ეროვნული ნაკრები - ალთა-ბალთა, ანუ დეველოპერული კომპანია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 2012 წელი მოილია, შესარჩევის დანარჩენ მატჩებს გაისად ითამაშებს. ერთი მოგება, ფრე და ორი წაგება, ხუთგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილი -ასეთია წლევანდელი მონაგარი.

ფინეთთან და ბელორუსთან საქართველომ სხვანაირად ითამაშა, ვიდრე ესპანეთთან და საშინაო მატჩში ბელორუსთან.

თემურ ქეცბაიამ გუნდის თამაშის გადაწყობა სცადა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ბურთის მოცილებას აღარ ცდილობდნენ, უფრო მეტად ეშურებოდნენ კომბინაციურ თამაშს, ვიდრე მიმდინარე შესარჩევის პირველ ორ შეხვედრაში. რა თქმა უნდა, ეს პოზიტივში უნდა ჩავუთვალოთ ქეცბაიას, მაგრამ...

მწვრთნელს, ალბათ, ისიც უნდა გაეთვალა, რომ კომბინაციურ თამაშს თავისი ნიადაგი სჭირდება.
როცა ხშირად გიწევს "მეორე ნომრად" თამაში, მერე სხვა ყაიდაზე გადაწყობა ძნელია.

ბუბა დაუშვილი და ჯაბა კანკავა მებრძოლი შუახაზელები არიან, ზონების გადაკეტვაზე ბევრს შრომობენ, ოღონდაც ევროსარბიელზე რომ გადიხარ, მხოლოდ ეს არ კმარა. დაცვიდან ბურთის ამოტანა, შეტევის ორგანიზება - ეს უკვე სულ სხვა საქმეა.

კანკავა არ არის მხოლოდ დაცვითი ფაზის ფეხბურთელი. აბა, გავიხსენოთ, წინა შესარჩევში ხორვატიას რომ მოვუგეთ, რა კარგი გადაცემა შეასრულა ოთარ მარცვალაძის მისამართით. სწორედ ამ კომბინაციას მოჰყვა ლევან კობიაშვილის გამარჯვების გოლი. კანკავა ბოლო შეხვედრებში თითქოს ერიდებოდა ბურთთან დიდი ხნით ყოფნას; არადა, ეს ალბათ აუცილებელი იყო.

თორნიკე ოქრიაშვილი ის ფეხბურთელია, ჩვენი იერიშების ღერძად რომ გამოიკვეთა. ის უკვე გაუშინაურდა ნაკრებს, ოღონდაც ეიფორიის საფუძველი ჯერ არ არსებობს. გვყავს მასზე უკეთესი? ოქრიაშვილმა მწვრთნელის ნდობის გარდა, კონკურენციაც უნდა იგრძნოს. შესაძლოა, ამის გამო შეცვალეს ის ფინეთთანაც და ბელორუსთანაც, მაგრამ მისმა შეცვლამ არ გაამართლა...

დავით თარგამაძეც კარგად მოერგო ეროვნულ ნაკრებს. მას ფლანგიდანაც შეუძლია თამაშის გამწვავება და ცენტრიდანაც. ეს დიდი პლუსია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თარგამაძის დაწყებულ იერიშს სათანადო გაგრძელება ვერ აქვს, მის გამწვავებულ თამაშს შედეგიანი დაბოლოება არ გააჩნია.

ქეცბაიამ 90-90 წუთი არც ოქრიაშვილი ათამაშა ფინეთ-ბელორუსთან და არც თარგამაძე. მათი შეცვლა ჯანო ანანიძესა და ლევან ყენიას მოუწიათ. შეცვლებმა არ გაამართლეს, რაც მწვრთნელის აქტივშიც ვერ ჩაიწერება.

ცენტრფორვარდის პრობლემა რომ გვაქვს, ეს ნამდვილად აღარ არის ნაკრების მწვრთნელის ბრალი. ლევან მჭედლიძე, ზოგადად, კარგი თავდამსხმელია, თუმცა ბევრმა ტრავმამ მასზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედა.

ბურთის მიღება, შენარჩუნება, გუნდის ამოყვანა, კაცის მოტყუება, გახსნა...ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა, გარდა იმისა, რომ პირველ რიგში, გოლის გატანა გევალება.

დავით დევდარიანის ცენტრფორვარდობაზე კი რა გითხრათ. ტექნიკური, აზრიანი ფეხბურთელია, მაგრამ ის ეგოისტური და აგრესიული ინსტინქტები, რაც თავდამსხმელობას სჭირდება, მისგან ჯერ არ ჩანს. იყო ეპიზოდები, რომ არცთუ ურიგო ჩაწოდებები გაკეთდა ფინეთის თუ ბელორუსის საჯარიმო მოედანში, მაგრამ ნაღდი ფორვარდის თამაში ვერ დავინახეთ. ერთი სიტყვით, მჭედლიძის დევდარიანით შეცვლის ექსპერიმენტმაც არ გაამართლა.

საქართველოს ჩემპიონატში არაერთი კარგი თავდამსხმელი თამაშობს. გიორგი მერებაშვილი, ჯაბა დვალი, ნიკა საბანაძე, გიორგი ბერიაშვილი, რატი წინამძღვრიშვილი...ზოგ მათგანს ერთხელაც არ ჰქონია სანაკრებო შანსი ამხანაგურ შეხვედრაში.

ამის საპასუხოდ იმის თქმაც შეიძლება, რომ აგერ, ნიკა გელაშვილი წავიდა საქართველოდან, მაგრამ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ჯერაც ვერ მოიკიდა ფეხი, რომ საქართველოს ჩემპიონატი ცუდი საზომია. ეს საკმაოდ არგუმენტირებული თვალსაზრისია, ოღონდაც დოგმები აუცილებელი არ არის, იქნებ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე სხვა თავდამსხმელი უფრო პერსპექტიული გამოდგეს სანაკრებოდ, ამხანაგური მატჩის ერთ-ერთი დანიშნულებაც ხომ ასეთების გამოცდაა.

დასანანია, რომ ზურაბ ხიზანიშვილმა ფინეთთანაც დაუშვა შეცდომა და ბელორუსთანაც. ამხელა გამოცდილება აქვს და გამოუცდელივით შეცდა ორივეგან, თითქოს დაინავსაო.

ყველაფრის თავი და თავი კი მაინც გეგმაზომიერი პოლიტიკაა, რაც არასდროს ჰქონია საქართველოს ნაკრებს.

ეს ციკლი მოსამზადებელია. მომდევნო შესარჩევიც მოსამზადებელია, კიდევ მომდევნო კი ვინ იცის, რა იქნება - ასე საქმე არ კეთდება!

ასაკობრივ ნაკრებებს საერთო ხელმძღვანელი არ ჰყავს. სათამაშო მოდელით არც ერთი ჩვენი ასაკობრივი ნაკრები ერთმანეთს არ ჰგავს, ეროვნული გუნდი ალთასაა, ასაკობრივები კი - ბალთას.

მეტწილად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, იცოცხლეთ, ძალიან კარგია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია დეველოპერულ კომპანიას არ უნდა დაემსგავსოს. ფედერაციამ ის სტრატეგია უნდა შექმნას და აამუშავოს, რითაც ნაკრებ გუნდებს გეგმაზომიერი პოლიტიკა ექნებათ.

ლამის ყველა ასაკში რომ გვყავს საქართველოს ნაკრები, დიდი საქმეა, მაგრამ ეს რომ საკმარისი არ არის, ესეც ფაქტია.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კრიტიკა კი ადვილია. ქეცბაიას უნდა სცოდნოდა, თუ სად მოდიოდა. ამბიცია მწვრთნელის ამხანაგია, მაგრამ ამბიციას საფუძველიც სჭირდება.

ქართველებმა ფეხბურთი სხვანაირად უნდა ვითამაშოთ, ისე, როგორც ეს გენში გვაქვს. ცხადია, ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა არ ჩანს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბელორუსებმა ამოისუნთქეს: ქართველებს მაინც მოვუგეთ!
უცნაური ამბავი: თორნიკე ოქრიაშვილის შეცვლა გაუგებრობის ნიადაგზე
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
არ ვიცი ძმაო. შედეგი რომ მნიშვნელოვანია ამას რად უნდა არნიშვნა, მაგრამ იმას რასაც ჩვენები მოედანზე აკეთებენ ფეხბურთს ნაკლებად ეძახიან საფეხბურთო ქვეყნები. კარგია როცა ფიფა სტატიას ამზადებს და საქართველოს ნაკრებს ანგარიშგასაწევ ძალად მოიხსენიებს, მაგრამ ამ ბოლო დროს მაინც იქითკენ ვიხრები რომ მეტ-ნაკლებად თანაბარ გუნდებთან მაინც ვითამაშოთ ფეხბურთი. გუნდასაწყვეტია როცა 1 ნორმალურ კომბინაციას ვერ ნახავ მთელი 90 წუთის განმავლობაში.
odala
11:29 18-10-2012
0
თითქოს ტექნიკური მოთამაშეები არ გვაკლია, მაგრამ ლამაზ ფეხბურთს ვინ ჩივის კომბინაციას რომ ვერ იხილავ, რაღა გულით უნდა უყურო თამაშს?! არა და ცხოვრებაში არ მიფიქრია ნაკრების თამაშს აღარ შევხედავ-მეთქი და ახლა იმ ჭკუაზე ვარ რომ ცოტა ხნით ტაიმ-აუტი ავიღო. ვიტანჯები რა ამათი ყურებით. თან ბიჭებიც მეცოდებიან ადამიანურად. ხიზანიშვილზე მაგარი გაბრაზებული ვარ ეს რამდენიმე დღეა, მაგრამ წარმომიდგენია რა დღეშია თვითონაც. მე მაგის ადგილას ვიტყოდი რომ ეს ბოლო მატჩი იყო ნაკრებში და მივდივარ-მეთქი.
odala
11:34 18-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული