ვლადიმერ გუცაევი: ამ დონეს სხვა კლასი სჭირდება

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების თამაშის შემდეგ აზრის გამოთქმას სპეციალისტს ვთხოვთ ხოლმე და არც ახლა დავარღვიეთ ტრადიცია.

ამჯერად ჩვენი რესპონდენტი ვლადიმერ გუცაევი გახლავთ, ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილი მწვრთნელი, ვინც ახლა მენეჯერად მუშაობს ვლადიკავკაზის "ალანიაში".

- საფრანგეთთან შეხვედრაში რა იყო საქართველოს ნაკრების პოზიტივი და ნეგატივი?
- პოზიტივი იყო ის, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა მართლაც მონდომებით ითამაშეს და ეს დასაფასებელია.

რაც შეეხება ნეგატივს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენს ნაკრებში ბევრ ფეხბურთელს არ ჰყოფნის კლასი - ასეთ დონეს, ასეთ მოწინააღმდეგესთან თამაშს სხვა რანგის
ფეხბურთელები სჭირდება.

- გიორგი ლორიას თამაშს როგორ შეაფასებდით?
- პირველი გოლის დროს მას შეეძლო კარის გადარჩენა. რაც შეეხება მეორე გოლს, მატიო ვალბუენას დარტყმა არ იყო ძლიერი და შესაბამისად, შეუძლებელი არ იყო მისი მოგერიება. მესამე გოლი კი ჩვენმა მეკარემ ახლო კუთხეში გაუშვა.

ლორიამ ბოლო პერიოდში არაერთი კარგი მატჩი ჩაატარა ნაკრებში და მას უფრო ძლიერად შეუძლია თამაში, ვიდრე ეს საფრანგეთთან იყო.

- ჩვენი გუნდის დაცვაზეც საინტერესო იქნება თქვენი აზრი...
- პირველი გოლის დროს ალექსანდრე ამისულაშვილმა დაკარგა პოზიცია, ოლივიე ჟირუ რამდენიმე ნაბიჯით აღმოჩნდა მასზე წინ და ასეთ დროს უკვე ძალიან ძნელია შეცდომის გამოსწორება.

ვფიქრობ, გურამ კაშიას დაცვაში რომ ეთამაშა, ეს ჩვენს ნაკრებსაც უფრო წაადგებოდა და თვითონ ფეხბურთელსაც. მიმაჩნია, რომ კაშია საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაკარგულია.

- მესამე გოლის დროს ფრანკ რიბერი ზურა ხიზანიშვილთან პირისპირ დარჩა - როგორ ფიქრობთ, ეს ჩვენი დაცვის ტაქტიკური შეცდომა უფრო იყო თუ კონცენტრაციის დაკარგვა?
- ასეთ მეტოქეს რომ ეთამაშები, დაზღვევის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე შედეგის მიღწევა. საფრანგეთის ნაკრებში, რიბერის გარდა, კიდევ ბევრს შეუძლია ერთი-ერთზე ნებისმიერი მცველის მოტყუება. ჩემი აზრით, ეს ეპიზოდი ჩვენი დაცვის ტაქტიკური შეცდომის ბრალია.

- საფრანგეთთან საქართველოს ნაკრების წინა ხაზიდან ვის გამოარჩევდით?
- მომეწონა სანდრო კობახიძე, ბევრს მოძრაობდა, აგრესიული იყო. მათე ვაწაძესა და დავით თარგამაძეს კი უკეთესადაც შეუძლიათ თამაში.

- ინტერვიუს დასაწყისში ჩვენი ფეხბურთელების ასათანადო კლასი ახსენეთ და არა მგონია, ამ მხრივ ფინეთის ნაკრები ჩვენზე წინ იდგეს, თუმცა ფაქტია, ფინელებმა ესპანეთთან სტუმრად 1:1 ითამაშეს.
- ესპანეთის ჩემპიონატი რომ ავიღოთ, მესის და რონალდოს დარი თავდამსხმელი იქ სხვა არ არის. ესპანეთის ნაკრებში ფორვარდები საკუთარ თავზე ინიციატივას ნაკლებად იღებენ. ესპანეთს სხვა რგოლებში უფრო კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ვიდრე თავდასხმაში და ვფიქრობ, ფინეთთან ფრეც მნიშვნელოვნად განაპირობა ამ ფაქტორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვეთანხმები ვოვას თავიდან ბოლომდე. ჩვენ არ გვყავს მაღალი კლასის მოთამაშეები. ეს მასიმუმია რაც ამ ფორმაციის ნაკრებს აქვს.
0
გუცაევისთანა ვირტუოზებს რომ სხვაგან გაუშვებ,ის ქვეყანაა კი არა ყანაა!
ჩააბარე ასეთ ხალხს საფეხბურთო სკოლები, მოჭიდავეებს საჭიდაო სკოლები და ა.შ. და ითვალე 3-4 წელიწადში ჩემპიონები და ფულები!
ჰარი
14:09 25-03-2013
0

სიახლეები პოპულარული