თორნიკე ოქრიაშვილი: იმედია, ესპანეთთან საზარდული ხელს არ შემიშლის

AutoSharing Option
სამი წლის წინ "გაგრას" პრეზიდენტს, ბესო ჩიხრაძეს უთხრეს, ფული ოჯახს და ახლობლებს მოახმარე, შეეშვი ამ "გაგრას", ცარიელი ხარჯიაო. ჩიხრაძის პასუხი კი ასეთი იყო: მართალია, ხარჯია, მაგრამ ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება, საქართველოს 2-3 კარგი ფეხბურთელს თუ გავუზრდიო.

თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც ბელორუსთან შეხვედრის ბედი ულამაზესი გოლით გადაწყვიტა, სწორედ "გაგრას" გაზრდილია.

ჩიხრაძე მართალია, ვერაფერი გადაწონის იმ სიხარულს, რაც მარიუპოლის "ილიჩევეცის" 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა პირადად მას და მთელ საქართველოს მოჰგვარა. ოქრიაშვილის გაზრდაში კი მას დიდი წვლილი მიუძღვის.

...თანამედროვე ფეხბურთი, სწორი თამაში -
ეს სიტყვები იმდენად ფესვგამდგარია ქართულ საფეხბურთო საზოგადოებაში, რომ ბევრს მთავარი დაავიწყდა: შედეგს მკაფიო ინდივიდუალისტები წყვეტენ, რომლებიც გადამწყვეტ ეპიზოდში ამ გაწერილი სქემებით სულაც არ თამაშობენ.

ერთხელ რომარიოს ჰკითხრეს, ფინტებს როგორ აკეთებო და გაეცინა, წინასწარ თავად არ ვიცი, რას გავაკეთებ; ეს ყველაფერი წამიერად, ინსტინქტურად გამომდისო.

ცხადია, ბელორუსს მოვუგეთ და არა ესპანეთს, მაგრამ სერგეი ვერემკოს კარში ოქრიაშვილის გატანილ ბურთს ნებისმიერი ვარსკვლავი ხელს მოაწერდა. ასეთი ლამაზი გოლი ქართველის შესრულებით დიდი ხანია, არ გვინახავს.

უკრაინულმა "სპორტს-ექსპრესმა" კი მატჩისადმი მიძღვნილი წერილი ასე დაასათაურა: "შედევრი ოქრიაშვილისგან".

თორნიკე ოქრიაშვილი "ლელოს" განვლილ შეხვედრასა და სხვა საინტერესო ამბებზე ელაპარაკა.

- შეხვედრის დასაწყისში ჩვენი მოგება საკმაოდ სათუო ჩანდა, ბელორუსები კი კარგად გამოიყურებოდნენ...
- პირველი ტაიმი ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც ქეცბაია გვთხოვდა, მაგრამ შესვენებაზე მწვრთნელი გველაპარაკა და დაგვაჯერა, რომ დაუმარცხებელი მეტოქე არ იყო.

თავად ბიჭებმაც ვილაპარაკეთ, რომ ციკლის პირველი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო და თავადაც ნახეთ, რასაც ჰქვია, ბოლომდე ვიომეთ.

საერთოდ, სადებიუტო შეხვედრის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია და საბედნიეროდ, მოვიგეთ.

მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებმა ეს ბიჭების სულისკვეთებით მოახერხა.

- ასეთი გოლი როდისმე გაგიტანია?
- არასოდეს... თუმცა, არა, საქართველოს ჩემპიონატში გავიტანე, მაგრამ არ მახსენდება, ვის კარში. ბელორუსთან კი ნაკრებში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩავატარე და თამაშში ყველაფერი ჩავდე.

ნაკრებში ასეთი ოფიციალური დებიუტი მართლაც საოცნებო იყო.

- ასეთ მოძრაობებს წინასწარ ვერ ჩაიფიქრებ, ყველაფერი უცებ, იმპროვიზებულად ხდება...
- სხვათა შორის, ასე ნამდვილად არ არის. ვიცოდი, რომ ბელორუსებს ათლეტი, მაგრამ არატექნიკური მცველები ჰყავდათ და ჩემს გონებაში მათთან სათამაშოდ ვარიანტებს ვამუშავებდი. დაახლოებით ვხვდებოდი, რაზე შეიძლებოდა წამოგებულიყვნენ.

- მატჩის ბოლოს მოედანი ტრავმის გამო დატოვე - ესპანეთამდე მომჯობინდები?
- საზარდული დამეჭიმა, მაგრამ იმედია, სერიოზული არაფერია და 11 სექტემბრისთვის მზად ვიქნები.

თორნიკე ოქრიაშვილი: საოცნებო დებიუტი იყო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის სრული გუნდით ემზადება
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
თორნიკე, მეტად ფიზიკურად გაძლიერებაზე იზრუნე და ვარსკვლავი გახდები!!!... ევროპის წამყვანი კლუბების ფეხბურთელი და მთელ ქართველობას ძლიერ გაახარებ!!!

უდიდეს პატივისცემას იმსახურებს შენი ჟირკიანი ბუნება!!!

glaxuna
11:11 11-09-2012
0
>ბელორუსებს ათლეტი, მაგრამ >არატექნიკური მცველები

ასეთ რამეებს არ ამბობენ - ისჭავლე მოწინააგმდეგის პატივისცემა .... შენვე გამოგადგება- ყველაფერში "ქარტველი" კი არ უნდა იყო..
0

სიახლეები პოპულარული