თემურ ქეცბაიამ Wayside Celtic-ზე ფეხბურთელები სრული დატვირთვით ავარჯიშა. ირლანდიაში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და 2 ივნისის ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.
დუბლინში საქართველოს ნაკრების პირველ ვარჯიშს ირლანდიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ოცამდე ქართველი გულშემატკივარი დაესწრო. მოახლოებულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდს ირლანდიის მთავარ სპორტულ არენაზე რამდენიმე ასეული ქართველი ქომაგი გაამხნევებს.
ვარჯიშის შემდეგ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარები გააკეთეს ნაკრების ფეხბურთელებმა.
ზურაბ ხიზანიშვილი:
"ჩვეულებრივი მოლოდინი გვაქვს.
ვუყურეთ ინგლისისა და ირლანდიის ამხანაგურ თამაშს. ლონგი, რომელმაც ინგლისელებს გოლი გაუტანა, ჩემი ყოფილი თანაგუნდელია. რობი კინთან ერთად, ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.
ძალიან რთული თამაში იქნება, თუმცა, ძალიან საინტერესო. ასეთ გუნდებთან მატჩი, განსაკუთრებით, იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამოადგებათ, რომლებიც ჩვენს ნაკრებში თამაშობენ".
ირაკლი მაისურაძე:
"ყველამ კარგად იცის, თუ როგორი ძლიერი ნაკრებია ირლანდია. ინგლისი-ირლანდიის მატჩი ვნახეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საკმაოდ მაღალი დონის, ბრძოლისუნარიანი გუნდია.
რთული თამაში გველის, მაგრამ იმედი მაქვს, კარგი სანახაობა იქნება. თან, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე უნდა ვითამაშოთ..."
31 მაისს, საქართველოს ნაკრები დუბლინის დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით - 21:00) კვლავ Wayside Celtic-ზე ივარჯიშებს. მატჩამდე 24 საათით ადრე კი, 1 ივნისს, თემურ ქეცბაიას გუნდი "ავივას" სტადიონზე მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს ჩაატარებს.
ირლანდიასა და საქართველოს შორის მატჩი კი 2 ივნისს, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
იხილეთ ვიდეო
სფფ-ის პრესსამსახური
დუბლინი, ირლანდია
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: უცნაურად ვიმგზავრეთ, მაგრამ რაც მთავარია, მშვიდობით ჩავედით
საქართველოს ნაკრების თვითმფრინავმა აეროპორტში არაგეგმური დაშვება განახორციელა
თემურ ქეცბაია: ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!
მერაბ გიგაური: ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში ერთი ვარჯიშიც კი ოცნება იყო
დავით კვირკველია: ირლანდიასთან თამაში ჩვენთვის კი არა, ყველასთვის რთულია
გურამ კაშია: ირლანდია და დანია ძლიერი და საინტერესო მეტოქეები არიან
ელგუჯა გრიგალაშვილი: ძმებს ნაკრებში ერთად თამაში არ გვეღირსა