ირაკლი სირბილაძე: არ ვიცი, თემურ ქეცბაიას მადლობა როგორ გადავუხადო

AutoSharing Option
ირაკლი სირბილაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად თემურ ქეცბაიამ 15 აგვისტოს ლუქსემბურგისა და საქართველოს ამხანაგურ შეხვედრაში გამოიძახა და მისი სანაკრებო დებიუტი ვიხილეთ.

29 წლის ტანმაღალი ფორვარდი (193 სმ) ფინეთის ჩემპიონატში ტურკუს "ინტერში" გამოდის და შედეგიანობით გამოირჩევა - შარშან 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა, წლეულს კი 24 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო და "ვეიკაუსლიგის" ბომბარდირებში ლიდერობს.

"ჯვაროსანთა" დამრიგებელი სირბილაძეს 11 სექტემბერს ესპანეთთან შეხვედრაშიც ენდო და ცოტა მეტი ყისმათი რომ ჰქონოდა, ბოლო წუთზე ანგარიშსაც გაათანაბრებდა.

სირბილაძეს სანაკრებო შეხვედრების შემდეგ ველაპარაკეთ. თავდამსხმელი გვეთანხმება, რომ
29 წლის ასაკში ფეხბურთელს ნაკრებში იშვიათად იძახებენ:

"ნაკრების მწვრთნელთა დაინტერესება ძალიან გამიხარდა. ეს ყველა ფეხბურთელს სურს და გამონაკლისი არც მე ვარ.

მაგრამ სიმართლე გითხრათ, 29 წლის ასაკში მიწვევა ძალიან მოულოდნელი და ამავე დროს, სასიხარულო იყო.

ქეცბაიამ თავის გამოჩენის შანსი მომცა და არც ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო.

ადაპტაციის პრობლემაც არ მქონია, რადგან ნაკრებში მეგობრული ვითარებაა და ყველა ერთმანეთის ეხმარება".

ირაკლიმ ესპანეთთან განვლილი შეხვედრაც გაიხსენა:

"მიმაჩნია, რომ ჩვენი ტაქტიკა რეალობიდან გამომდინარე სწორად შეირჩა. როდესაც რეალობას მოწყდები, მაშინ საქმე ცუდად წაგივა. ესპანეთი კი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია და მასთან ღია ფეხბურთის თამაშის უფლება არ გვქონდა.

ქულა მშვენიერი შედეგი იქნებოდა და მიზანთან ახლოსაც ვიყავით, სამწუხაროდ, მაინც გაგვიტანეს.

ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ბიჭებმა მაგრად იბრძოლეს და მათ მადლობის მეტი არაფერი ეთქმით.

ბოლო წუთზე ანგარიშის გათანაბრება შემეძლო, მომენტით ვერ ვისარგებლე, მაგრამ ნაღდად არ მინერვიულია. ასეთ დროს მზად უნდა იყო და შენს შანსს ელოდო. უბრალოდ, სერხიო რამოსი ბურთს ისეთ დროს გადაეფარა...

გული უზომოდ დამწყდა, საქართველოს ნაკრების მაისურით გოლის გატანა, თანაც ესპანეთის კარში, კარგი საჩუქარი იქნებოდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი სტიმულია".

სირბილაძე საკლუბო ამბებზეც გველაპარაკა:

"ახლა კარიერაში საუკეთესო პერიოდი მაქვს. წლეულს "ინტერში" ყველა მატჩი შეუცვლელად ჩავატარე და ჩემპიონატის ბომბარდირი ვარ.

ფინეთში ბევრი რამ ვისწავლე და ვგრძნობ, ასეთ ფორმაში არასოდეს ვყოფილვარ. მანამდე კი ძალიან რთული გზა გავიარე, უამრავი დაბრკოლების გადალახვა მომიხდა, იყო იმედგაცრუების წლებიც.

ასაკობრივ ნაკრებებშიც არ მითამაშია, მაგრამ შრომა არასოდეს დამზარებია. ალბათ, ამის დამსახურებაა, ნაკრებში გვიან მაინც რომ მოვხვდი.

რომ იცოდეთ, ფინეთში თავიდან არა პირველი ლიგის, არამედ მე-4 ლიგის გუნდში ჩამიყვანეს. იქედან კარიერა ხელახლა დავიწყე და იმიტომ წავედი, ფეხბურთისთვის თავი არ დამენებებინა და იმედი შემენარჩუნებინა...

მერე გადამიყვანეს პირველი ლიგის "იაროში", სადაც ლიგის ბომბარდირი გავხდი. "ინტერი" ამის შემდეგ დაინტერესდა.

იმედია, წლეულს აღებულ ტემპს შევინარჩუნებ და საუკეთესო ბომბარდირიც გავხდები.

ნაკრებში ჩემი გამოძახების ამბავი რომ შეიტყვეს, "ინტერში" თანაგუნდელებმა მომილოცეს. ფინეთი ჯგუფში ჩვენი მეტოქეა და ცხადია, ჩვენი ნაკრებითაც დაინტერესდნენ, რა გუნდი გვყავს, რას წარმოვადგენთ და ა.შ.".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ირაკლი ნდობა გაგემართლებინოს ბ-ნ თემურისთვისაც და ქართველი ქომაგისთვისაც, მადლობის გახდაც ეს ინება. თავდაუზოგავი შრომა ყველას უფასდება, შენც დაგფასებოდეს ირაკლი. სულ გამარჯვებით გევლოს!
gizo
22:17 16-09-2012
0

სიახლეები პოპულარული