობა ჩამოართვა. მიუხედავად ამისა, ის მაინც სასარგებლო იყო მოედანზე, რამდენჯერმე წაიკითხა მეტოქის სვლა, რამდენიმე ორთაბრძოლა მოიგო, თუმცა ხარვეზებიც ჰქონდა.

ალექსანდრე ამისულაშვილი კარგად გაისარჯა. რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში გვითხრა, ჩვენ ფეხბურთელები ვართ, აბა, პარიკმახერები ხომ არაო. ეს იყო პასუხი იმ გამონათქვამებზე, ჯიუტად რომ იმეორებენ, ფეხბურთელი არ არის ნაკრებში და მწვრთნელმა რა უნდა მოახერხოსო.

მოსახერხებელი ერთია - ჯერ სახე, მერე კი შედეგი. სხვანაირად სულ იმაზე ვიქნებით დამოკიდებული, გაამართლებს თუ არა დაცვითი ტაქტიკა.

ახლა ესპანეთი გველის. საქართველოს აქვს დიდ გუნდებთან თამაშის გამოცდილება, თუმცა ასეთი ფეხბურთელები ამ ნაკრებში ცოტანიღა დარჩნენ. მოგებას ესპანეთთან არავინ მოსთხოვს საქართველოს, მაგრამ ილუზიებში რომ ვიყოთ, ამის უფლება, მგონი, გვაქვს - ყველა თამაშს ხომ ესპანეთიც ვერ მოიგებს.

ბევრს ეგონა, რომ საქართველო ხორვატიას დაამარცხებდა. ეს ფეხბურთია და მასზე ლაპარაკის დროს ბევრი რამით შეიძლება მანიპულირება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
საქართველო-ხორვატია 1:0 - გამოცხადებული სიხარულის ქრონიკა
მკითხველის კომენტარები / 5 /
სადღეგრძელოები კარგია, მაგრამ საქმეს ვნებს. ეს მარტივია, როცა დაცვა, ნახევარდაცვა და თავდასხა არ გივარგა უნდა ეცადო რომ დაცვა გაამაგრო. ამის მიხედვით ირჩევ შემადგენლობას. ეს არ ნიშნავს იმას რომ შეტევაზე უარს იტყვი, უბრალოდ წინასწარ იცი რომ ესპანეთს ბუთის ფლობა შენზე მეტი ექნება. თავს მოგახვევს თავის სტილს. ან უნდა დანებდე და ეცადო სიამოვნება მიიღო ან რაიმე მოიფიქრო იქნებ მათი შეტევები შენ კარებთან გადაკეტო. ბურთის ჩაჭრაზე ითამაშო და ოქრის მსგავსი გოლის იმედი გქონდეს.
თორე ეგრე თეორიულად მანჩესტერი ან ლივერპული რომ თამაშობს რა ტქმა უნდა ზურა სწორია. ოღონდ ჩვენნაირ გუნდებს ეგ არ ეხება.
kolia
20:23 10-09-2012
0
კველაფერი კარგად იქნება
dino
19:29 10-09-2012
0

სიახლეები პოპულარული